ვინ არის მიხეილ ტოლსტიხი, მეტსახელად გივი, რომელიც დონეცკში დაიღუპა - კვირის პალიტრა

ვინ არის მიხეილ ტოლსტიხი, მეტსახელად გივი, რომელიც დონეცკში დაიღუპა

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ოპერატიულმა სარდლობამ, ქვედანაყოფ „სომალის“ მეთაურის, მიხეილ ტოლსტიხის, მეტსახელად ”გივის” დაღუპვის შესახებ განაცხადა.

ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ ტოლსტიხის წინააღმდეგ ცეცხლსატყორცნი „შმელი“ გამოიყენეს, სხვა ვერსიით კი ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

„ეს ტერორისტული ომის გაგრძელებაა, რომელიც კიევმა დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ დაიწყო“, - განაცხადა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მიხაილ ტოლსტიხი, იგივე "გივი", უკრაინისა და რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ის 1980 წელს დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკშია დაბადებული... მეტსახელი "გივი" 1998-2000 წლებში დაირქვა, როდესაც უკრაინული "დესნას" სასწავლო ცენტრში მსახურობდა. ის ტანკის მეთაური იყო... მისივე თქმით, დედის მხრიდან ქართული წარმომავლობა აქვს. მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და სწორედ მის პატივსაცემად აარჩია სახელი - გივი.

ქართული წარმომავლობის ტერორისტმა სახელი ილოვაისკის ბრძოლებში გაითქვა, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. იმავე წლის ოქტომბერში ვლადიმირ ჟირინოვსკის თხოვნით მიმართა, ე.წ. სახალხო აჯანყებულებისთვის, დაჭრილების გადასაყვანად, ავტომობილები გამოეყო. რამდენიმე დღეში, ჟირინოვსკიმ მათ ორი "ნივა" გაუგზავნა... 2015 წლის მარტში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.