ჩვენი დროის "1984" - ჩრდილოკორეის რეჟიმის 23 წლის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ჩვენი დროის "1984" - ჩრდილოკორეის რეჟიმის 23 წლის მსხვერპლი

23 წლის ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბირი, რომელიც 15 თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის საპყრობილეში იმყოფებოდა, აშშ-ში 19 ივნისს გარდაიცვალა. ამის შესახებ საზოგადოებამ უორმბირის ოჯახის განცხადებით გაიგო.

"სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეაში საშინელმა და სასტიკმა მოპყრობამ ჩვენი შვილი სიკვდილამდე მიიყვანა", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

როგორც ცნობილია ახალგაზრდა სტუდენტი ამერიკაში ა.წ. 13 ივნისს გადაიყვანეს და ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტუდენტის გარდაცვალებასთან კავშირის გამო "ჩრდილოკორეული რეჟიმის სისასტიკე" გაკიცხა.

"ოტოს ბედი მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ჩემი ადმინისტრაციის მთავარ დავალებას, რომ ხელი შევუშალოთ უდანაშაულო ადამიანთა ცნოვრების ასე ტრაგიკულად დასრულებას. რომლებიც არ ემორჩილებიან რეჟიმს, რეჟიმი კი არ აღიარებს კანონის უზენაესობასა და ადამიანთა ღირსებას" ,- განაცხადა ტრამპმა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოტო უორმბირი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2015 წლის 25 დეკემბერს, ტურისტების ჯგუფთან ერთად, პეკინიდან ჩავიდა. მოგზაურობის ბოლოს ის დააკავეს, ხოლო სტუდენტთან ერთად მყოფ სხვა ტურისტებს წასვლის საშუალება მისცეს. დაკავებისას ოტო ჯერ კიდევ 21 წლის იყო.

დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიების ეთერში ბადრაგის თანხლებით წარსდგა. ოტო ჩართვისსას ჰყვებოდა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს, რადგან ის სასტუმროდან სააგიტაციო პლაკატის მოპარვას ცდილობდა - თითქოს მას ეს პლაკატი ალაფის სახით ამერიკულ ეკლესიაში უნდა მიეტანა.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც თეატრალური დადგმის სახე უფრო ჰქონდა, ოტომ განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლების თანხმობით უხმაუროდ მოქმედებდა, რათა კორეელი ხალხის მოტივაციისა და შრომითი ეთიკისთვის ზარალი მიეყენებინა.

2016 წლის მარტში ფხენიანის სასამართლომ ამერიკელ სტუდენტს სახელმწიფო დანაშაულისთვის და ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს სტუდენტური ორგანიზაციის საიდუმლო წევრობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

15 თვე ჩრდილოეთ კორეის ციხეში ყოფნის შემდეგ, 23 წლის სტუდენტი ამერიკაში კომატოზურ მდგომარეობაში ჩაიყვანეს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, მათ ოტო "ჰუმანური თვალსაზრისით" გაათავისუფლეს ციხიდან.

ამერიკელი ექიმები, ოჰაიოს შტატის ცინცინატის სამედიცინო ცენტრში, სადაც კომაში მყოფ ოტოს მკურნალობდნენ, აცხადებენ, რომ ძალადობის კვალი არსად ჩანს, თუმცა არ იჯერებენ ჩრდილოკორეელი ექიმების განცხადებას, რომლის თანახმადაც ოტოს ბოტულიზმი ჰქონდა, მიიღო საძილე აბი და ამის შედეგად განუვითარდა კომატოზური მდგომარეობა.

უცნობია რა დაემართა და რა სიტუაციაში იმყოფებოდა 23 წლის ამერიკელი სტუდენტი დაკავებიდან 15 თვის განმავლობაში. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ