ერდოღანმა რეპრესიები დაიწყო?! - თურქეთის პოლიციამ კიდევ ათასობით ადამიანი დააკავა - კვირის პალიტრა

ერდოღანმა რეპრესიები დაიწყო?! - თურქეთის პოლიციამ კიდევ ათასობით ადამიანი დააკავა

16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 51,4%-მა, ხოლო წინააღმდეგი იყო 48,6%.

აღსანიშნავია, რომ თურქულ საზოგადოებაში მოსაზრებები აქამდეც მკვეთრად იყო გაყოფილი, რეფერენდუმის შემდეგ კი კიდევ უფრო გამძაფრდა.

"პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ვცვლით მმართველობის სისტემას. მინდა ვუთხრა ყველას, განურჩევლად იმისა თუ რას მისცა ხმა, - ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ყველა კამათი და დაპირისპირება უკან ჩამოვიტოვეთ. ყველას მოვუწოდებ ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ", - განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ.

ქვეყანაში მომხდარი მსავსი ცვლილებების შემდეგ, დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილ 3,224 პირზე დაკავების ორდერები გასცეს.

თურქეთში, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1000-მდე პირი დააკავეს.

პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის 81 პროვინციაში განხორციელდა რეიდები, რომლის სამიზნე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო სტრუქტურები იყო.

თურქეთის შს მინისტრის თქმით, ოპერაცია კიდევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ბრალი დასდო, ხოლო მისი ორგანიზაცია ტერორისტულად სცნო.

აშკრაა, რომ დაწყებული დაპატიმრებები თურქეთში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. თუ პროცესები უფრო გამწვავდა, ეს საქართველოსთვის რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს?

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- საფრთხისა რა გითხრათ, მაგრამ ეს რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, ეჭვი არ მეპარება. თუ თურქეთში ვითარება აირევა, ეს საქართველოზე იმოქმედებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.

ვითარება კი მართლაც ძალიან საშიშია და ეს დაიწყო შარშან გადატრიალების რეალური თუ დადგმული მცდელობით, რის მერეც ერდოღანი ცდილობს, ეს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენოს. თანაც რეფერენდუმის შედეგებში სხვაობა იმდენად მცირეა, არ არის გამორიცხული, პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდეს. ამასთან, დამაფიქრებელია ბოლო დროს ერდოღანის ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ევროპისადმი. მან რეფერენდუმის ეუთოსეული შეფასება ძალიან უკმეხად გააკრიტიკა. რეალურია საფრთხე, რომ თურქეთმა გადაუხვიოს ათა თურქის გზას. ამისთვის ერდოღანს ძალიან მასშტაბური რეპრესიების გატარება მოუწევს, რასაც დიდი რესურსი სჭირდება. აქვს თუ არა ეს რესურსი, ვერ გეტყვით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ აბსოლუტური ძალაუფლების მოსაპოვებლად ამ სახიფათო გზაზე ერდოღანმა ყველაფერი დაკარგოს.

ეკა გადახაბაძე