პრეზიდენტობის 10 დღე - რომის პაპიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ
პრეზიდენტობის 10 დღე - რომის პაპიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ
"პრეზიდენტს შეუძლია ის ილაპარაკოს რაც სურს, მაგრამ კანონი უნდა მოქმედებდეს და მისი დარღვევის უფლება არავის აქვს"

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებიდან ათ დღეზე მეტი გავიდა. ამ მცირე დროის მიუხედავად მისტერ დონალდმა თავისი "სადებიუტო გადაწყვეტილებებით" მთელი მსოფლიოს ალაპარაკება უკვე "მოასწრო" და საინფორმაციო გამოშვებების "მთავარი გმირის" სტატუსს უწინდებურად ჯიუტად ინარჩუნებს.

ყველაფერი ინაუგურაციის ღონისძიებაზე დაიწყო. "ამერიკამ მთელი მსოფლიო გაამდიდრა და თვითონ გაღარიბდა!" "ამერიკა უპირველეს ყოვლისა!" "დიახ, ჩვენ კვლავ დიადად ვაქცევთ ამერიკას!" -
You must have Flash Player installed in order to see this player.
ასეთი ფრაზები ისმოდა ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე. ამ სიტყვებმა ბევრს ლენინისა და ბოლშევიკების ლოზუნგები გაახსენა, იმ განსხვავებით, რომ ეს ყველაფერი თანამედროვე ეპოქაში ხდებოდა, მოქმედების ადგილი კი მსოფლიო დემოკრატიის კერა - აშშ გახლდათ.

და დონალდ ტრამპი "მუშაობას" შეუდგა... მან თავდაპირველად აშშ-ის ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განკარგულებას მოაწერა ხელი.

ამის შემდეგ კი დაიწყო, თან რა დაიწყო... აშშ-ის ახალმა პირველმა პირველმა მექსიკის საზღვართან დიდი კედლის აშენება ბრძანა. ამის გარდა გაამკაცრა საემიგრაციო კანონები და მთელი რიგი ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა
აუკრძალა. მისტერ დონალდის სურვილია, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ში მცხოვრები 11 მილიონი არალეგალის იძულებითი დეპორტაცია მოახდინოს.


დონალდ ტრამპი ნატო-საც გადაწვდა. "უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ
იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ"
, - განაცხადა ბრიტანულ "Times"-თან ინტერვიუში.

რასაკვირველია, ტრამპის ამ "სიტყვებს" მსოფლიოში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

თავდაპირველად ხმა რომის პაპმა ფრანცისკემ ამოიღო, რომელიც მსოფლიოში პოპულიზმის ზრდაზე ალაპარაკდა. რასაკვირველია, მიმართვის კონკრეტული ადრესატი არ დაუსახელებია, მაგრამ პაპის ამ გზავნილის "მთავარი ფიგურა" ადვილად ამოსაცნობი იყო.

პონტიფიკოსი შიშობს, რომ პოლიტიკურმა კრიზისებმა, შესაძლოა, დიქტატურების გაჩენამდე მიგვიყვანოს, როგორც ეს გერმანიისა და ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა. განცხადება ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ ესპანურ გამოცემა "El Pais"-თან გააკეთა.

რომის პაპმა უარყოფით კონტექსტში განიხილა სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე მავთულხლართებისა და კედლების გაჩენის ფაქტი, რომელიც მიზნად მიგრანტთა ნაკადის გაკონტროლებას ისახავს.

მორიგი გაფრთხილება გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისგან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერისგან გაისმა. 60 წლის დიპლომატი გერმანიის პოლიტელიტას შორის ტრამპისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი აღმოჩნდა. მან მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა, რომ აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო მეტად გართულდებოდა.

გერმანულ გამოცემა "Bild"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ მეოცე საუკუნის ძველი ეპოქა საბოლოოდ დასრულდა, თუმცა, აქვე განმარტა, რომ მსოფლიოს მომავალი ჯერ მკვეთრად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ის უკეთესობისკენ არ იცვლება.

ორიოდე დღის წინ დონალდ ტრამპმა მსოფლიო კვლავ აალაპარაკა. გამოცემა "ABC News"-თან საუბრისას აშშ-ის პირველმა პირმა დაუფარავად განაცხადა, რომ ამერიკის ციხეებში წამების შემოღების მომხრეა.

"როდესაც ისლამისტი ბოროტმოქმედები აყვანილ ტყვეებს აწამებენ და საჯაროდ სჯიან ეს მიღებულია არა? ბოროტებას იმავე ხერხებით უნდა დაუპირისპირდე. მიმაჩნია რომ ამ ხალხთან ცერემონიის დრო დასრულდა. მომხრე ვარ რომ მათი დაკითხვის პროცესში, ჩვენმა სადაზვერვო უწყებამ სხვადასხვა წამების მეთოდები გამოიყენოს. ამით არაფერი დაშავდება. ტერორისტები დაუნდობელ მოპყრობას იმსახურებენ", - განაცხადა ბატონმა დონალდმა. ამის გარდა ტრამპმა გასცა ბრძანება, რომ აშშ-ის საზღვრებს გარეთ არაერთი "საიდუმლო ციხე" მოეწყოს, სადაც ყველაზე თავზეღელაღებულ ბოროტმოქმედებს მოათავსებენ.

ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გაილაშქრა. გამოცემა "The Independent"-თან საუბრისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ აშშ ძველ დროსა და წინა საუკუნეებს აღარასოდეს დაუბრუნდება. "პრეზიდენტს შეუძლია ის ილაპარაკოს რაც სურს, მაგრამ კანონი უნდა მოქმედებდეს და მისი დარღვევის უფლება არავის აქვს", - ასეთი გახლავთ ჯონ მაკეინის მოსაზრება.

გამოცემა "The New York Times"-ის მტკიცებით, უახლოეს მომავალში დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, ეს ფაქტი აშშ-ს, მსოფლიოში ლიდერი-სახელმწიფოს ფუნქციას დააკარგვინებს.

გაზეთს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი სამანტა პაუერი ესაუბრა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ტრამპი ამ ორგანიზაციის დაფინანსებას შეწყვეტს, ან მაქსიმალურად შეამცირებს, მსოფლიოში აშშ-ის წამყვანი როლი დაიკარგება და ინიციატივა ჩინეთისა და რუსეთის ხელში გადავა.

სამანტა პაუერის შიში ალბათ გასაგებია. ამ მხრივ საინტერესოა რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ლიდერის - სი ძინპინის გამოსვლა, რომელმაც, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა ტრამპს, რადგან ისაუბრა გლობალიზაციის აუცილებლობაზე. ტრამპი როცა ამბობს, ჩვენ სხვებს ვამდიდრებთ და ჩვენ ვღარიბდებითო, ამ სხვებში ძირითადად ჩინეთს გულისხმობს. სი ძინპინის გამოსვლა კი ის იყო, რომ ჩინეთი თავისი კომუნისტური ჩაკეტილობით, პოლიტიკური სისტემით უცებ გამოდის თავისუფალი ვაჭრობის, თავისუფლების, თავისუფალი მიმოსვლის მთავარ ქომაგად.

ფაქტობრივად, სი ძინპინმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს მსოფლიო გლობალიზაციის დამცველის მისიას.

თავისი "მმართველობის" პირველ ათ დღეში დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიო "ააფორიაქა". რა იქნება მომავალში ამას უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.

პ.ს. ამბობენ, რომ ორიოდე დღის წინ, როდესაც მთელ აშშ-ში, ახალი საემიგრაციო კანონის მოწინააღმდეგეები ქუჩის აქციებს მართავდნენ, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის თანამშრომლები შეკრიბა და მათთან ერთად ანიმაციურ ფილმს "დორის ძიებაში" უყურა. ალბათ კომენტარი ზედმეტია...

მომზადა გიორგი გაჩეჩილაძემ





მკითხველის კომენტარი (14)
Ia
02 თებერვალი 2017 15:41
რომის პაპი ხო ,,ულიბერალისტია"? ხოდა არ მოეწონება საყვარელი ლგბტ საზოგადოების ასე თუ ისე აუგად მოხსენიება, იმაზე კი არ ამოიღებს აბა ხმას, სირიაში საბრალო ბავშვებს რო ხოცავენ, აფრიკის კონტინენტზე ადამიანი უწყლობით რო კვდება, ამ ქვეყანაზე ამდენ უსამართლობას რომ ააქ ადგილი, აი ამისთვის კი მოიცალა პაპმა, რომელიც ზარზეიმით აშუქებს ხოლმე მესას და სხვა ეკუმენისტურ ცერემონიალებს... ფუ როგორ მერევა გული ამ ფარისევლებზე, ამ ეშმაკის მოციქულებზე, რომლებიც ეხლა კიდევ რაღაცეებს თამაშობენ, ტრამპიც იმათI მოთრულია ვისაც ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრება უნდა...
დათო
02 თებერვალი 2017 13:05
ამერიკა დემოკრატიის კერა --სასაცილოა , ამერიკა ეს სხვა ქვეყნების მოკვდინების კერაა, სხვისი ხელით!!, რაც შეეხება ტრამპს ჯერ-ჯერობით ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებს.
tngh
02 თებერვალი 2017 13:01
დაირაზმნენ მთელი მსოფლიოს "ლიბერალ-ფაშისტი" გლობალისტები ტრამპის წინააღმდეგ. მიუხედავათ მათი აქტიურობისა ტრამპი მაინც ასრულებს თავის დანაპირებს და იმედია, ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს.
სვანი
02 თებერვალი 2017 10:40
ეს ვერ მოესწრება მის ჩანაფიქრის განხორციელებას, მანამდე ვიღაცა გაამგზავრებს მოუსვლეთში..................
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები