რა აზრის ვართ სტალინზე? - კვირის პალიტრა

რა აზრის ვართ სტალინზე?

სოფელ ზემო ალვანის სკოლასთან ადრე სტალინის ქანდაკება იდგა. 2011 წლის 17 ივნისის ღამეს ის გაქრა. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. ახლახანს ერთ დილით ქანდაკება ვიღაცამ უკან დააბრუნა, ოღონდ შეფუთული სახით. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მხრებს იჩეჩავენ. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ქანდაკება 2012 წლის 2 დეკემბერს ანუ სტალინის დაბადების დღეს გაიხსნება. სტალინის ქანდაკების აღმართვა - ანუ ამ შემთხვევაში უკან დაბრუნება -საერთაშორისო დონის ამბავია, განსაკუთრებით ახლა, როცა ქართული ოცნების მთავრობის შესაძლო მიმართულების გარკვევის მცდელობებს აქვს ადგილი.

მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ საქართველოში სტალინის შესახებ. აქ ერთი გამოკვეთილი აზრი არ არსებობს. თუ ვინმეს საქართველოდან შეეკითხებით, თუ რას ფიქრობს ის სტალინის შესახებ, ისეთ რამეს გაიგებთ, რაც საქართველოს ისტორიისა და გარკვეულწილად საკუთარი იდენტობის შესახებ მათ შეხედულებებს საკმაოდ დიდ ნათელს მოჰფენს. სამწუხაროა ის, რომ დისკუსია არა იმდენად სტალინს ან ისტორიაში მის როლს, არამედ მის ქანდაკებებს უფრო ეხება. ეს საქართველოსა და სიმბოლოების მნიშვნელობაზე გარკვეულ წარმოადგენას გვიქმნის, გვანახებს, თუ როგორ ხდება ისტორიის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისგან თავის არიდება. ღამით სტალინის ქანდაკებების გადაადგილებას თავისი მიზეზები აქვს. ისინი, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, ვერ ბედავენ ისტორიის შესახებ მათი შეხედულებების დაცვას.

ჩემი პირადი აზრია, რომ სტალინი სასტიკი მკვლელი, მეოცე საუკუნის საშინელი ფიგურა იყო

ბოლო წლებში ბევრი საფუძვლიანი წიგნი გამოიცა ინგლისურ ენაზე (ზოგიერთი ბესტსელერიც კი გახდა), რომელთა ავტორები ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რას წარმოადგენდა ის, რა და რატომ გააკეთა. ყველა გაგებით - ის ტერორისტი იყო. ეს მან და ორჯონიკიძემ მოუსწრაფეს სიცოცხლე საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ რესპუბლიკას (ლენინის სურვილის საწინააღმდეგოდ). ეს იყო დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა. მეურნეობების კოლექტივიზაციამ, გოლოდომორმა და წმენდებმა საქართველოში მილიონები იმსხვერპლა. მე რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, რომელთა ბებია-ბაბუაც სტალინის დროს მოუკლავთ ან გულაგში გადაუსახლებიათ. ცხადია, ის მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების მთავარი მიზეზი იყო. თუმცა, გამარჯვებული მხარისთვის მსოფლიოში უჩვეულოდ მაღალი სიკვდილიანობის არმიას ხელმძღვანელობდა. ეს დებატი 1956 წლის მარტამდე გრძელდებოდა. მერე კი ემოციების შეკავება შეუძლებელი გახდა. ნუთუ იმ ახალგაზრდა დემონსტრანტებმა არ იცოდნენ, თუ რა ჩაუდენია სტალინს? ნუთუ ეს არცოდნა ხმის ამოღების ყოვლისმომცველი შიშის შედეგი იყო? იცავდნენ თუ არა ისინი საქართველოს ღირსებას ხრუშჩოვის მიერ "საქართველოს დიდი შვილისადმი" მიყენებული შეურაცხყოფის გამო? თუ მათ ყველაფერი იცოდნენ სტალინის შესახებ, მაგრამ მაინც იცავდნენ მას, რადგან პატივს სცემდნენ? თუ უბრალოდ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო?

თუმცა, მე ქართველი არ ვარ და ჩემს აზრს ამ მხრივ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ისტორიული შეუსაბამობები მარტო საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი ამერიკის ყველაზე დიდ ეთნოწმენდას ხელმძღვანელობდა. მაშინ ინდიელები მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გაყარეს. ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ის 20-დოლარიანზე გამოესახათ დ თეთრი სახლის მოპირდაპირედ მდებარე პარკისთვის მისი სახელი დაერქმიათ. ვაშინტონში არსებული ეფ-ბი-აი-ს შტაბიც იგივე სახელის მატარებელია.

ქრისტეფორე კოლუმბი აშკარა იმპერიალისტი იყო. არც მას დაუკლია ხელი ადგილობრივი მოსახლეობის დაწიოკებისთვის. ედგარ ჰუვერი წლების განმავლობაში ეფ-ბი-აი-ს თავი იყო. ის უკანონოდ ჯაშუშობდა ადამიანის უფლებების ბევრ აქტივისტზე. როცა მე ტექსასის სკოლაში დავდიოდი, ამერიკის ისტორიის სწავლება 1966 წლამდე პერიოდს მოიცავდა, რადგან მასწავლებლები და მშობლები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რა თქმულიყო ამერიკის ომზე ვიეტნამში. მე მასწავლიდნენ, რომ ამერიკის სამოქალაქო ომი შტატების რაღაც უფლებების დასაცავად გაჩაღდა. ეს მოტივი ნაკლებად მტკივნეული იყო, ვიდრე იმის აღიარება, რომ ის სამხრეთის შტატი, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, სინამდვილეში მონობას უჭერდა მხარს. სწორედ ეს იყო ომის ნამდვილი მიზეზი. მე დალასიდან ვარ. ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს პარკს ლის პარკს უძახიან სამოქალაქო ომის დამარცხებული მხარის გენერლის საპატივსაცემოდ. პარკში მისი ქანდაკებაც დგას.

ასეთი რამ უპრობლემოდ შეიძლება მოხდეს. საქართველოში კი უცნობია, თუ ვინ იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს. არის თუ არა ეს ზემო ალვანის მიერ გადასაჭრელი საკითხი? თუ ახმეტის? ან საერთოდ საქართველოსი? შეუძლია, თუ არა მთელ მსოფლიოს ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება? ეს კითხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სკოლის საკუთრებას ეხება. ასე მგონია, ადგილობრივების უმრავლესობისთვის ქანდაკება პრობლემას არ წარმოადგენს. ლაპარაკი უფრო იმაზეა, თუ ვის აქვს ან უნდა ჰქონდეს ამ ქანდაკების დატოვება-არდატოვების საკითხის შესახებ აზრის გამოხატვის უფლება.

საინტერესოა, ვინ აპირებს 22 დეკემბერს ქანდაკების გახსნაზე მისვლას?

ისტორიის სტუდენტები თუ მივლენ? ანდა 1937 წელს დახვრეტილთა შვილიშვილები? რაზე ილაპარაკებენ, სტალინის შესახებ? საქართველოში თითქმის ყველა თვლის, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თუმცა, იმავდროულად, აფხაზების გრძნობებსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ჩრდილოეთ კავკასიაზე რაღა შეიძლება ითქვას? საერთაშორისო აღიარებით, სტალინი უაღრესად დესტრუქციული პიროვნება იყო. რა თქმა უნდა, გერმანიის რომელიმე სოფელში ხელისუფლების თანხმობით ადგილობრივების მიერ ჰიტლერის ქანდაკების აღმართვა უმალ საერთაშორისო ამბად იქცეოდა. თუმცა, ეს არ მოხდება, რადგან გერმანელთა საერთო შეთანხმებით ჰიტლერი საძაგელი პიროვნება იყო და გერმანული კანონმდებლობით ის შესაბამისად იკრძალება. გერმანულ კანონმდებლობას კი გერმანელები ყოველთვის ემორჩილებიან და მხარს უჭერენ.

ის საერთაშორისო მედია საშუალებები (ძირითადად, კრემლთან ასოცირებული არხები), რომლებიც საქართველოს უარყოფითად წარმოჩენას ცდილობენ, ამ ამბავზე იტყვიან, რომ საქართველო ჩამორჩენილი ადგილია, სადაც მონსტრსაც კი იცავენ, თუ ეს მონსტრი საქართველოდანააო. ეს გარემოება გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ საქართველოს ტენდენციურობაში დასდონ ბრალი. დასავლეთის მედია საშუალებები კი მისი საშუალებით ბიძინა ივანიშვილის უკეთ გაგებას შეეცდებიან. მართალია, ეს ადგილობრივი ამბავი იქნება, მაგრამ მას ასეთად არავინ შეხედავს. ალბათ, უსამართლო სურათიც დაიხატება, სადაც სააკაშვილი სტალინის ქანდაკების მოცილებას ცდილობს, ივანიშვილი კი - ამ ქანდაკებას უკან აბრუნებს.

ფაქტობრივად, ნებისმიერი რამ, რასაც საქართველოს მედია აშუქებს, დღევანდელი ტენდენციური პოლიტიკის ვიწრო ჩარჩოებში აღიქმება. ამ თვალსაზრისით ზემო ალვანის სტალინის ქანდაკების საკითხის განხილვა არასწორი მიმართულებით მიდის, რადგან უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას ვფიქრობთ სტალინთან დაკავშირებით. ეს იყო მკვლელი თუ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა? რადგან, საერთო ჯამში, სტალინი სარკეა. ის, რასაც მასზე ვფიქრობთ, სინამდვილეში ჩვენს საკუთარ თავზე საუბრის სახეობაა, თუ რას ვფიქრობთ ჩვენს რაობაზე და თუ როგორ ვუყურებთ საკუთარ ნაციას.

ერთი მცირე თხოვნა მაქვს: გთხოვთ, რომ ქანდაკებებისა თუ მონუმენტების გადაადგილება ან მოცილება-დაბრუნება დღისით მოხდეს და ასევე მოსახლეობას წერილობით და წინასწარ შეატყობინეთ ხოლმე, თუ როდის და რატომ აკეთებთ ამას. არ შეგეშინდეთ. ეს მხოლოდ ისტორიაა.