"ეს ჯოჯოხეთი იყო, ვცდილობდი იმ ბავშვების დახმარებას, ვინც მშობლის გარეშე იყო" - სისხლიანი თავდასხმა ბრიტანეთში - კვირის პალიტრა

"ეს ჯოჯოხეთი იყო, ვცდილობდი იმ ბავშვების დახმარებას, ვინც მშობლის გარეშე იყო" - სისხლიანი თავდასხმა ბრიტანეთში

ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა მანჩესტერში "მანჩესტერ-არენაზე" მომხდარი აფეთქებისას.

საკონცერტო დარბაზ "მანჩესტერ-არენაზე" მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდ, სადაც მსმენელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. პოლიციამ მომხდარი უკვე შეაფასა ტერორისტულ აქტად.

საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქება კონცერტის დასრულებისას, ფოიეში მოხდა.

პოლიციაში პირველი ზარი 22:35 წუთზე შევიდა, თვითმხილველების თქმით, მათ გაიგონეს აფეთქების ხმა, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია ალყაში მალევე მოაქცია.

მომხდარის ოფიციალური დეტალები ამ დრომდე არ ვრცელდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მომხდარი შეაფასა, როგორც "საშინელი ტერორისტული აქტი". ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ამბერ რედის განცხადებით, მომხდარი "ბარბაროსული აქტია".

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყოს ჩადენილი.

გთავაზობთ თვითმხილველთა მონაყოლს, რომლებიც აფეთქების მომენტში იქ იმყოფებოდნენ.

გარი უოლკერი, მეუღლესთან ერთად, აფეთქების ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა, ის კონცერტზე მყოფ ქალიშვილს ელოდებოდა. "ბოლო სიმღერა მოვისმისმინეთ და უცებ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც კვამლი გაჩნდა. ფეხებში ტკივილს ვგრძნობდი. ჩემს ცოლს მივუბრუნდი, რომლმაც მითხრა, რომ იქაურობა უნდა დაეტოვებინა. ის მუცლის არეში დაიჭრა. ფეხში პატარა ნაკაწრი მაქვს და ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი ასე მარტივად".

ემა ჯონსონი, მეუღლესთან ერთად, "მანჩესტერ არენაზე" თავისი ორი ქალიშვილს წასაყვანად მივიდა. 15 და 17 წლის გოგონები კონცერტზე იმყოფებოდნენ.

"ეს ნამდვილად ბომბი იყო. ფოიეში აფეთქდა რაღაც. კიბეზე მაღლა ვიდექით და იმ დროს მინა ჩაიმსხვრა. მთელი შენობა შეირყა, აფეთქების მერე ხანძარი გაჩნდა. ჩვენი გოგონების მოსაძებნად გავიქეცით, საბედნიეროდ ოთხივე უვნებელი გადავრჩით".

ანა მარია კონცერტზე თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად იყო მისული. "ხალხი პანიკაში იყო, ისინი იატაკზე დაწვნენ, რადგან ეგონათ, რომ შეიარაღებული პირი იყო ფოიეში, სამწუხაროდ, იმ მომენტში უსაფრთხოების ზომებს არავინ იცავდა და ყველა საკუთარ თავს შველოდა. იქ მყოფი უამრავი ბავშვისთვის ეს ჯოჯოხეთი იყო. ვცდილობდი იმ ბავშვებს დახმარებას, ვინც მშობლის გარეშე იყო".

19 წლის სებასტიან დიაზი, კოლეჯის სტუდენტი: "არიანა გრანდემ ბოლო სიმღერა იმღერა და უცებ გაისმა აფეთქების ხმა. ვხედავდი, რომ ხალხი გარბოდა და ინსტიქტურად მეც გავიქეცი. შეშინებული ხალხი ტიროდა და ტელეფონით ახლობლებთან დაკავშირებას ცდილობდნენ".

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)