"რამდენიმე წამით ადრე რომ გადაგვეჭრა ქუჩა, მისი მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც გავხდებოდით" - 5 გარდაცვლილი და 40-მდე დაშავებული - კვირის პალიტრა

"რამდენიმე წამით ადრე რომ გადაგვეჭრა ქუჩა, მისი მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც გავხდებოდით" - 5 გარდაცვლილი და 40-მდე დაშავებული

"მაშველებმა ტემზიდან ამოიყვანეს ქალბატონი, რომლიც ცოცხალი იყო, მაგრამ მიიღო მრავლობითი დაზიანებები. ის ხიდზე მიდიოდა, როდესაც დარტყმის ძალამ ჯებირს იქით, მდინარეში გადააგდო"

ფოტოგალერეა

თავდამსხმელის ჩათვლით ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 -ზე მეტი დაშავდა ლონდონის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მომხდარი

ტერაქტისას. პოლიცია მიიჩმნევს, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ჯერ ადამიანები მანქანით იმსხვერპლა ვესტმინსტერის ხიდზე, შემდეგ კი პარლამენტის მახლობლად პოლიციელი მოკლა, შესაძლოა დაკავშირებულია რადიკალ ისლამისტებთან.

თავდასხმის ქრონიკა

22 მარტს, ადგილობრივი დროით, 2 საათსა და 40 წუთზე მამაკაცი ავტომანქანით მიზანმიმართულად შევარდა ვესმინსტერის ხიდის ტროტუარზე, რომელიც გამვლელებით იყო სავსე. შედეგად ხიდზე სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა.

ფოტოზე მოცემულია თავდამსხმელის გზა:

  1. ადგილი, სადაც ტერორისტი მანქანით შევარდა ტროატუარზე და რამდენიმე ადამიანს გადაუარა
  2. მანქანა შეეჯახა ვესტმინსტერის სასახლის ღობეს
  3. სასახლის ეზო, სადაც დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოკლა პოლიციელი, რის შემდეგაც ცეცხლი გაუხსნეს
  4. ვესტმინსტერის სასახლე, საიდანაც პრემიერ-მინისტრის ევაკუაცია მოხა და რომლის ტერიტორიაზეც ცდილობდნენ თავდამსხმელისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას

ტერორისტმა შემდეგ მანქანა ბრიტანეთის პარლამენტისკენ შეაბრუნა და ვესტმინსტერის სასახლის ღობეს შეეჯახა. საჭესთან მჯდომი მამაკაცი მანქანიდან გადმოხტა და დანით ხელში გაიქცა პარლამენტის შენობისკენ, სადაც მას გზა პოლიციელებმა გადაუჭრეს. ის თავს დაესხა უიარაღო პოლიციელს და დანით დაჭრა. სწორედ ამ დროს მოუსწრო მას პოლიციის შეიარაღებულმა რაზმმა, სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიღუპა.

გარდაცვლილი პოლიციელი

პოლიციელი, რომელსაც ტერორისტი თავს დაესხა, მიღებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით სკოტლან-იარდმა მისი ვინაობა დაასახელა. ეს 48 წლის კიმ პალმერია. მან პოლიციაში 15 წელი იმსახურა.

რა არის ცნობილი ტერორისტზე?

მოგვიანებით სკოტლენდ-იარდის კონტრტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელმა მარკ როულიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, "ტერორისტებს აქვთ მკაფიო მიზანი, რომ დათესონ მტრობა, უნდობლობა და შექმნან შიშის ატმოსფერო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ტერაქტიდან მალევე მოიწვია საგანაგებო სიტუაციების სამთავრობო კომიტეტის სხდომა.

"თავდასხმის ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ. ტერორისტმა გადაწყვიტა შეტევა მიეტანა ჩვენი დედაქალაქის გულზე, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ნაციონალობის, რწმენისა და კულტურის ადამიანები, სადაც ზეიმობს თავისუფლება და დემოკრატია", - განაცხადა მან.

მისი თქით, ტერორისტული საფრთხის დონე ქვეყანაში შეფასებულია, როგორც "მნიშვნელოვანი", რაც ნიშნავს, რომ სხვა ტერაქტების განხორციელების საფრთხე საკმაოდ მაღალია.

არაერთი თვითმხილველი თავდამსხმელს შემდეგნაირად აღწერს: 40 წლამდე აზიური გარეგნობის, შავებში ჩაცმული, წვერიანი მამაკაცი... რომელიც შეიარაღებული იყო 2 დანით. მედიკოსების მოსვლისას ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა მიღებული ჭრილობები სასიკვდილო გამოდგა.

მედიკოსები დაჭრილი ტერორისტის გადარჩენას ცდილობენ

20 წლის სტუდენტი ალაბამიდან, ბეილორ კუკი ვესმინსტერის ხიდზე მშობლებთან და 15 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც შავი "ჯიპი" ტროტუარზე შევარდა და  3-4 ადამიანისგან შემდგარ იმ ჯგუფს გადაუარა, რომელიც ზუსტად მათ წინ იმყოფებოდა:

"გზის შუაში უსაფრთხოების კუნძულზე ვიდექით, როდესაც ავტომობილი გამოჩნდა და ტროტუარზე შევარდა, ზუსტად იმ მხარეს, საითაც ჩვენ მივდიოდით. ზუსტად არ ვიცი რა სიჩქარით, მაგრამ ძალიან სწრაფად მოძრაობდა. არაერთი ადამიანი გაიტანა. თავიდან ვიფიქრე, რომ მძღოლმა დაკარგა საჭის მართვა, თუმცა ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს და ქუჩის კუთხეს მიეფარა. მალევე დარტყმის ძლიერი ხმა გავიგონეთ, ეს, სავარაუდოდ, მაშინ იყო, როდესაც ის ღობეს შეეჯახა. მაშინ კიდევ ვფიქრობდი, რომ მანქანის მართვა იმდენად მოშლილი იყო, რომ მძღოლმა სიჩქარესაც კი ვერ მოუკლო-მეთქი, წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან მეშინია, სულ რამდენიმე წამით ადრე რომ გადაგვეჭრა ქუჩა მისი მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც გავხდებოდით".

ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ ტერორისტი თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ თუ მას თანამზრახველები ჰყავდა, არსებობს საფრთხე, რომ მათ მსგავსი თავდასხმების მოწყობა კვლავაც სცადონ. ამის თაობაზე ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება და ეს მხოლოდ ვარაუდია.

მსხვერპლი: პოლიციელები, მოსწავლეები, სტუდენტები

ხელისუფლება ადგენს დაშავებულთა ვინაობას. თავდასხმისას ვესტმინსტერის ხიდზე იმყოფებოდა ფრანგი მოსწავლეების ჯგუფი, მათგან სამი მძიმედ დაშავდა.

ასევე ტრავმები მიიღო სამმა პოლიციელმა, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიიდან ბრუნდებოდნენ. დაჭრილებს შორისაა ოთხი სტუდენტი ლანკშირის საგრაფოს უნივერსიტეტიდან.

მაშველებმა ტემზიდან ამოიყვანეს ქალბატონი, რომლიც ცოცხალი იყო, მაგრამ მიიღო მრავლობითი დაზიანებები. ის ხიდზე მიდიოდა, როდესაც დარტყმის ძალამ ჯებირს იქით, მდინარეში გადააგდო.

ლონდონის სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, მძიმე დაზიანებებით 12 ადამიანი შეიყვანეს საავადმყოფოებში. 8-ს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. (წყარო)

ფოტოგალერეა

მოამზადა ანა გიორგაძემ