"ცეცხლმა უეცრად დაფარა მთელი შენობა, ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა" - რა გახდა ლონდონში მრავალსართულიანი სახლის დაწვის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ცეცხლმა უეცრად დაფარა მთელი შენობა, ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა" - რა გახდა ლონდონში მრავალსართულიანი სახლის დაწვის მიზეზი?

ლონდონის დასავლეთ ნაწილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლმა ყველა სართული მოიცვა. როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა პირველი შეტყობინება ხანძრის შესახებ ადგილობრივი დროით 01:16 საათზე მიიღეს.

Grenfell Tower-ში ცეცხლის ჩასაქრობად და მაცხოვრებელთა გადასარჩენად 40 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლის ალი კორპუსის მე-2 სართულიდან 27-ე სართულამდე აღწევდა.

ლონდონის სამედიცინო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის საავადმყოფოებში 30 ადამიანია გადაყვანილი.

ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელის თქმით კი, არიან დაღუპულები.

"სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ არიან დაღუპულები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რამდენი დაღუპულია. ხანძარის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია", - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.

"ვხედავდი როგორ ვარდებოდა შენობიდან ცეცხლმოკიდებული ნივთები, ცეცხლის ალმა მთლიანი შენობა მოიცვა" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

"როიტერის" ინფორმაციით, ხანძრისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ლონდონის სახანძრო კომისრის განცხადებით, ჯერ არ არის ცნობილი ხანძრის გაჩენის მიზეზიც და არც დაშავებულთა და გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი.

"შოკირებული ვარ ხანძრით, რომელიც ლონდონის ცათამბრჯენს გაუჩნდა. ცეცხლმა უეცრად დაფარა მთელი შენობა, ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა, ერთი კაცი მგონი ფარნითაც აძლევდა ნიშანს მაშველებს. ასეთი ხანძარი ლონდონს არ ახსოვს" - წერს "ტვიტერში" ლონდონის მცხოვრები.

დიდი ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ლონდონში ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის, ქართველები არ არიან.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ