ტრამპი არ ხუმრობს - კედლების აგების დრო აშშ-ში - კვირის პალიტრა

ტრამპი არ ხუმრობს - კედლების აგების დრო აშშ-ში

მოგეხსენებათ, აშშ-ში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მის წინააღმდეგ აქციები ყოველდღიურად იმართება, თუმცა ტრამპი წინასაარჩევნო დანაპირებების ასრულებას პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან შეუდგა, თუმცა რამდენად განხორციელებადია ეს იდეები, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს.

თუ უმრავლესობას წინასაარჩევნოდ ტრამპის განცხადება აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით პოპულიზმი ეგონა, დღეს აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ ხუმრობს. კვირის დასაწყისში, პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანება გასცა, რომ მექსიკა აშშ-ს საზღვარზე 3,200 კმ სიგრძის კედელი აეშენებინათ. როგორც ირკვევა ტრამპმა მექსიკის ხელმძღვანელობას შემდეგი იდეა შესთავაზა, მექსიკიდან აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელს 20%-იანი გადასახადი დაეკისროს, ეს ფული კი ტრამპის წამოწყებას - მექსიკა - ამერიკას შორის სასაზღვრო კედლის აგებას მოხმარდეს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის ვიდეგარაიმ განაცხადა, რომ მსგავსი გადასახადის დაკისრება უფრო გააძვირებს მექსიკიდან ექსპორტირებულ საქონელს ამერიკელი მომხმარებლისთვის.

მექსიკის პერზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მექსიკა მისი მშენებლობისთვის გადახდას არ აპირებს. მისი თქმით, "ღრმად წუხს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო" და დასძინა, რომ მექსიკას კედლების არ სჯერა.

დონალდ ტრამპისა და ენრიკე პენია ნიეტოს შეხვედრა მეხიკოში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე

"თუკი მექსიკას არ სურს გადაიხადოს უკიდურესად აუცილებელი სახსრები კედლისთვის, უკეთესი იქნება გადადოს პრეზიდენტმა მოსალოდნელი ვიზიტი", - დაწერა საპასუხოდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

მექსიკის პირველი პირის ამერიკაში ვიზიტი 31 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ირკვევა, მექსიკის პრეზიდენტმა მართლაც გადადო აშშ-ში ჩასვლა. „ჩვენ თეთრ სახლს ვაცნობეთ, რომ არ შევხვდები ამერიკის პრეზიდენტს, რაც დაგეგმილი იყო მომავალი სამშაბათისთვის“, - დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მექსიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბატონი ტრამპის კედლისთვის თანხის გადახდა განხილვასაც კი არ ექვემდებარება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა კი განაცხადა, რომ 20%-იანი გადასახადის მექსიკისთვის დაკისრება აშშ-ს წლის განმავლობაში 10 მილიარდ დოლარს მოუტანს.

მოგვიანებით კი თეთრი სახლის აპარატის უფროსმა რეინს ტრიბუსმა განაცხადა, რომ იმპორტის დაბეგვრა, რამდენიმე ალტერნატივას შორის ერთ-ერთს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, მექსიკას ამერიკაში წლის განმავლობაში 300 მილიარდი დოლარის საქონელი შეაქვს, ახალი ბეგარა კი ექსპორტზე სხვადასხვა პრობლემას შექმნის. გარდა ეკონომიკური საკითხებისა, მექსიკის მოსახლეობა კედლის აგების წინააღმდეგია, მათ მიჩნიათ რომ მსგავსი საზღვრის დაწესება ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის ურთიერთდამოკიდებულებასაც შეცვლის. (წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ