რატომ ვემსგავსებით მოსიარულე გვამებს?! - ფსიქოფობიით შეპყრობილი სამყარო - კვირის პალიტრა

რატომ ვემსგავსებით მოსიარულე გვამებს?! - ფსიქოფობიით შეპყრობილი სამყარო

ჩვენ სულიერების გვეშინია!

"მსოფლიოს სულიერ ცხოვრებას შეიძლება მართავდეს მხოლოდ სულიერი ხალხი. ასე იყო და იქნება, მაგრამ სულიერება დღეს თითქოს გარიყულია და ცხოვრების მდინარისაგან განზე გამდგარი. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. მე-19 საუკუნის მოაზროვნე ადამიანები უკვე გრძნობდნენ, რომ კაცობრიობას დაეუფლა ფსიქოფობია.

"ფსიქოფობია" ბერძნული სიტყვაა და სულიერების შიშს და არა მარტო შიშს, სულერების სიძულვილსაც ნიშნავს".

მე-20 საუკუნის მოაზროვნე და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე

რამდენიმე დღის წინ ჩემმა ნაცნობმა მესიჯი გამომიგზავნა: "თუ რაიმე ჩამიდენია შენს წინაშე, მაპატიეო. ეს ადამიანი ამპარტავნებითა და ფარისევლობით ყოველთვის დიდ "სიყვარულს" მიიწერდა. შემდეგ ისეთი ადამიანებისგან ვიღებდი გზავნილებს, რომ დაძაბულობა დამეტყო. რა თქმა უნდა, არცერთისთვის არ მიპასუხია. საღამოს სახლში ვბრუნდები და ცისფერი ეკრანიდან: იგივე თემაზე საუბრობდნენ. ინტერნეტში კი კიდევ ერთი ზიზღის წერილი წავიკითხე, რომელსაც თავის დაცვის მიზნით ბოლოში რეპლიკა ჰქონდა: ქრისტიანებო, თქვენ ხომ მიტევება არ შეგიძლიათ, აბა ჩამქოლეთო. მერე მოწოდება რატომ არ ვართ ტოლერანტები და ასე შემდეგ.

რა ამაზრზენია.

"შენდობის დღეც" მოდად აქციეს. "შენდობა" რის შესახებაც არაერთ დეტალს ამოიკითხავთ წმ. წერილებიდან, გვეძლევა არა უპირობოდ, არამედ სინანულის (რასაკვირველია გულწრფელი სინანულის) პირობით. როგორი გასაგები და ლოგიკურია ეს და რამდენად ემიჯნება მოჩვენებით ქრისტიანულ და ყოვლისმომცველ უპირობო ყოვლისმიმტევებლობას.

ეს ახლანდელი მოდური პროპაგანდაა.

მოდური, მოჩვენებითი "ქრისტიანობის" ამ ცრუმქადაგებლებს თავიანთი არამყარი პოზიციების გასამყარებლად უყვართ უფლის ცნობილი გამონათქვამის - " ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ" (მათე 7.1) გამოყენება. მათთვის განსაკუთრებით საყვარელი ეს გამონათქვამი ოდნავადაც არ უშლის მათ ხელს განიკითხონ და სასტიკად განსაჯონ ყველა, ისევ გაყიდონ სინდისი, შენდობის მიღების მეორე წუთიდანვე მოიტყუონ, შვილები დაგვიხოცონ, სამართალი დაგვიჩლუნგონ, ამპარტავნებით, ერთმანეთის ღალატითა და თვალთმაქცობით განაგრძონ ცხოვრება.

მაპატიეთ, მაგრამ ეს დღე საერთო სახალხო სიყალბის დღედ გადააქციეს. სიყალბედ რითაც ბევრს აბრკოლებენ და აბნევენ; უპირობო შენდობის მიღება, ანუ საკუთარი ცოდვების უპირობო გამართლება. შემდეგ გაგრძელება უზნეო ცხოვრებისა და ასე დაუსრულებლად.

ქვეყანას სიყალბე და პროვინციალიზმი მართავს. ეს პროვინციალები განათლებულ და საჭირო ხალხს თელავენ. თუ, განსაკუთრებით საშიშად ჩაგთვალეს, ცრუპატრიოტებისა და ცრუნამდვილების ფრაზა მზად არის: "ნუ განიკითხვათ..."

მთავარეპისკოპოსი ამბერკი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა: "რა მიმზიდველი გამოთქმაა ნეოქრისტიანებისთვის, ანუ მე არ გიშლი ხელს ცოდვის ჩადენაში, შენ კი სამაგიეროდ მე ნუ შემიშლი ხელს ცოდვაში".

შემდეგ, ისევ საერთო სახალხო სიყალბის , ანუ "შენდობის" კვირა და გამართლება-გამყარება ჩვენი ცოდვებისა!

მსოფლიოს დღეს შიშველი და ტლანქი მატერიალური პრაგმატიზმი მართავს. წმინდა წერილების მიხედვით, უფალი არ კრძალავს ადამიანების ზნეობრივ შეფასებას, კეთილ და ბოროტ საქმეთა განსხვავებას(და არა ლანძღვას და ზიზღს). პირიქით გვავალებს კიდეც.

"ჩვენთვის ფრიად ყურადსაღებია, რომ დიდი მარხვის პირველი კვირიაკე წმინდა მართლმადიდებლობის დღესასწაულით მთავრდება. ახალ დროში ეს ნაკლებად აღინიშნება" (მთავარეპისკოპოსი ამბერკი).

რატომ გაურბიხართ მხილების კვირას შენდობის მომთხოვნნო? ჭეშმარიტ ქრისტიანს არ შეუძლია, გულგრილი დარჩეს აშკარა ბოროტებისა და ცოდვისადმი. მით უმეტეს შეურიგდეს უზნეობას, უწმინდურობას, უსამართლობას! შეუძლებელია, არ ვთქვათ მათი საქმენი ხმამაღლა, ვინც მათთან თანამშრომლობს, ვინც მხარს უჭერს, ხელს უწყობს ამგვარი ძალაუფლების განმტკიცებას და ერის დეგრადირებას, ჯოჯოხეთური ჩანაფიქრების შესრულებას.

მხილების დღე, შენდობის კვირის დასასრულს აღინიშნება. გარანტირებულ შენდობას ვითხოვთ, ცოდვების აღიარება კი არავის უნდა.

სულმნათმა ჩემმა მშობელმა მამამ იცოდა თქმა: "ჭეშმარიტებაზე წინ ბიძაშვილს რომ დააყენებ, აბა, ის სამართალია?"

დუმილი, დღეს დანაშაულია იმის თაობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. იმ სიყალბეზე, რითაც აცდუნებენ ადამიანებს. თითქოს ყველაფერი რიგზეა და არაფერია შესაშფოთებელი. ჭეშმარიტება კი ფეხქვეშ გათელილია. შემდგომ კი, თითქოს ვალდებული ხარ, ყველას ყველა ცოდვა მიუტევო.

რა საშინელი სიბეცეა!

ჩვენთან ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ღმერთი იდევნება. ყველანაირად კომფორტულ სამყაროში ადამიანებს სულიერების სიძულვილი ეუფლებათ. გულწრფელად გეუბნებით, დღეს არანაირი ფობია არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერთის გარდა, ეს არის სულიერების ზიზღი. ყველა ჩვენგანი ნელ-ნელა ცოცხალ გვამებს ვემსგავსებით, დანაშაულებრივი აზროვნებით ვაზროვნებთ. ჩვენ ყველა ფსიქოფობიით დავაავადდით! ჩვენ სულიერების გვეშინია!

ნინო ცხვარაშვილი

ჟურნალისტი