როგორია მოსახლეობის არჩევანი? - თურქეთი რეფერენდუმის შედეგებს ითვლის - კვირის პალიტრა

როგორია მოსახლეობის არჩევანი? - თურქეთი რეფერენდუმის შედეგებს ითვლის

16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა.

ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99,99% უკვე დათვლილია. ბიულეტენების აღნიშნული რაოდენობის დათვლის შედეგებით, ამომრჩეველთა 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უკვე შეაფასა თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გუშინდელ დღეს ისტორიული უწოდა.

"დაე, რეფერენდუმის შედეგებმა კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. კენჭისყრამ აჩვენა, რომ ჩვენი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, თავის მომავალს. დღეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ხალხის არჩევანის მეშვეობით ჩვენ განვახორციელებთ რეფორმას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის...

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ვცვლით მმართველობის სისტემას. მინდა ვუთხრა ყველას, განურჩევლად იმისა თუ რას მისცა ხმა, - ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ყველა კამათი და დაპირისპირება უკან ჩამოვიტოვეთ. ყველას მოვუწოდებ ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ", - განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ დააყენებს დღის წესრიგში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს.

მოსახლეობას მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც.

ბინალი ილდირიმი: "ამ ქვეყანამ, ამ ერმა დაამტკიცა, რომ არანაირი მუქარის, არანაირი გარე ჩარევების წინაშე მეტი აღარ დახრის თავს...

ეს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ამ რეფერენდუმში არავინაა დამარცხებული. სრულიად თურქი ერი გამარჯვებულად გამოვიდა".

თურქეთის მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო, ისინი ვინც რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობენ და ისინი, ვინც შედეგების ხელმეორედ გადათვლას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს.