ქართველებო, მეტი ყურადღება ბავშვებს 3-5 წლის ასაკიდან - კვირის პალიტრა

ქართველებო, მეტი ყურადღება ბავშვებს 3-5 წლის ასაკიდან

საქართველოში, ბაღში ან მსგავს დაწესებულებაში ბავშვების ნახევარზე მეტი არ დაჰყავთ. თბილისშიც კი ეს მაჩვენებელი საერთაშორისოზე დაბალია. ბოლო წლების კვლევებმა უჩვენა, თუ რა დადებითი ეფექტი მოჰყვება ხოლმე ბაღში ბავშვის თუნდაც ორიოდე საათით ტარებას. ერთი კვლევა რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა იმისათვის, რომ დაედგინათ ბაღში მოსიარულე და არმოსიარულე ბავშვებს შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული შესაძლო განსხვავებები. კვლევამ გასაოცარი ფაქტები გამოამზეურა. ისინი, ვინც სკოლამდე ბაღში დადიოდნენ, სკოლაში უფრო კარგად სწავლობდნენ, უმაღლეს განათლებას უფრო დიდხანს მიჰყვებოდნენ, უფრო მაღალ შემოსავალს იღებდნენ და შესაბამისად, მათ უფრო ნაკლები ალბათობით აპატიმრებდნენ ან ციხეში სვამდნენ. და საერთოდ, საშუალოდ, უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს. დღეს ტვინის სკანირებამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ალბათ იმის გარკვევაც შეგვიძლია, თუ რა აქცევს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებას ბავშვის ადრეული განვითარების ასეთ დიდ მასტიმულირებელ ფაქტორად.

რა ხდება ხოლმე ასეთ დაწესებულებაში? ჯერ ერთი, ეს სკოლა არაა. აქ არაა სასწავლო გეგმა, არაა საჭირო მუდმივი დაზეპირება და ტესტების ჩაბარება. თვით მასწავლებლებიც იმდენად კი არ ასწავლიან, არამედ საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს უბრალოდ ეხმარებიან ხოლმე. სკოლამდელ დაწესებულებაში ოთხი მიმართულებით მუშაობენ: 1) სხეულის უნარები და მოძრაობა; 2) ხელის მოძრაობის კოორდინაცია და სიზუსტე; 3) შემეცნებითი ან ლოგიკური შესაძლებლობები; 4) სოციალური და ემოციური განვითარება. ეს მუშაობა წარმოადგენს სკოლაში ცოდნის შეძენისთვის მზადების პროცესს. ხატვა ბავშვებს წერისთვის ამზადებს, მასწავლებლების მიერ ტექსტის ხმამაღლა წარმოთქმა - კითხვისთვის, დაწყობა-დახარისხება-დათვლა-ამოხსნა კი - მათემატიკისთვის. ოთახში ჩვეულებრივ რამდენიმე განსხვავებული ადგილია, მათ შორის - საძინებელი კუთხე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა საქმიანობაში დროის გატარება. ხშირად დღე აზრთა გაცვლით იწყება, როცა ბავშვები წრეში სხდებიან და ლაპარაკობენ იმაზე, თუ რას გრძნობენ და რის გაკეთებას აპირებენ ამ დღეს.

ის, რომ საქართველოში სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების მხოლოდ ნაწილი დაჰყავთ, რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. პირველ რიგში, ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვს სახლში უფრო მოუვლიან. ცხადია, ეს სიმართლეა. არსებობენ როგორც კარგი, ისე ცუდი სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებები. მასწავლებლები აუცილებლად კარგად უნდა უნდა იყვნენ მომზადებულნი და იცოდნენ ბავშვებთან ურთიერთობა. ამჟამად განათლების სამინისტრო არავითარ ზედამხედველობას არ აწარმოებს ასეთი დაწესებულებების მუშაობაზე. ეს საქმე გადაულოცეს მუნიციპალიტეტებს. და არც ამის ფინანსები არსებობს. მშობლები ამ საქმეს ხშირად უბრალო ძიძობად აღიქვამენ და ასეთ დაწესებულებებში ბავშვს იმიტომ ატარებენ, რომ ოჯახში არ ჰყავთ თავისუფალი წევრი, რომელიც პატარაზე იზრუნებს. გარდა ამისა, მშობლები ალბათ სათანადოდ არ ფიქრობენ ბავშვების ადრეული განვითარების მნიშვნელობაზე. ხშირად მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დღის განმავლობაში თავისუფალი დრო არ რჩებათ ბავშვებისთვის. ამის გამო ბავშვები დღედაღამ ტელევიზორს არიან მიწებებული. სკოლამდელი დაწესებულების დიდი უპირატესობა ის არის, რომ კარგი მასწავლებლის ხელში ბავშვები ბევრ რამე სწავლობენ: ერთად თამაშს, ერთმანეთისთვის რაღაცების გაზიარებას და ერთმანეთთან კინკლაობის მოგვარებასა თუ თავიდან აცილებას. კარგად გამოწვრთნილი მასწავლებელი არ დაუყვირებს მათ: "თაკო, ათხოვე ფანქარი დათუნას, თორემ დაისჯები!" არამედ დაეხმარება უთანხმოების გონივრულად მოგვარებაში. ბავშვი, რომელსაც მშვიდობიანი ურთიერთობის კარგი გამოცდილება არა აქვს, ანდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მხოლოდ ხანდახან ეზოში თამაშის დროს უხდება, სკოლაში უმალ მუშტებზე გადავა, როცა კი რომელიმე თანაკლასელი მის ფანქარსა თუ საშლელს წაეტანება.

როგორც სოციოლოგებმა დაადგინეს, სკოლაში წარმატებას აღწევს არა ის ბავშვი, რომელსაც მაღალი ინტელექტი აქვს, არამედ ის, რომელიც ცოდნის შეძენისთვის ყოველთვის მზად არის. ცოდნის შეძენისთვის მზადყოფნა კი კავშირშია სოციალიზაციის საკითხის მოგვარებასთან. რთული ბავშვები არიან ისინი, რომლებიც ხშირად კამათობენ და ვერ აგვარებენ პრობლემებსა თუ კონფლიქტებს და რომლებსაც უჭირთ მოსმენა. სამწუხაროდ, სკოლის პირველ წლებში წამოჭრილი ასეთი პრობლემები ზოგიერთი ჭკვიანი ბავშვისთვისაც ისეთი სერიოზული ხდება, რომ შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაჰყვეს. საბედნიეროდ, საქართველოსთვის საკმარისი უნდა იყოს მოკრძალებული ინვესტიცია 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაწესებულებების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, რაც გაცილებით მოგვიანებით ათმაგად ანაზღაურდება.