"ირანისადმი მუქარა უსარგებლოა!" - ტრამპის მუქარა და საპასუხო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ირანში - კვირის პალიტრა

"ირანისადმი მუქარა უსარგებლოა!" - ტრამპის მუქარა და საპასუხო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ირანში

"ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ თუ რაოდენ "კეთილი" იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მაგრამ მე ასეთი არ ვიქნები!" - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" იფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ. ტრამპმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა და ახალი სანქციების დაწესებით დაიმუქრა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა კი ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა. შესაბამისი განცხადება მან ტოკიოში თავის იაპონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"რაც შეეხება ირანის პრობლემას, ეს სახელმწიფო მსოფლიო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს ირანს", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამავდროულად ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ "ირანის პრობლემასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სიის გაზარდის გადაწყვეტილება მიიღო. სანქციები კიდევ 13 ფიზიკურ პირსა და 12 კომპანიას შეეხება.

აღნიშნულ 13 პირს შორის არიან ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, ქუვეითისა და ლიბანის მოქალაქეები.

ირანმა კი ტრამპის საპასუხოდ, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. როგორც ირკვევა, წვრთნების ფარგლებში მოხდება სარაკეტო და რადარების სისტემების გამოცდა. ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ალი აქბარ ველაიათიმ კი განაცხადა, რომ თეირანს სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება თავის დაცვისთვის და ირანისადმი მუქარა უსარგებლოა.