ხალიფა მოკლეს?! - კვირის პალიტრა

ხალიფა მოკლეს?!

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია, სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემა daily mail-მა გავრცელა.

გამოცემის თანახმად, "დაეშის" ლიდერი დე-ფაქტო დედაქალაქ რაქაზე საჰაერო იერიშისას მოკლეს. თუმცა daily mail არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, რადგან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.

ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ოფიციალურ მედია ფრთა Amaq-ს ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, 2014 წლის ივნისში ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ოფიციალურად გამოაცხადა "ხალიფატის" შექმნა, რომელიც იმართება შარიათის კანონების მიხედვით და რომლის სათავეშიც დგას ხალიფა - მათთვის ალაჰის მოადგილე დედამიწაზე. დედაქალაქად კი სირიის ქალაქი რაყა გამოაცხდა.

"ისლამურმა სახელმწიფომ" მოითხოვა, რომ მუსულმანურ სამყაროში, სადაც არ უნდა ეცხოვრათ მუსულმანებს, ყველგან ყოფილიყვნენ დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულნი. დაჯგუფებამ ასევე გამოაცხადა, რომ ყველა სხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს მათი უზენაესობა უნდა ეღიარებინათ.

"ისლამური სახელმწიფოს" მთავარი მიზანია მოიშოროს ყველა, ვინც ალაჰის მსოფლიო აღიარებას ხელს შეუშლის. ისინი აცხადებენ, რომ დღეს შექმნილი ვითარება მუსულმანებსა და მათ მტრებს შორის უკანასკნელი ბრძოლის მომასწავებელია, რომელიც მოხდება სამყაროს აღასასრულის წინ და მას მოჰყვება განკითხვის დღე ანუ ყიამათი.

მუსულმანური ესქატოლოგიის მიხედვით, სირიის ქალაქი დაბიკი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული, მიიჩნევა მუსულმანური არმაგედონის ადგილად, ანუ სწორედ აქ გაიმართება ის უკანასკნელი ბრძოლა. ამიტომაც აირჩიეს საკუთარი პროპაგანდისტული ჟურნალის სახელად "დაბიკი".

როგორ იქმნებოდა "ისლამური სახელმწიფო?"

2004 წლის ოქტომბერში ერაყში შეიქმნა სამხედრო დაჯგუფება "ჯამაათ ათ თაუხინ ვალ ჯიჰადი", რომლის მეთაურიც გახლდათ იმ დროისთვის საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული აბუ მუსაფ ალ ზარქავი. სწორედ ამ უკანასნელის სახელს უკავშირდება პირველი ტერორისტული აქტები ბაღდადსა და ზოგადად ერაყში. ერთი წლის შემდეგ, ამ დაჯგუფებამ შეიცვალა სახელი და ერაყში ალ-ქაიდას ფილიალი გახდა, ხოლო 2005 წლის იანვარში სამხედრო დაჯგუფებამ "ჯამაათ ათ თაუხინ ვალ ჯიჰადიმ" სხვა სუნიტური დაჯგუფებებთან ერთად შექმნა "ერაყელი მოჯაჰედების სათათბირო", რომლის ბაზაზეც შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია" ისლამური სახელმწიფო" აბუ მუსაფ ალ ზარქავის მეთაურობით. სწორედ მას ეკუთვნოდა " ისლამური ხალიფატის შექმნის იდეაც, თუმცა მას ეს არ დასცალდა, 2006 წელს აბუ მუსაფ ალ ზარქავი მოკლეს და მისი ადგილი აბუ აიუფ ალ მასრიმ დაიკავა.

2010 წელს, როდესაც ალ მასრი გარდაიცვალა, ყველა ფიქრობდა რომ " ისლამური სახელმწიფო" დაიშლებოდა, თუმცაღა ყველასთვის მოულოდნელად, ერთი თვის შემდეგ, ალ-ქაიდამ ამ დაჯგუფების ხელმძღვანელად გამოგზავნა ვინმე იბრაჰიმ ავაუდ იბრაჰიმ ალ-ბადრი, რომელსაც მანამდე ერაყში არავინ იცნობდა. მანამდე მან, 2004-2009 წლებში "ამერიკულ" ციხეში ჯდომაც მოასწრო (საინტერესოა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეორგოლებში სასიკვდილოდ განწირულებს ნარინჯისფერი სამოსი აცვიათ, რაც ისლამისტების ერთგვარი პროტესტია, მოგეხსენებათ - გუანტანამოს და სხვა ციხეებში სწორედ ასეთი ნარინჯისფერი სამოსი ეცვათ ისლამისტ ტუსაღებს, რომლებსაც ამერიკელი ჯარისკაცები აწამებდნენ). იბრაჰიმ ალ ბადრი შემდგომში მსოფლიომ გაიცნო, როგორც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელმაც 2014 წლის 28 ივნისს ისლამური ხალიფატი გამოაცხადა და მისი პირველი ხალიფაც გახდა.