საყვარელი ქალისთვის ნაჩუქარი ვილა Belfiore - კარუზოს ტრაგიკული სიყვარულის მოწმე - კვირის პალიტრა

საყვარელი ქალისთვის ნაჩუქარი ვილა Belfiore - კარუზოს ტრაგიკული სიყვარულის მოწმე

ფლორენციიდან ოციოდე კილომეტრში არის ერთი პატარა, ვაზითა და ზეთისხილის ბაღებით გარშემორტყმული, ტიპური ტოსკანური დასახლება Lastra a signa. ის ისეთივე ლამაზი და მშვიდია, როგორც ტოსკანას სხვა პატარა ქალაქები. განსაკუთრებული თითქოს არაფერია, რომ არა ერთი გარემოება: Lastra a signa-ს თავზე მდებარეობს ულამაზეს ბაღში ჩაფლული სასახლე - ვილა Belfiore, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ლეგენდარულ იტალიელ ტენორ ენრიკო კარუზოს ეკუთვნოდა. უფრო სწორად, მან ეს სასახლე, უსაყვარლეს მეუღლეს, ასევე საოპერო მომღერალ, სოპრანო ადა ჯაკეტის აჩუქა.

ამ ადგილის შესახებ შემთხვევით შევიტყვე ტენორისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ენრიკო კარუზო წარმოშობით ნეაპოლიდან იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ჩემი საცხოვრებელიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში შეიძლებოდა მისი სახლი ყოფილიყო. როგორც კი ინფორმაცია მოვისმინე, მივხვდი როგორ გავატარებდი მომდევნო გამოსასვლელ დღეს. წინ ულამაზესი სანახაობა მელოდა...

ამჟამად, სასახლეში მუზეუმია გახსნილი, სადაც დღემდე ინახება ლეგენდარული ტენორის პირადი ნივთები და სასცენო კოსტიუმები.

გთავაზობთ ფოტომასალას სასახლიდან, ასევე შევეცდები გავაცოცხლო ენრიკოსა და ადას სიყვარულის ისტორია

ენრიკო კარუზო და ადა ჯაკეტი

კარუზოს პირველ საგასტროლო ტურნეში საოპერო მომღერალ ადა ჯაკეტისთან ერთად მოუწია წასვლა. მათ შორის მომენტალურად გაჩაღდა თავბრუდამხვევი რომანი. მიუხედავად იმისა, რომ კარუზო მუდმივად სასიყვარულო ინტრიგებში იყო გახვეული, ის ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა ოფიციალურ ქორწინებას, თუმცა ადას გაცნობის შემდეგ ბევრი არ უფიქრია იმაზე, რომ სწორედ ის იყო ქალი, ვისთან ერთადაც ცხოვრება სურდა.

წყვილის საძინებელი

თანაცხოვრების პირველი წლები მართლაც სავსე იყო დიდი ვნებითა და სიყვარულით, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო რთული ხდებოდა ორი ცეცხლოვანი ხასიათის იტალიელის თანაცხოვრება.

სწორედ ამ წლებში იყიდა ენრიკომ ადასთვის ფლორენციაში მდებარე 1585-1595 წლებში აგებული სასახლე, რომელიც იმ ეპოქის დამახასიათებელი ნატიფი სტილით გამოირჩევა. თუმცა, წყვილს ამ სასახლეში ბედნიერი ცხოვრება არ ეწერა.

სასახლეში გამოფენილი ადა ჯაკეტის პორტრეტი

კარუზო მუდმივად გასტროლებზე იმყოფებოდა და ადას თვეობით მარტო უწევდა ყოფნა. ქმარს ამ დიდებული საჩუქრით ერთგვარად "დანაშაულის" გამოსყიდვა უნდოდა, მაგრამ ეს მათი სიყვარულის დასასრულის დასაწყისი გახდა. სასახლის მთელ შემოგარენში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმოდა ცოლ-ქმრის ხმამაღალი ჩხუბის ხმა. თავდაპირველად ადა ენრიკოს გარშემო თავმოყრილ მსახიობ ქალებზე ეჭვიანოდა, მალე კი უკვე თვითონ მისცა ქმარს ეჭვიანობის საბაბი.

იქიდან გამომდინარე, რომ სასახლე დანარჩენი დასახლებებიდან ცოტა მოშორებით მდებარეობდა, კარუზომ მეუღლეს მანქანაც აჩუქა და თავისთავად მძღოლიც დაუქირავა.

მოკლე ხანში, ქალი სწორედ ახალგაზრდა პირად მძღოლთან ერთად გაიქცა და საკმაოდ დიდი თანხაც თან გაიყოლა...

კარუზო შოკში იყო, მიუხედავად ამდენი დამცირებისა, მას მაინც უყვარდა ქალი და ცდილობდა როგორმე უკან დაებრუნებინა, თუმცა ადამ საბოლოოდ დაუსვა ამ ურთიერთობას წერტილი. ენრიკოს თავდავიწყებულ სიყვარულს მოჰყვა შურისძიების საშინელი სურვილი.  გაქცეულ ქალზე შურის საძიებლად კარუზომ რომანი ადას უმცროს დასთან, რინასთან გააბა. როცა ამ ტაქტიკამაც არ აიძულა ადა დაბრუნებულიყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ კარუზომ, თან წაღებული ძვირფასეულობისა და ფულის გამო, ადას უჩივლა და სამი თვით ციხეშიც გამოკეტა...

11 წელიწადი გაატარეს ერთად, ადამ მას ორი ვაჟიშვილი გაუჩინა, თუმცა ყველაფერს საბოლოოდ სკანდალური და საკმაოდ ტრაგიკული დასასრული ჰქონდა.

ამის შემდეგ კარუზო მართალია სისხლსავსე, ახალ-ახალი განცდებით სავსე ცხოვრებაში გადაეშვა, როდესაც უამრავი საყვარელი ეხვია თავს, თუმცა, ამბობენ, რომ მომხდარმა შეუხორცებელი ჭრილობა დაუტოვა ყველა დროის საუკეთესო ტენორს.

მეორედ კარუზომ ქორწინება ამერიკელ დოროთი ბენჯამინთან 1918 წელს გაბედა, რომელთანაც ქალიშვილი - გლორია შეეძინა. თუმცა მათი ბედნიერი თანაცხოვრება 3 წელს გაგრძელდა. 1921 წელს კარუზო გარდაიცვალა.

ნინო მამუკაძე

იტალია, ფლორენცია