მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი თუ ფრანსუა ფიიონი? - საფრანგეთი ახალ პრეზიდენტს ირჩევს - კვირის პალიტრა

მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი თუ ფრანსუა ფიიონი? - საფრანგეთი ახალ პრეზიდენტს ირჩევს

საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე. საფრანგეთში და ზღვისიქითა ტერიტორიებზე ოფიციალურად 46,67 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგებს შორის კი - 1,3 მილიონი ამომრჩეველი. არჩევნების პირველი შედეგები ცნობილი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათის შემდეგ გახდება.

საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: პარტია "აღსდექ, საფრანგეთოს" ლიდერი ნიკოლა დიუპონ-ენიანი, "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი, პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი, მმართველი "სოციალისტური პარტიის" კანდიდატი ბენუა ამონი, უკიდურესად მემარცხენე პარტია "მუშათა ბრძოლის" პარტიის კანდიდატი ნატალი არტო, "ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის" ლიდერი ფილიპ პუტუ, "სოლიდარობისა და პროგრესის" პარტიის დამფუძნებელი ჟაკ შემინადი, ცენტრისტი დეპუტატი ჟან ლასალი, უკიდურესი მემარცხენეების წარმომადგენელი ჟან-ლუკ მელანშონი და "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დღეს, 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი და ფრანსუა ფიიონი ითვლებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთში არჩევნების უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედრო იცავს.

მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე პარიზში, შანზ-ელიზეზე პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატიას ფეკლის განცხადებით, "ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე მაქსიმალურ დონეზეა".

იხილეთ ასევე: საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება