ჯორჯ მაიკლის "ბოლო შობა" - რა გახდა ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალების მიზეზი - კვირის პალიტრა

ჯორჯ მაიკლის "ბოლო შობა" - რა გახდა ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალების მიზეზი

53 წლის ასაკში მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. პოპ მომღერალი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

მომღერლის მენეჯერის, მაიკლ ლიპმანის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის უკმარისობა ყოფილიყო.

პოლიციამ ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი საეჭვო გარემოება არ ფიქსირდება.

განცხადება გაავრცელა პოპ ვარსკვლავის წარმომადგენელმაც, სადაც მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, გაითვალისწინონ ჯორჯ მაიკლის ოჯახის წევრების მდგომარეობა მძიმე წუთებში.

ჯორჯ მაიკლის არდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა.

როგორც ცნობილია, 2011 წელს მომღერალმა მძმე ფორმის პნევმონია გადაიტანა. საზოგადოებას ატყობინებდნენ, რომ მაშინ ჯორჯ მაიკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო ხელოვნურმა აპარატმა, როლითაც ექიმები ჯორჯის ფილტვებს ამუშავებდნენ, მას ხმა დააკარგვინა. თუმცა ამავე წელს, მომღერალმა განაცხადა, რომ სრულიად დაამარცხა ავადმყოფობა.

ჯორჯ მაიკლ 1963 წელს ლონდონში დაიბადა. მისი მუსიკალური კარიერა კი 1980 წლიდან დუეტ Wham-ით იწყება. დუეტის დაშლის შემდეგ, სოლო კარიერა დაიწყო და 6 სოლო ალბომი გამოსცა.

ჯორჯს მაიკლის ცნობილი საშობაო ჰიტი Last Christmas კი, დღესაც ბევრისათვის საყვარელი სიმღერაა, რომელიც შობასთან და ახალ წელთან ასოცირდება.

სოლო კარიერისას ჯორჯ მაიკლი უამრავი პრიზის მფლობელი გახდა, მათ შორის სამჯერ „გრემის“ და ხუთჯერ MTV-ის პრემიის. მისი ბოლო ალბომი Symphonica 2014 წელს გამოვიდა.

ცხოვრების ბოლო პერიოდში ის უამრავჯერ გამხდარა სკანდალების მთავარი გმირი, რაც ძირითადად მისი ნარკოდამოკიდებულებით აიხსნებოდა. ხოლო ავტომობილის დამტვრევის გამო, მცირე დროით ციხესაც კი სტუმრობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე