"ევროპა ისეთივეა, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე: რასისტული, ფაშისტური და სასტიკი" - ერდოღანი ევროპას ემუქრება - კვირის პალიტრა

"ევროპა ისეთივეა, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე: რასისტული, ფაშისტური და სასტიკი" - ერდოღანი ევროპას ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის აზრით, რეფერენდუმის საშუალებით მისი უფლებამოსილების გაზრდა საუკეთესო პასუხი იქნება "ფაშისტური და სასტიკი" ევროპისთვის.

"ევროპა ისეთივეა, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე: რასისტული, ფაშისტური და სასტიკი. ევროპა ანტიისლამური და ანტითურქულია", - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ მიტინგზე.

"რაც ბოლო დროს ევროპაში ხდება, გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ისინი, ვინც ცდილობდნენ ჩვენზე გავლენა მოეხდინათ ტერორისტული ჯგუფებისა და აგენტების გამოყენებით, ახლა ღიად დაგვიპირისპირდნენ. ჩემო ძმებო და დებო, ბალ-მასკარადი დასრულდა... მათ გვერდზე გადადეს დიპლომატია. ისინი საჭიროდაც არ თვლიან თავიანთი განზრახვა დამალონ და არც შეუძლიათ დამალონ ის დისკომფორტი, რომელსაც გრძნობენ იმის გამო, რომ თურქეთი უფრო ძლიერი ხდება", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

"მივმართავ მათ, ვინც ხავერდოვან ხელთათმანში რკინის ხელს იყენებს: თურქეთთან ეს არ გაგივათ! ის თურქეთი, რომელიც თავს ხრიდა თქვენი მუქარებისა და ტირანიის წინაშე, წარსულს ჩაბარდა. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, შედეგებს თავის თავზე იგრძნობს".

ურთიერთობა თურქეთსა და ევროპას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას გერმანიაში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან შეხვედრების ჩატარება აუკრძალეს. აღნიშნული შეხვედრები უკავშირდება 16 აპრილს ჩასატარებელ რეფერენდუმს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იგეგმება.

11 მარტს კი ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ მინისტრს საშუალება არ მისცეს როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ალაპრაკადნენ თურქეთში ევროპის სიმკაცრეზე.

ერდოღანის შეფასებებს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და განაცხადა, რომ თურქეთმა უნდა შეწყვიტოს გერმანიის ფაშისტურად მოხსენიება, თავის მხრივ ბერლინი კი უფლებას იტოვებს ქვეყანაში არ შეუშვას თურქეთის ის წარმომადგენლები, რომლებიც არ დაიცავენ გერმანულ კანონებს.

მერკელის თანამებრძოლმა ფოლკერ ბუფემ განაცხადა, რომ თურქ პოლიტიკოსებს საერთოდ უნდა აეკრძალოს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა.

"საკმარისია, ჩვენ არ ვართ ერდოღანისა და მისი პოლიტიკოსების მოხარული ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველასთვის გასაგები უნდა გახდეს", - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა რადიო DLF - თან ინტერვიუში. (წყარო)

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი გერმანიაში ჩასვლას და 1,4 მილიონ თურქეთის მოქალაქესთან შეხვედრას აპირებდა, რათა მათ რეფერენდუმზე თურქეთის კონსტიტუციის შეცვლისთვის დაეჭირათ მხარი.

"იმას, ვინც მსგავს შეურაცხყოფებს გვაყენებს, ნუ ექნება იმედი, რომ მის დასაცავად ათასობით სამართალდამცავს გავგზავნით", - განაცხადა ბუფემ.

როგორც გერმანელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამბობს, ისინი არ არიან მოხარულები შეხვდნენ ერდოღანს, რომელმაც გერმანელები ნაცისტებად მოიხსენია.

"ევროპამ ნიღაბი ჩამოიხსნა და თავისი ჭეშმარიტი სახე აჩვენა მსოფლიოს მას შემდეგ, რაც გერმანიასა და ნიდერლანდებში თურქ მინისტრებს გამოსვლები აუკრძალა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა. მისი თქმით: "დასავლეთმა ბოლო დღეების განმავლობაში ნიღაბი ჩამოიხსნა... ჩემი პასპორტით ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია გავემგზავრო როგორც დიპლომატი, ასევე გადაადგილების თავისუფლების ფარგლებში...

მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის კუთხით მუშაობს, ხმა ამოიღონ ნიდერლანდების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, სანქციები დაუწესონ მას. ნიდერლანდები როგორც ბანანის რესპუბლიკა ისე  მოიქცა, რაც ეწინააღმდეგება მის წევრობას ევროკავშირში და სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას", - განაცხადა ერდოღანმა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ