"თავში ფრენის დროს მირტყამდნენ, ისე, როგორც ჯეკი ჩანი აკეთებს" - მასობრივი დაკავებები რუსეთში - კვირის პალიტრა

"თავში ფრენის დროს მირტყამდნენ, ისე, როგორც ჯეკი ჩანი აკეთებს" - მასობრივი დაკავებები რუსეთში

26 მარტს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციები გაიმართა. ანტიკორუფციული მიტინგი, რომელზეც 1030-მდე ადამიანი დააკავეს, წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველაზე მასობრივ დემონსტრაციად მიიჩნიეს.

პროტესტის მაპროვოცირებელი კი, რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის მიერ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგების გამოქვეყნება გახდა. თავად მედვედევმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა და ნავალნი სოციალურ ქსელში დაბლოკა. პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნატალია ტიმაკოვამ კი განაცხადა, რომ მედვედევის წინააღმდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტები წინასაარჩევნო ხასიათს ატარებს.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ტვერის ოლქში მიმდინარე მიტინგს. მიუხედავად ამისა, უამრავი მოქალაქე შეიკრიბა მიტინგზე. მათი რაოდენობა პოლიციამ 8 ათასით შეაფასა. ოპოზიცია ამბობდა, რომ ქუჩაში 25-30 ათასი ადამიანი გამოვიდა, მიტინგის დამკვირვებლები კი ამბობდნენ, რომ მომიტინგეთა რიცხვი 15 ათასს შეადგენდა.

„ანტიკორუფციული მიტინგი“ საბოლოოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასობრივ დაკავებებში გადაიზარდა. ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებადამცველების განცხადებით, "რუსეთში დემონსტრაციებისას ამდენი ადამიანი არასდროს მოხვედრილა პოლიციის განყოფილებებში".

როგორც საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არასანქცირებულ დემონსტრაციაზე რუსული ოპოზიციის ლიდერი და აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს.

აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც. 33 წლის პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავის არეში რამდენჯერმე დაუდგენელი საგანი ჩაარტყეს. პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ასეთი დარტყმები მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი. თავში ფრენის დროს მირტყამდნენ, ისე, როგორც ჯეკი ჩანი აკეთებს“ - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელი.

როგორც ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტები ამბობენ, მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად პოლიცია მომიტინგეებს.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ოლგა რომანოვამ სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია უამრავი ტრავმირებული ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მისი განცხადებით, დაშავებულები, რომლებიც ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში ჰყავდათ, სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებებში.

რუსეთის შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები 50 განყოფილებაში გადაანაწილეს. ზოგიერთი მათგანი ადმინისტრაციული სასჯელის შეფარდებით გამოუშვეს. დანარჩენი კი სასამართლო პროცესებს ელოდება.

უფლებადამცველებმა უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს პოლიციის განყოფილებებშიც. როგორც ისინი ამბობენ, დონის რაიონის განყოფილებაში არ უშვებდნენ ადვოკატებს. განყოფლებაში ჰყავდათ 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც სამართალდამცავზე თავდასხმის გამო დააკავეს, მასთან უფლებადამცველები მუშაობდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცი,ა რომ ხამოვნიკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული ჰყავდათ არასრულწლოვანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ თავდაპირველად ის ტაგანსკის რაიონის განყოფილებაში მიყვანეს, შემდეგ კი ხამოვნიკის პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

მასობრივ დაპირისპირებას მკაცრად აფასებს პოლიტპატიმართა საზოგადოების წარმომადგენელი მარია ბარონოვა, რომელიც დაკავებულებს მოუწოდებს, რომ ადვოკატის გარეშე სამართალდამცავებს ჩვენებები არ მისცენ. (წყარო)

უფლებადამცველთა აზრით კი ეს მასობრივი დაპირისპირება და მომიტინგეთა დაკავება კიდევ უფრო დიდ არეულობას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ტვერსკოის“ სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

„ჩვენ მივმართეთ მოსკოვის მთავრობას აქციის შესათანხმებლად. კანონის შესაბამისად, ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცათ ან შემოეთავაზებინათ ალტერნატიული ადგილი, მაგრამ ეს არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ გვქონდა უფლება აქცია იმ ადგილას ჩაგვეტარებინა, რომელიც თავდაპირველად მოვითხოვეთ“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე.

რუსეთში მომხდარ არეულობას გამოეხმაურნენ თეთრი სახლის წარმომადგენლებიც.

„აღშფოთებულნი ვართ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დემონსტრაციაზე მისვლისთანავე დააკავეს, ასევე იმითაც, რომ ორგანიზაციებში, რომლებიც კორუფციას ებრძვიან, პოლიციური რეიდები ჩატარდა... აშშ განაგრძობს სიტუაციაზე დაკვირვებას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები..“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

მსგავსი განცხადება გააკეთეს ევროკავშირის წარმომადგენლებმაც:

"პოლიციის მიერ რუსეთში ჩატარებული ოპერაციები, კერძოდ, აქციის დარბევის მცდელობა და ასობით მოქალაქის დაკავება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაა... რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები დაიცვას, მათ შორის ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები“.(წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ