"პანიკა არ არის, თუმცა ხალხი შეშინებულია" - უსაფრთხოების მიზეზით ქვეყანაში პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდება? - კვირის პალიტრა

"პანიკა არ არის, თუმცა ხალხი შეშინებულია" - უსაფრთხოების მიზეზით ქვეყანაში პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდება?

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, 51 დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი "სენნაიას მოედანსა" და მეტრო სადგურ, "ტექნოლოგიურ ინსტიტუტს" შორის იმყოფებოდა.

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებაში სავარაუდო დამნაშავის ფოტო აფეთქებიდან მალევე გამოაქვეყნეს, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

ამასთან, სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, „სავარაუდოდ, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა". სააგენტოს ცნობითვე, ყირგიზეთის სპეცსამსახურები ამ ინფორმაციას ადასტურებენ.

კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სხვა მეტროსადგურში იპოვეს, რომლის გააუვნებელყოფა მოხერხდა, რაც ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმაც დაადასტურა.

ჩვენ პეტერბურგში მცხოვრებ ქართველს, ელიზა კალანდაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, აფეთქება შუადღეს მოხდა და მას შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ლამის ყველა გამვლელი გააჩერეს, ვისაც კი ტვირთი მიჰქონდა...

- მთელი დღე ქალაქში სირენების ხმა ისმოდა... სასწრაფო სამედიცინო მანქანები მიმოდიოდა. პანიკა არ არის, თუმცა ხალხი შეშინებულია.

რუსეთში პუტინის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება, ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული, თუმცა ეს ტერაქტს ვერ გაამართლებს.

მესმის, რომ პოლიტიკა სულ უფრო მეტ ადამიანს უნგრევს ცხოვრებას, მაგრამ უბრალო ხალხს არაფერი დაუშავებია, მით უფრო იმ 3 წლის გოგონას, რომელიც ამ საშინელ აფეთქებას ემსხვერპლა...

ზოგმა ეს აფეთქება, ბოლო დღეებში პუტინის წინააღმდეგ მიმართული აქციების გამოძახილად ჩათვალა, თუმცა, მეორე ვერსიით, ეს აფეთქება შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ამბებს უკავშირდებოდეს.

ბოლო თვეებია იქ რუსეთის ხელისუფლების მიმართ პროტესტი მატულობს და აქ ჩამოსული დაღესტნელებისგან ვიცი, რომ ადგილობრივი პოლიცია, ეფ-ეს-ბე იქ ლამის ყოველდღიურად "წმენდას" ახორციელებს...

დაღესტნელი ქალებისგან მოვისმინე ამასწინათ, იქაურობა ჩვენი კაცებისგან სულ დაიცალაო. რუსეთის დიდ ქალაქებში, ბოლო ხანებში კატასტროფულად იმატა ჩრდილოეთ კავკასიიდან წამოსული ადამიანების ნაკადმა. ისინი ადრე მხოლოდ მოსკოვში იყვნენ, ახლა ყველა ქალაქში არიან. სადგურში ათენ-აღამებენ და ყველაფერზე მუშაობენ, რითაც ლუკმა-პურის შოვნა შეეძლებათ... რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს, მცირე ოპერაციებით გაანეიტრალოს იქ არსებული საპროტესტო მუხტი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, - ახლა იქ ალბათ უფრო მასშტაბური ოპერაციები დაიგეგმება.

მოგეხსენებათ, ბოლო ხანს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გახშირდა. შესაბამისად, გამოითქმის ვარაუდიც, რომ შესაძალოა სანკტ-პეტერბურგში მომხდარი, შესაძლოა კრემლის ინტერესებშიც შედიოდეს. ბევრს გაახსენდა 1999 წლის ტერაქტების სერია, რომელშიც არცთუ უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ რუსეთის იმჟამინდელ სპეცსამსახურებს. სწორედ ამ ყველაფრის შედეგად დაიწყო პუტინის პოლიტიკური კარიერის წინსვლა.

დღეს, როდესაც დასავლურმა სანქციებმა თავისი შედეგი გამოიღო და ქვეყანაში უკმაყოფილება ნელ-ნელა იზრდება, გამოითქმის ვარაუდი, რომ: "შესაძლოა უსაფრთხოების მიზეზით ქვეყანაში პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდეს, რასაც საპროტესტო განწყობების მნიშვნელოვნად შეზღუდვა მოჰყვება".

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)