ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად გააკრიტიკეს ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ზუსტი მონაცემები რაკეტის გამოცდაზე ჯერ არ არის, თუმცა, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის ესიხიდე სუგის თქმით, ბალისტიკური რაკეტის გაშვება ფუკჩხანის რაიონიდან მოხდა, დაახლოებით 50 კმ მანძილი დაფარა და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

აშშ-ს და კანადის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის მონაცემებით, რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.