"ამბობენ, რომ დღევანდელი რუსეთი სტალინიზმის მემკვიდრეობით ლაქას ატარებს და მერე რა?!" - პუტინი სტალინის დემონიზაციის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ამბობენ, რომ დღევანდელი რუსეთი სტალინიზმის მემკვიდრეობით ლაქას ატარებს და მერე რა?!" - პუტინი სტალინის დემონიზაციის წინააღმდეგ

რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა საკაბელო არხმა Showtime აჩვენა ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის ფილმი "ინტერვიუ პუტინთან". ფილმი რამდენიმე სერიისგან შედგება და საკაბელო ტელევიზიის შემდეგ, მას რუსეთის პირველი არხიც აჩვენებს.

სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რეჟისორი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს პუტინი იოსებ ჯუღაშვილზე (სტალინზე) და მის საქმიანობაზე.

ვლადიმირ პუტინის თქმით, ის ეწინააღმდეგება სტალინის გადამეტებულ დემონიზაციას, თუმცა ამავე დროს, წინააღმდეგია იმასაც, რომ ხალხმა დაივიწყოს სტალინიზმის კოშმარი. პუტინმა სტალინს "რთული ფიგურა" უწოდა.

რეჟისორის კითხვაზე, რას ფიქრობს პუტინი იმაზე, რომ სტალინმა რუსეთს ფაშიზმე გაამარჯვებინა, ამ უკანასკნელმა ოლივერ სტოუნს მიმართა: "ვფიქრობ, ეშმაკი ადამიანი ხართ".

"სტალინი თავისი ეპოქის პროდუქტია", - განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა.

"რაც შეეხება მის დემონიზაციას. ინგლისის ისტორიაში იყო ასეთი ფიგურა, კრომველი. ის სისხლიანი ადამიანი იყო. ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებების დროს მოვიდა და დიქტატორად და ტირანად გადაიქცა. მისი ძეგლები დიდ ბრიტანეთში დღესაც დგას. ნაპოლეონი საერთოდ კერპად აქციეს. რა გააკეთა მან?

არა მარტო აღადგინა მონარქია, საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა და საფრანგეთი ნაციონალურ კატასტროფამდე მიიყვანა. ასეთი პერსონაჟები, ასეთი სიტუაციები მსოფლიო ისტორიაში საკმარისზე მეტია".

"სტალინიზმის დემონიზაცია"

"რა თქმა უნდა, გონებაში რაღაც რჩება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავივიწყოთ სტალინიზმის ყველა საშინელება, მაგალითად ის, რაც დაკავშირებულია საკონცენტრაციო ბანაკებთან და მილიონობით თანამემამულის განადგურებასთან.

ამბობენ, რომ დღევნდელი რუსეთი სტალინიზმის მემკვიდრეობით ლაქას ატარებს, ამგვარ მემკვიდრეობით ლაქებს ჩვენ ყველა ვატარებთ და მერე რა?! - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ "რუსეთი კაპიტალურად შეიცვალა".

მისი თქმით, "ისეთი ანტისაბჭოელი, როგორიც იყო ბრიტანეთის პრემიერი, უინსტონ ჩერჩილი, სტალინთან ურთიერთობისას "დამყოლი" გახლდათ".

"როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჩერჩილი საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის მომხრე იყო, სტალინს კი დიდი მეთაური და რევოლუციონერი უწოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც ცნობილია, სწორედ ჩერჩილი იყო ცივი ომის ინიციატორი. ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირმა პირველი ატომური ბომბი გამოსცადა, ჩერჩილის გარდა არავინ აღნიშნა ორი სისტემის თანაარსებობის აუცილებლობა".

ინტერვიუს დროს რეჟისორმა პრეზიდენტს ჰკითხა, იყვნენ თუ არა პუტინის მშობლები სტალინით აღფრთოვანებული: "რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობა".

იხილეთ ასევე: "სააკაშვილი ამას ვერ გაბედავდა" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე, საბჭოთა კავშირზე, შვილებსა და სიძეებზე?!