"ეს ექსტრემისტული ორგანიზაციაა" - რუსეთში "იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობას აკრძალავენ?! - კვირის პალიტრა

"ეს ექსტრემისტული ორგანიზაციაა" - რუსეთში "იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობას აკრძალავენ?!

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "იეჰოვას მოწმეები" იმ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაცათა ნუსხაში შეიყვანა, რომელთა მოღვაწეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრემისტული საქმიანობის გამო ეზღუდებათ.

ბრძანება 2017 წლის 17 მარტით თარიღდება - სწორედ ამ დღეს მიმართა იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოს, რათა "რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის" საქმიანობა ექსტრემისტულად შეეფასებინა. იუსტიცის სამინისტროს მოთხოვნით, რელიგიური გაერთიანების მოღვაწეობა უნდა აიკრძალოს.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, "იეჰოვას მოწმეები" არღვევდნენ კანონს ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

"რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის" ხელმძღვანელის იაროსლავ სივულსკოს გაცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს საფუძველი რათა მათი საქმიანობა აკრძალოს.

"ყველა სასამართლო პროცესზე ნათელი იყო, რომ მოსამართლე არ უსმენდა დაცვის მხარეს და უპირატესობას პროკუატურასა და იუსტიციის სამინისტროს მხარეს ანიჭებდა" - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

რელიგიური ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათი მოძმეები სხვადასხვა ქვეყნიდან წერილობით მიმართავენ რუსეთის მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს, რათა არ მიიღონ მცდარი გადაწყვეტილება.

"ჩვენ ვცდილობთ ხალხს ავუხსნათ, რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს ექსტრემიზმთან. ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები ვართ, ვიცავთ კანონს და ვიხდით გადასახადებს. ექსტრემიზმში ჩვენი დადანაშაულება აბსურდია".

როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ისტორიაში ეს პირველი სასამართლო პროცესი არ არის, როცა "იეჰოვას მოწმეებს" ექსტრემიზმში ადანაშაულებენ.

2014 წელს უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაციის საიტი და მასზე განთავსებული სამი წიგნი "სინამდვილეში რას გვასწავლის ბიბლია?" "დაუახლოვდი იეჰოვას" "მოდი და მომყევი მე" ექსტრემისტულად მიიჩნია. როგორც აღმოჩნდა, "იეჰოვას მოწმეების" რუსეთის რეგიონალურ გაერთანებებს ბევრჯერ დაეკისრა ადმინისტრაციული სასჯელი. (წყარო)

მიმდინარე საქმეზე კი სასამართლოს საბოლოო გააწყვეტილება 5 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ "იეჰოვას მოწმეები" ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაციაა. მათი ადმინისტრაციული ცენტრი ბრუკლინში მდებარეობს. რელიგიათა სისტემაში იეჰოვას მოწმეების ადგილი დღემდე გაურკვეველია. ზოგი წყაროს თანახმად, იეჰოვას მოწმეები არის პროტესტანტული მიმდინარეობის ორგანიზაცია. სხვა წყაროების თანახმად, ეს არის პარაქრისტიანული კონფესია. ტრადიციული კონფესიების, ასევე ზოგი მკვლევრის აზრით, ის ტოტალიტარული სექტაა. ორგანიზაციის გამოთვლებით, 2016 წლისთვის მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა 8 220 105 ადამიანს აღწევს.

1980 წლიდან იეჰოვას მოწმეების ქადაგების არეალი გაფართოვდა და მოიცვა აღმოსავლეთ ევროპა, ლათინური ამერიკა, აფრიკა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის კი საქართველო.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ