წინასაარჩევნო მოთხოვნები! - მშიერი სახედრის წინ ჩამოკიდებული წიწმატი - კვირის პალიტრა

წინასაარჩევნო მოთხოვნები! - მშიერი სახედრის წინ ჩამოკიდებული წიწმატი

დენი10 თეთრი +გაზი 5 თეთრი+ უფასო განათლება+ უფასო სამედიცინო დახმარება = მათხოვრულ ცხოვრებას!

დიახ, წინასაარჩევნო მოთხოვნები და არა დაპირებები! ისე, კარგი იქნებოდა დამესათაურებინა: "აუცილებელია წაიკითხონ პოლიტიკოსებმა!" რადგან, შესაძლოა ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ მაინც მიმხვდარიყვნენ, რომ ჩვენი ხალხი არ არის მასა და ჩვენი ერი მეტს იმსახურებს, ვიდრე "უფასო" "უფასოს" ძახილია. და, რომ ხრიკები დაუძველდათ!

ისე, ეს სიტყვა "უფასო" წინასაარჩევნო დაპირებების ყოველ მეორე წინადადებაში მაგონებს, მშიერი სახედრის წინ ჩამოკიდებულ წიწმატს. ქანცგალეული, კიდევ, რომ ცდილობს ორიოდე ნაბიჯი გადადგას, იქნებ, პირში ჩაიგდოს მწვანილი...

კარგა ხანია ვგრძნობ, რომ პოლიტიკოსები ამ ჭრილში უყურებენ ჩვენს მოსახლეობას. ამ სიტყვას "უფასო" ისევ მოვკარი ყური ზოგი პოლიტიკოსის წინასაარჩევნო რგოლში და მივხვდი, რომ ამ "მაგიური" სიტყვით ე.წ "პოლიტიკოსებს" კვლავ სწადიათ "მოაჯადოვონ" მშიერი ხალხი და სადღაც მიიტყუონ.

ხალხო, მართალია არჩევანი ცოტა კი არა, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ გთხოვთ ასეთ იაფფასიან ლუკმას ნუღარ წამოვეგებით! გაიხსენეთ, რომ მორიგი მოტყუების შემდეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არავის გაახსენდება საკუთარი ხალხი! უფრო სწორად, მხოლოდ ერთ შემთხვევაში გავახსენდებით "მათ", როცა განტევების ვაცი და მასზე ხელის შეწმენდა დასჭირდებათ.

ამიტომ ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისა და გულშემატკივრის პირველი მოთხოვნა ასეთია: კატეგორიულად შეიცვალოს მიდგომები და დამოკიდებულებები. დროა პოლიტიკოსები პირად სარგებელზე ზრუნვას მორჩნენ და გაიაზრონ, რომ ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვანი ხალხი ცხოვრობს. არასრულფასოვნად კი მხოლოდ პოლიტიკოსები წარმოგვაჩენენ.

ასევე, თუკი ისევ ჩვენ უნდა გავილანძღოთ 4 წელი, რომ ყველაფერი ხალხის ბრალია, ქვეყნის საქმიდან დაწყებული პირადი პრობლემებით დამთავრებული ჩვენ უნდა ვაგვაროთ, რატომ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ცრუ წინასაარჩევნო დაპირებებზე და დავუდოთ მათ წინ ხალხის წინასაარჩევნო მოთხოვნები.

რა გვინდა ჩვენ?!

1. ის, რაც ხდება სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მე მაინც სოფლის მეურნეობის ჩაკვლას ვუკავშირებ. ხელისუფალნო, მე ვიცი არაერთი ფაქტი და პირადად ვიცნობ არაერთ ადამიანს, ვინც საკუთარი სახსრების ფასად წავიდა სოფლად და დაამუშავა მიწა. დღეს კი არანაირი გასავალი არ აქვს მათ პროდუქტს. რადგან სოფლის მეურნეობის 80% საზღვარგარეთიდან შემოდის. აქ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ დროს არ წაგართმევთ. აღნიშნულ თემაზე ცალკე ვაპირებ მასალის მომზადებას.

ხელისუფალთ კი ვთხოვ: დაასახელეთ მიზეზები, რატომ არ ხდება ქართული ბაზრისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წახალისება. რატომ ხდება ამ დარგის მიზანმიმართული კვდომა? (ეს პასუხი კატეგორიულად გამორიცხეთ: ხალხი ზარმაცია)!

2. არჩევნებამდე საკმაო დროა იმისთვის, რომ შრომის უფლებების რეფორმა განხორციელდეს. ყურები გამოგვიჭედეთ ევროპისკენ მივდივართო და ხელფასები, მენეჯმენტი და დამოკიდებულებები კამბოჯის მსგავსი გვაქვს.

სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები და შრომის უსაფრთხოება. რასაც აინურშიაც არ აგდებენ არჩეული თუ ასარჩევი პარლამენტარები.

3. სასწრაფოდ, ყველა ეტაპზე, ყველგან, თუნდაც მცირე ჯიხურშიც კი უნდა ამუშავდეს მენეჯმენტი. სიტყვის დონეზე კი არა ქმედებით. ყველა კომპანიაში ოფისმენეჯერსა თუ ადამიანის რესურსების მენეჯერს რომ ეძებენ, შეხვალ კომპანიაში და ხვდები, რომ არანაირი მენეჯმენტი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი ქვეყანის იმიჯს ძალზედ უკან სწევს.

მენეჯმენტი არ მუშაობს, როცა რომელიმე მძღოლისგან სახლში გალანძღული მიდიხარ და აბსულუტურად შეურაცხმყოფელია ქართული ტრანსპორტით მგზავრობა. როცა არაერთ სავაჭრო ცენტრში აგრესიით გემსახურებიან და მსგავსი ფაქტების შემდგომ კი ისე დაუცველი ხარ საკუთარ ქვეყანაში, რომ არ შეგიძლია იჩივლო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ საკითხზე ვალდებულება ხელისუფლებას ეკისრება და არა ხალხს.

4. სასწრაფოდ დაიძრას ადგილიდან დასაქმების პრობლემა. ვხედავ პოტენციალს, როგორ შეიძლება უსწრაფესად, ნაწილობრივ მაინც გადაიჭრას ეს საკითხი. თუ თქვენ ვერ ხედავთ დაუსახელეთ ხალხს მიზეზები, რა გვიშლის ხელს და საერთოდ, როგორ ხედავთ ამ პრობლემას მოგვარებას?

ნუ შეეცდებით საპასუხოდ, ყველა ჩვენგანი მოგვარგოთ მშიერ, უფასო სასადილოებსა და სოციალურ დახმარებებს.

5. ქვეყანაში დიდი უძრაობის ხანაა. ვფიქრობ, რომ აქ მცდარ მიდგომებსა და არაპროფესიონალიზმს აქვს ადგილი. თუ გვინდა ქვეყანა გადავარჩინოთ, უნდა გქონდეთ სურვილი დაუთმოთ ადგილი პროფესიონალებს. ვინც ჩამოაყალიბებს სისტემას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოაცოცხლებს.

ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, როგორც "ქოცების" ისე "ნაცების" მიმართ იმედგაცრუებამ უკვე კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. დღეს მათი მთავარი ოპონენტი ხალხია! მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც როგორც ადამიანებს ისე ქვეყანას ექნება მიზანი. და არა ისე რასაც დღეს ვხედავ, ხალხი აბსულუტურად უმიზნოდ გამოდის სახლიდან, რომ როგორმე ის დღე დაგაიტანოს.

აღარ უნდა იყოს ჩვენთვის მიმზიდველი ის თუ ვინმეს ბევრი ფული აქვს. ან უფასო სასადილოებს, თუნდაც უფასო განათლებას გვთავაზობს. მინდა ვიყო ჩემი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე. მსურს მქონდეს ადამიანური შემოსავალი და ვიხდიდე ჩემი ჯიბიდან განათლებისთვის, წამლებისთვის თუ სხვა საჭირო ვალდებულებებისთვის.

6. რაც შეეხებათ პენსიონერებს თუ სოცილაურად დაუცველ ოჯახებს. მათ არ უნდა ჭირდებოდეთ ხვეწნა საკუთარი მთავრობისთვის, რომ ხელშეწყობა ჭირდებათ. ნებრისმიერ ნორმალურ ქვეყანაში აქვთ ინფორმაცია, რამდენ ადამიანს ესაჭიროება მსგავსი დახმარება, რადგან სისტემა მუშაობს.

დენი10 თეთრი +გაზი 5 თეთრი+ უფასო განათლება+ უფასო სამედიცინო დახმარება = მათხოვრულ ცხოვრებას!

ვფიქრობ ეს არის ძირითადი საკითხები რაც გამოაცოცხლებს ჩვენს ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვხედავ არჩევნებში მონაწილეობის მიღების აზრს.

რას ფიქრობთ თქვენ?

ნინო ცხვარაშვილი