მინდა დავიცვა ჩემი უფლება და ქვეყნის კანონი, მაგრამ ის ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს! - კვირის პალიტრა

მინდა დავიცვა ჩემი უფლება და ქვეყნის კანონი, მაგრამ ის ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს!

16 წელზე მეტია არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. ამას პროტესტის ნიშნად ვაკეთებ. ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც სათავეში მოსვლა უნდათ და ხალხს ჰპირდებიან,  - დაგეხმარებით, დენს გაგინახევრებთ, უფასო განათლების მიღების საშუალება გექნებათ და ა. შ.  ხმას არ ვაძლევ და არც არასოდეს მივცემ. 21-ე საუკუნეში მთელ მსოფლიოში, როცა ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ბერკეტები უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სანქციები და იარაღი, როდესაც ამ პლანეტაზე მარტო არ ხარ, მსგავსი დაპირებებით სათავეში მოსვლის სურვილი იუმორივით ჟღერს.

არადა, მთავრობები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ეტყობა იდეები არ ჰყოფნით და ერთმანეთის დაპირებებს იმეორებენ. მე კი წლებია ველოდები როდის გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იტყვის - თქვენს უფლებებს დავიცავ. ყველა ეტაპზე, ყველგან და ყველაფერში კანონი გახდება უზენაესი და ეს დაპირება ქმედითი იქნება! და არა ისე, როგორც დღეს არის, როცა ყოველ ნაბიჯზე ადამიანის უფლებები ირღვევა, ხელისუფლება კი დაჟინებით იმეორებს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის!

მოკლედ, რა ქვეყნის მშენებლობა, რის ქვეყნის მშენებლობა! - ვიდრე  მთავრობას გაახსენდება, რომ ხელისუფლებაშია და ისწავლის რას ნიშნავს ხელისუფლებაში ყოფნა, ჩვენი სამქე სულ უკან და უკან მიდის.  ვიღაც გასწავლის როგორ უნდა იცხოვრო იმ დროს, როცა საკუთარ ცხოვრებას არავინ განსჯის. ასეა ბატონებო, თუ მთელი ხალხი უაზროდ თავისუფალია, ის მორალის დაცვას სხვისით იწყებს. ყველა თავის ნებაზეა მიშვებული. თუ რამე არ მოწონთ, ხალხი ძალადობს, ჩხუბობს, იბრძვის. რა გარანტია გვაქვს, რომ ცოტა ხანში ხალხი ერთმანეთის კვლას არ დაიწყებს, თუ ვინმეს საქციელი არ მოეწონება!? რა გარანტია გვაქვს რომ იმ სახელმწიფოებს არ დავემსგავსებით, რომლებიც ცხოვრება ძალადობაზეა აგებული და არა კანონებზე. სადაც მორალის ძალადობით დანერგვის მცდელობა საშიშროებას უქმნის არა მარტო იმ ქვეყნებს, არამედ მთელ კაცობრიობას.

რამდენიმე მაგალითი უნდა მოვიყვანო.

ვმგზავრობდი ყვითელი ავტობუსით. მძღოლმა ძალიან ცუდად ატარა, კინაღამ ავარიაში მოგვახვედრა. თან უზრდელად გვპასუხობდა. ასეთ ფაქტებს თბილისში ბევრგან შეხვდებით. აბსულუტურად შეურაცხყოფილი ვიყავით ყველა მგზავრი. არცერთმა საგზაო პოლიციელმა არ გაგვაჩერა. ეტყობა ჩვენს ქუჩებში ისინი არ არსებობენ. მგზავრთაგან ზოგმა კი ყვირილი დაიწყო, ისევ ერი გალანძღა, რომ ჩვენ არ ვარგივართ, რადგან უნდა გაგვეჩერებინა ავტობუსი და თურმე მძღოლი ერთი კარგად გვეცემა.

წარმოგიდგენიათ? მე, რომელიც შეურაცხყოფილი ვარ საშინელი მომსახურებით, უზრდელი პასუხებით, სიკვდილს გადარჩენილი და დასტრესილი, იმის ნაცვლად რომ ბოდიში ვინმემ მოიხადოს და ეს მძღოლი დაისაჯოს, ისევ ჩემნაირებისგან გავილანძღე, რომ ჩვენ ვერ ვაგვარებთ საქმეს. ათას ვინმეს ვკითხე, აი, ამ სიტუაციაში რა უფლებები აქვს ხალხს? ვის შეიძლება მივმართოთ? ხან პოლიციას ვურეკე. არავინ არაფერი იცოდა და სამართალიც ვერ ვიპოვე.

როგორ ფიქრობთ ნიშნავს კი ეს, რომ მთავრობა გვყავს ან კანონი გვაქვს? არადა, ეს ხომ ერთეული შემთხვევები არ არის? ზოგადად ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში, მძღოლების დამოკიდებულება და სხვა კატასტროფაა. მე მინდა დავიცვა ჩემი უფლება და ქვეყნის კანონი, მაგრამ ის ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს!

თუ თქვენ მეტყვით, რომ წვრილმანებისთვის ვხარჯავ დროს ტყუილია, რადგან სწორედ ამ ე. წ. წვრილმანებზე დგას ნორმალური და მათ შორის ევროპული სახელმწიფოები. ხომ კარგია, რომ ჩაბრძანდებით უცხოეთში და მშვიდად და კულტურულად გემსახურებიან. ეს იმიტომ კი არა, რომ იქ ხალხს აქვს სხვა მენტალიტეტი, ან მეტი კულტურა, როგორც ჩვენ ხალხს კიდევ ერთ ტყუილში არწმუნებენ და აგიჟებენ, არამედ ყველაფერი, მათ შორის მუშაობის თუ ქცევის ნორმებიც კი, მკაცრ კანონებშია მოქცეული.

ერთ დღეს ლონდონში "ნაითბრიჯზე" ორსართულიანი წითელი ავტობუსით მივდიოდი. არ ვიცი რა დაემართა მძღოლს, წითელზე გადაირბინა და ჩვენს წინ მიმავალ ჯიპს გადაუსწრო, საავარიო სიტუაციაც შექმნა. ხალხი აღშფოთდა, მაგრამ ხმამაღლა ვერ მოასწრო რამის თქმა, რომ ზუსტად ორ წუთში პოლიციამ გაგვაჩერა. გამოიძახეს მორიგე ავტობუსი, მძღოლის გამოკითხვა დაიწყეს, ავტობუსი გადააყენებინეს და ვიდრე, სულ რამდენიმე წუთში სხვა ავტობუსში გადაგვსხამდნენ, მინიმუმ 20-ჯერ ბოდიში მოგვიხადეს.

გვიხარია ტურისტები მომრავლდნენ... მაგრამ რა, არცერთ მომსახურების ადგილზე ჩვენი გოგო-ბიჭები გამარჯობას, მადლობას და ნახვამდის არ ამბობენ. ეს ხომ ელემენტარულია. ერთმა ჩემმა ფრანგმა ნაცნობმა ქალმა ღიმილით მითხრა, რომ ამგვარი მანერები უხეშად აღიქმება. ან ფრანგი რა შუაშია, მე თვითონ აბსულუტურად შეურაცხყოფილი ვარ მომსახურების დონით. (უბრალო რამის ყიდვა, რომ მინდა, მაშინაც კი, კარგად გამოლანძღული ვრჩები!?) აქ ეტყობა მენეჯერები არ მუშაობენ და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ქვეყანას კონსტიტუცია გააჩნია, სასამართლო თავისუფალია და ჩვენი გეზი ევროპისკენაა მიმართული სასაცილო! ევროპაში უხეში პასუხისთვისაც კი შეგიძლია იჩივლო და ამიტომ არავინ ბედავს მას! საერთოდ ვერ გამიგია ხელისუფლების დაჟინებული განცხადებები ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის. რას ნიშნავს ეს? დღეს რა კეთდება ამისთვის? რა ეტაპზე ვართ, ვინმე გვეუბნება? მეც ევროპას ამიტომ ვახსენებ, რომ მუდმივად მესმის ჩემი ხალხის დამცირება ევროპელებთან შედარებით, თორემ კანონი და სწორად აწყობილი ქვეყანა პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, ჩვენ, მოქალაქეებს, ვინც ძალიან დავიღალეთ! არც ერთ სფეროში სისტემა არ არსებობს, კანონი არ მოქმედებს... დამისახელეთ ქვეყნები, რომლებიც მორალზე დგას! ან ის ქვეყნები, რომლებიც ხალხის სინდისზეა "აგებული" და მე ბოდიშს მოვიხდი!

საერთოდ, პირდაპირ გეტყვით, მერაბ მამარდაშვილი ცდებოდა, როცა წერდა, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერი გვჭირდება. შეიძლება საბჭოთა საქართველოში ეს კარგად ჟღერდა, მაგრამ დღეს ის არ მოქმედებს. თუმცა ადამიანებს ახლის ძებნა, ან სწორად შეფასება უფრო უჭირთ, ვიდრე ცნობილი ადამიანების გამონათქვამების კალკი. ძალიან დიდი ხანია ბევრი ავტორის ბლოგში ვკითხულობ, რომ ყველაფერი საზოგადოების ბრალია; რომ, ჩვენ სახელმწიფოებრივად უნდა ვაზროვნებდეთ. ჩვენს ქვეყანაში, როცა ადამიანი დილით სახლიდან გამოდის და ფიქრობს კიდევ ერთი დღე როგორ გადაიტანოს, ყველანაირ პასუხისმგებლობას კიდევ მას ვაკისრებთ. თან არასოდეს არაფერი უნდა შეეშალოს. ეს უბრალოდ ცრუ-ევროპული პროპაგანდაა, რაც ერის გამოფიტვას იწვევს.

საერთოდ რას ნიშნავს დიდად არ მესმის "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერი"!

დამისახელეთ ქვეყნები და ერები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ?! შეიძლება სახელმწიფოებრივად მთავრობა აზროვნებდეს, მართლა უყვარდეს ქვეყანა და ააგოს სისტემა ისე, როგორც სახელმწიფოს ჭირდება, თორემ ცუდსაც და კარგსაც აქვს დედამიწაზე არსებობის უფლება.

ნებისმიერ ქვეყანაში არის რასიზმი, ქსენოფობია, მკვლელობა, კანონის დარღვევა და ამას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერი კი არ არეგულირებს ან ებრძვის, არამედ მთავრობა და ის სისტემა, რომელიც იმ ქვეყანაზეა მორგებული! ვისთვისაც კანონი რეალურად კანონია და აიძულებს ყველას, რომ კანონის დაცვით იცხოვროს! ჩემი რამდენიმე ნაცნობისა და მისი მსგავსი ადამიანების გარდა, როცა არც კანონია, არც სამართალი და სინდისით ცხოვრობენ და არასოდეს არაფერი დაურღვევიათ, საქართველოში კი არა მთელს მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან. დანარჩენ შემთხვევაში კი, ხალხი ყველგან ხალხია, რომელიც მკაცრ წესებს უნდა მოარგო!

ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერზე", რომელშიც  მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.