აშშ-ის "ფანტასტიკური" ურთიერთობა რუსეთთან და უარი სირიელ დევნილებს - ტრამპი დაპირებების შესრულებას განაგრძობს - კვირის პალიტრა

აშშ-ის "ფანტასტიკური" ურთიერთობა რუსეთთან და უარი სირიელ დევნილებს - ტრამპი დაპირებების შესრულებას განაგრძობს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას განაგრძობს.

ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.

„ეს ქვეყნის დაცვაა უცხოელი ტერორისტების ჩამოსვლისგან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა განკარგულების ხელმოწერის შემდეგ.

„დევნილების მიღების პროგრამა შეჩერებულია 120 დღით“, - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში. გარდა ამისა, დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება ტრამპმა დაუშვა მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) 50 000 დევნილს შეადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, აშშ-მა უკვე მიიღო 30 000 დევნილი. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.

გარდა ამისა, ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით აკრძალა აშშ-ში სირიელი დევნილების მიღება.

„ვაცხადებ, რომ სირიის მოქალაქეების, როგორც დევნილების შემოსვლა აშშ-ში ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და ნებისმიერი ასეთი შემოსვლა გაჩერდება მანამ, ვიდრე არ გადავწყვეტ, რომ არსებითი ცვლილებები მოხდა, რაც სირიელი დევნილების მიღების საშუალებას იძლევა ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

ტრამპმა ასევე განკარგულება გასცა, შემოღებულ იქნას აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდეს აშშ-ში შემოსულების კონტროლის ბიომეტრული სისტემა.

პრეზიდენტის განცხადებით, დევნილის სტატუსის მიღების შესახებ განაცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მიანიჭებს.

"მათ სასტიკად ეპყრობიან. თუ თქვენ ხართ ქრისტიანი სირიიდან შეუძლებელია, როგორც მინიმუმ ძალიან რთულია, აშშ-ში მოხვედრა. თუ თქვენ მუსლიმი ხართ, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ თუ ქრისტიანი ხართ, ეს თითქმის შეუძლებელი იყო“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქრისტიანები სირიაში განსაკუთრებით იტანჯებიან ტერორისტების მხრიდან.

„ისინი (ტერორისტები) ყველას თავებს კვეთდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით ქრისტიანებს. ვფიქრობ, არასამართლიანი იქნებოდა. ასე, რომ მათ, ქრისტიანებს დავეხმარებით“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, არის თუ არა ის მზად რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას. მან კი ასე უპასუხა: "რამდენადაც ვიცი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილია. ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება სანქციებს, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები გვექნება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „ფანტასტიკურ ურთიერთობებს“ იმედოვნებს.

„ეს შესაძლებელია. შესაძლოა, ეს არც მოხდეს. ვნახოთ, რა მოხდება. ვაპირებ მტკიცედ წარმოვადგინო ამერიკელი ხალხის ინტერესები. თუ ჩვენ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება, თუ ჩვენ ერთად დავუპირისპირდებით „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც უნდა შევაჩეროთ, ეს კარგია და არა ცუდი“.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ში მედიასაშუალებები „ოპოზიციური პარტიაა“. Christian Broadcasting Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ის სტრატეგიულ საკითხებში მისი მთავარი მრჩეველის სტივ ბენონის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მედია საშუალებებზე.

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ მედიასაშუალებები ბევრ ასპექტში ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს“, - განაცხადა ტრამპმა.

სტრატეგიულ საკითხებში ტრამპის მთავარმა მრჩეველმა სტივ ბენონმა New York Times-სთან ინტერვიუში აშშ-ის მედია ოპოზიციურ პარტიად მოიხსენია და მედიას ურჩია „პირი მოკეტონ“.

მისი თქმით, მედია „100%-ით შეცდა, როდესაც სურდათ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და იმედი ჰქონდათ, რომ ეს მოხდებოდა“.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით