"ტრამპი თავის ოთხწლიან ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს, ერთ ან მაქსიმუმ - ორ წელიწადში მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგება" - კვირის პალიტრა

"ტრამპი თავის ოთხწლიან ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს, ერთ ან მაქსიმუმ - ორ წელიწადში მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგება"

20 იანვარს, ვაშინგტონში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

დილით ადრე დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი თავიანთ ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. ამის შემდეგ ბარაკ და მიშელ ობამები ტრამპსა და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღებენ.

თბილისის დროით 18:30 საათზე ინაუგურაციის ცერემონია გაიხსნება მუსიკალური პერფორმანსით.

თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით. ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებენ: აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის განუყოფელ ნაწილად იქცა და ტრამპის პირად ბიბლიას, რომელიც მას დედამისმა 1955 წელს აჩუქა.

ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.

აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო, რომელიც ცნობილი გახდა ტელეშოუში America’s Got Talent მონაწილეობის შემდეგ.

თუმცა აღსანიშანავია, რომ ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის რესპუბლიკური პარტიიდან, უარი განაცხადა ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. ასევე ღონისძიების ორგანიზატორებმა უარი მიიღეს შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენლისგან.

სააგენტო Reuters -ის ინფორმაციით, ინაუგურაციის პარალელურად დღეს ვაშინგტონში მრავალათასიანი დემონსტრაციებია მოსალოდნელი, რომელთა მონაწილეები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლიან.

ისინი გეგმავენ ვაშინგტონში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბლოკირებას, 4-კილომეტრიანი აქციის ჩატარებას ვაშინგტონის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე, ქუჩების ბლოკირებას და საპროტესტო აქციების ჩატარებას.

"ჩვენ გვსურს ინაუგურაცია ჩავშალოთ. გვინდა დავინახოთ თუ როგორ დუღს ამბოხება ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში", - განაცხადა სააგენტოსთან ერთ-ერთმა აქტივისტმა დევიდ ტერსტონმა.

თუ ყოველივე ამასთან ერთად, ბოლო დროს ტრამპის წუნააღმდეგ აგორებულ სკანდალებსაც თუ გავიხსენებთ, ისეთი პირი უჩანს, ამერიკაში კარგა ხანს ვერ შეეგუებიან ტრამპის პრეზიდენტობას. ექსპერტთა თქმით, ასეთი რამ, რაც დღეს ხდება, აშშ-ის ისტორიას არ ახსოვს...

სანდრო თვალჭრელიძე:

- რაღა დაგიმალოთ და, ამერიკის ისტორიას არც ასეთი პრეზიდენტი ახსოვს...

ტრამპის პრეზიდენტობისგან კარგს არაფერს ველი.

ის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი პოლიტიკური ფიგურაა და თვითონ არ იცის, რისი გაკეთება უნდა. ვფიქრობ, ტრამპი თავის ოთხწლიან ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს და ერთ ან მაქსიმუმ - ორ წელიწადში მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგება. საბედნიეროდ, აშშ-ში ინსტიტუტები ძალიან მძლავრია და ჩემი აზრით, ამ ინსტიტუტების მეშვეობით მოხერხდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დაბალანსება. უფრო საინტერესოა, რას მოიმოქმედებს საშინაო პოლიტიკაში. რა მოხდება, თუ მართლაც დაიწყო იმ დაპირებული კედლის მშენებლობა, ან თუ მართლაც შეწყვიტა ნატოს დაფინანსება? (იხილეთ სრულად)