"ამ მკვლელობის დამკვეთი ვლადიმირ პუტინია" - ვინ და რატომ მოკლა დუმის ექსდეპუტატი კიევში?! - კვირის პალიტრა

"ამ მკვლელობის დამკვეთი ვლადიმირ პუტინია" - ვინ და რატომ მოკლა დუმის ექსდეპუტატი კიევში?!

23 მარტს, კიევის ცენტრში, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, დენის ვორონენკოვი მოკლეს.

ის უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა და ჩვენება მისცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით. ყოფილ დეპუტატზე რუსეთში ფედერალური ძიება იყო გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან დაკავშირებით საქმეს თაღლითობის მიუხლით იძიებდა. მას ბრალი ედებოდა მოსკოვის ცენტრში 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობის ხელში ჩაგდებაში.

როგორც ირკვევა, დუმის ყოფილი დეპუტატი სამხედრო პროკურატურაში დაკითხვაზე მიდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ.

მამაკაცი, რომელმაც დენის ვორონენკოვი პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, ექსდეპუტატის დაცვის წევრების საპასუხო სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა, შედეგად კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებები ვორონენკოვის მკვლელობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინის მთავარმა პროკურორმა მომხდარს "მოწმის მკვლელობა" უწოდა და ღიად დაადანაშაულა კრემლი.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებითაც, მკვლელობა რუსეთის დაგეგმილი და განხორციელებულია.

"კიევის ცენტრში დენის ვორონენკოვის ვერაგული მკვლელობა რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის აქტია. დენის ვორონენკოვი იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა პოლიტიკური მოსაზრებების გამო. დღევანდელ მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების აშკარა ხელწერაა შესამჩნევი…

ვორონენკოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო, კერძოდ, უკრაინაში რუსეთის ჯარის შემოყვანაში იანუკოვიჩის როლთან დაკავშირებით. შემთხვევითი არ არის, რომ ეს მკვლელობა და ხარკოვის ოლქში საარტილერიო საწყობში ხანძრის გაჩენა ერთ დღეს მოხდა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მომხდარს გამოეხმაურა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც:

"ვინც არ უნდა იყოს ვორონენკოვის მკვლელობის შემსრულებელი, არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ამ მკვლელობის დამკვეთი ვლადიმირ პუტინია. მე ვიცნობ მას, არაერთხელ მომიწია ჩამეხედა მისთვის თვალებში, მათ შორის ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. პუტინი მკვლელია და კლავს სიამოვნებით", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე.