მორიგი ტერაქტი საფრანგეთში - ერთი დაჭრილი და ერთი მოკლული პოლიციელი - კვირის პალიტრა

მორიგი ტერაქტი საფრანგეთში - ერთი დაჭრილი და ერთი მოკლული პოლიციელი

20 აპრილს, ღამით, პარიზში, შანზ-ელიზეზე უცნობმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცველი, 1 პოლიციელი კი დაშავდა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, "ამაყის" მეშვეობით გააკეთა.

"პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლი", - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

თუმცა სამართალდამცველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. "ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიცია მიზანშია ამოყვანილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლიციელებმა, ჟანდარმებმა და სამხედროებმა თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ჩვენი თანამოქალაქეები დაცულები არიან და დაცულები იქნებიან", - აღნიშნა ოლანდმა.

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან, რათა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ.