"ტრამპს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა" - ჩანასახშივე განადგურებული გადატვირთვის პოლიტიკა და სამყარო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში? - კვირის პალიტრა

"ტრამპს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა" - ჩანასახშივე განადგურებული გადატვირთვის პოლიტიკა და სამყარო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში?

"წერტილი დაესვა ამერიკულ-რუსული გადატვირთის ახალი ეტაპის თაობაზე ლაპარაკს"

"ობამას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ რუსეთის სასარგებლო იდიოტი"

რამდენიმე საათის წინ, აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული.

ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.

როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა პარტნიორი ქვეყნები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ სირიაზე იერიშის მიტანას აპირებდა, რუსული საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, ამ ქვეყნებს შორის რუსეთი არ იყო. თუმცა, საწინააღმდეგოს აცხადებს, პენტაგონის წარმომადგენელი ჯეფ დევისი, მისი მტკიცებით, სირიის ავიაბაზაზე დისლოცირებული იყო რუსული სამხედრო კონტიგენტიც, შესაბამისად, პენტაგონმა ისინი სარაკეტო დარტყმის თაობაზე წინასწარ გააფრთხილა.

სირიაში მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთი.

"პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

როგორ შეცვლის მსოფლიოში ვითარებას აშშ-ის ეს გადაწყვეტილება, ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ვესაუბრეთ:

- ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. დავიწყოთ რუსეთის ფაქტორით, რადგან იმ ავიაბაზაზე, რომელიც აშშ-ის მიერ დაიბომბა, განთავსებული იყვნენ არა მარტო სირიის მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედროები, არამედ რუსებიც. აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ავიაბაზიდან განხორციელდა ქიმიური იარაღით შეტევა ქალაქზე, სადაც ასამდე ადამიანი, მათ შორის, ძალიან ბევრი ბავშვი დაიღუპა. ამიტომ რთული სათქმელია, რამდენიმე დღის წინ ეს იყო მხოლოდ სირიული ოპერაცია, რუსულ-სირიული თუ მხოლოდ რუსული ოპერაცია.

ის განცხადებები, რომელიც რუსეთის მხრიდან გაკეთდა, არის სრულიად გამაოგნებელი და თითქმის ამართლებს ქიმიური იარაღის გამოყენების ვანდალურ აქტს.

ისინი კვლავაც ყველაფრის ფასად ცდილობენ დაიცვან ასადის რეჟიმი და აშშ-ის საჰაერო დარტყმებს აფასებენ როგორც შეტევას სუვერენულ სახელმწიფოზე ამერიკის მხრიდან. ამასთანავე, აპირებენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევის ინიციატივით გამოვიდნენ იმისათვის, რომ გაერომ დაგმოს აშშ-ის შეტევა სირიაზე... ეს მაშინ, როდესაც რუსეთი არც ერთი სიტყვით არ გმობს იმას, რაც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისას მოხდა.

მეორე ასპექტი არის ის, თუ როგორ აისახება ამერიკის რეაქცია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე. ერთი რამ, რაც თვალსაჩინოა, გახლავთ ის, რომ წერტილი დაესვა ამერიკულ-რუსული გადატვირთის ახალი ეტაპის თაობაზე ლაპარაკს.

რაც შეეხება მესამე ასპექტს, საკითხავია, ეს იყო აშშ-ის მხრიდან იმიჯის გადარჩენის ერთჯერადი მცდელობა თუ ეს არის ამერიკის მიერ ახალი და დიდი ოპერაციის დასაწყისი. ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. შეუძლებელი იყო, ამერიკას არ ჰქონოდა ასეთი რეაქცია იმიტომ, რომ ეს საბოლოოდ დაასამარებდა აშშ-ს, როგორც მსოფლიოს სუპერსახელმწიფოს იმიჯს, რომელი ძალიან შეირყა ობამას პრეზიდენტობისას. ობამას პრეზიდენტობისას ამერიკამ დათმო გავლენის სფეროები თითქმის ყველა რეგიონში, რასაც მისი წინამორბედი პრეზიდენტების შრომა ეწირებოდა. ობამას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ რუსეთის სასარგებლო იდიოტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამერიკის ზეგავლენა მსოფლიოში შემცირებულიყო და პარალელურად, პუტინისგან შექმნილიყო სუპერგმირის იმიჯი. დღეს ამერიკაც და სირიაც ობამას დამანგრეველი პოლიტიკის შედეგებს იმკის.

ტრამპს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუ მას სურს აშშ-ის სახის გადარჩენა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის პასუხი უნდა ყოფილიყო ასეთი. თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იქნება ერთჯერადი ოპერაცია თუ ახალი ეტაპის დასაწყისი ამერიკის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში. ვფიქრობ, ტრამპი ეცდება ახლო აღმოსავლეთს თავისი ხელი დაამჩნიოს. ამერიკას ამ ვანდალურ აქტამდე 2 კვირით ადრე, ჰქონდა მცდელობა შეეკრიბა ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნები და მათთვის ახალი ტაქტიკა შეეთავაზებინა.

- ექსპერტთა ნაწილი კვლავ ალაპარაკდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე...

- მესამე მსოფლიო ომი ატომური იარაღის გამოყენების გარეშე ძნელად წარმოსადგენია. ატომური იარაღის გამოყენება კი, ნიშნავს მსოფლიოს დასასრულს, ამიტომ მხარეები მაქსიმალურად შეეცდებიან მესამე მსოფლიო ომი აირიდონ თავიდან. საბოლოო ჯამში, ყველას სჭირდება მშვიდობა, ოღონდ სუპერსახელმწიფოებს სურთ მშვიდობიანი მსოფლიო საკუთარი ლიდერობის ქვეშ იხილონ. ასე რომ, ამ ეტაპზე მოვლენათა ასეთ განვითარებას ვერ ვხედავ.

- საინტერესოა, ამ პროცესში თურქეთის პოზიციაც...

- კიდევ ერთი ფიგურანტი, რომლის პოზიციაც იქნება ძალიან საინტერესო, არის თურქეთი,იმიტომ, რომ ეს უკანსკნელი ბოლო დროს აქტიურად არის ჩართული რუსეთთან კომუნიკაციაში. ორი დღის წინ, თურქეთის, ანუ იგივე ნატო-ს სამხედრო გემებმა რუსეთის პორტი მეგობრული ვიზიტით მოინახულეს და ამ გემებზე ასვლის საშუალება რუსეთის მოქალაქეებსაც მიეცათ. ამავდროულად, თურქეთისთვის საბედისწერო აღმოჩნდა რუსეთთან ურთიერთობა იმ გაგებით, რომ მას იმედი ჰქონდა, რუსეთი მხარს არ დაუჭერდა ქურთულ ოპოზიციას და ქურთების სურვილს, სირიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შექმნან ავტონომია. მაგრამ სწორედ რუსი დეპუტატები გამოდიან ამგვარი ავტონომიის შექმნის ინიციატივით, რაც თურქეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება დამანგრეველი დარტყმა აღმოჩნდეს. ამ პროცესში თუ ვინმეს მოუწევს პარტნიორებს შორის არჩევანის გაკეთება, ეს იქნება თურქეთი. თუ აშშ-ის ხელმძღვანელობით ახალი ძალით დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია, დიდი ალბათობით, თურქეთი დაიკავებს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხარეს.

იხილეთ ასევე: "სარაკეტო დარტყმა ისე იყო დაგეგმილი, რომ რუსი სამხედროები არ დაშავებულიყვნენ" - გააფრთხილა თუ არა აშშ-მ რუსეთი მოსალოდნელ თავდასხმაზე?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)