"სირიაზე აშშ-ს სარაკეტო დარტყმა ვლადიმირ პუტინმა "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად" შეაფასა - კვირის პალიტრა

"სირიაზე აშშ-ს სარაკეტო დარტყმა ვლადიმირ პუტინმა "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად" შეაფასა

"სირიაზე აშშ-ს სარაკეტო დარტყმას ვლადიმირ პუტინი "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად" აფასებს", - განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ "ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, რის გარეშეც ეს ურთიერთობები საკმაოდ გართულებული იყო.

შეგახსენებთ, აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა.

როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული.

ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.