საშიში ტენდენცია, რომელიც ანგრევს ჩვენს ქვეყანას! - კვირის პალიტრა

საშიში ტენდენცია, რომელიც ანგრევს ჩვენს ქვეყანას!

ილია ჭავჭავაძეს 1907 წლის შემდეგ რომ ეცხოვრა, არასოდეს იტყოდა ფრაზას: ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეების ისტორიაა და მასში ხალხის როლს ვერ ვხედავო. ან, თუ უკვე ნათქვამი ექნებოდა, აუცილებლად შეცვლიდა. რადგან ბოლო რამდენიმე ათეული წელი მოწმობს, რომ ჩვენ არ გვყოლია მთავრობა, რომელმაც ქვეყნის მართვა იცის.

ყველაფერს ხალხი მართავს. ხალხს არწმუნებენ, რომ მას უნდა ჰქონდეს რეაქცია ყველაფერზე და ჩვენს ქვეყანას რომ შეხედავთ ასეც არის. ხალხს სთხოვენ პოლიტიკურ პროცესებზე რეაგირებას. კანონების მიღებაში ცხვირის ჩაყოფას. თუ ცუდი მმართველი გვყავს ხალხის ბრალია, თურმე ჩვენ არ დავიმსახურეთ უკეთესი. ვინმე ვინმეს მოკლავს ხალხის ბრალია. ვინმე ქუჩაში დედას შეიგინება და მთელი საზოგადოება ილანძღება. ვიღაც პარკში სკამს დაამტვრევს მრავლობით ფორმაში იწყება საზოგადოების ლანძღვა: "ესეც ვიკადრეთ!?" ვიღაც ქუჩაში ნაგავს დაყრის მეორე მოქალაქეს ბრალდება რატომ მიდიოდა მშვიდად და მისთვის უცნობს ერთი მაგრად რატომ არ უთავაზა.

ათობით მსგავსი ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია. ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ მცდარია. ცოტა მცდარი კი არა ბატონებო, ძალიან მცდარია. ეს პირდაპირ ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქმება და ანადგურებს მას. ამიტომ დადიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები დათრგუნულები და გაღიზიანებულები. ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაში ნებისმიერ წვრილმან პრობლემას თუ დანაშაულს შესაბამისი ორგანოები და კანონი აგვარებს და მე როგორც მოქალაქე თავისუფალი ვარ, არავინ მლანძღავს იმის გამო, რომ ვიღაც ცუდია. ჩვენთან კი ყველგან და ყველაფერი ხალხია. თუ საზოგადოება ხმას არ იღებს და დაიღალა მაშინ უუნარობაში ვადანაშაულებთ. თუ ხმას ამოიღებს მაინც ილანძღება რატომ არ გააკეთა ერთმა ისეთი შეფასება რომ დანარჩენ 5 მილიონს მოწონებოდა. ამისათვის ისევ მთელი ქვეყანა ილანძღება. აი ჩვენ ქართველობა, ჩვენი ერი და ასე შემდეგ.

ბოლო დროს, არაერთი ადამიანის ბლოგიდან ამოვიკითხე, რომ თურმე ყოფილ საბჭოთა ადამიანებს ეროვნება არ გაგვაჩნია და რომ ყველა ადამიანი ადამიანობის მიღმაა!? სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში საკმაოდ მდარე გადაცემები "ქართულ მენტალიტეტზე". როგორ ფიქრობთ იაპონური, ინგლისური, თურქული, ფრანგული და ა.შ. ეროვნული მენტალიტეტები არსებობს?! წარმოუდგენელია! მავანთა მტკიცებით თურმე თუ გვსურს ევროპულ გარემოში ინტეგრაცია ჯერ ადამიანობა უნდა დავიბრუნოთ. თურმე ევროპული ოჯახის წევრი იმიტომ ვერ ვხდებით რომ პრობლემა ჩვენს მენტალიტეტშია!? ამაზე დიდი იუმორი არასოდეს წამიკითხავს.

მოკლედ, დაანებეთ ჩემს ხალხს თავი! მიეცით მას თავისი საქმე, თქვენ კი ისწავლეთ ქვეყნის მართვა!

როგორ ფიქრობთ ევროპულ ქვეყნებში ყველა ადამიანი ადამიანია? არ კლავენ? სკამებს არ ამტვრევენ? კანონს არ არღვევენ? არ იპარავენ? ნაგავს არ ყრიან? ერთმანეთს არ ატყუებენ? დამისახელეთ სახელმწიფოები და ქვეყნები, სადაც მორალი და ზნეობა მართავს ქვეყანას და არა მთავრობა და კანონი! ყველა დარღვევა თუ პრობლემა სად ცხადდება ერის სირცხვილად? აბა, მაგალითად, ჩაბრძანდით საფრანგეთსა და ინგლისში, სადაც რამდენიმე წელი მომიწია ცხოვრება და ხალხთან ურთიერთობა და ხმამაღლა გალანძღეთ მთელი ერი რაიმე დარღვევის გამო, რომელიც არაერთხელ მინახავს, რადგან ხალხი ყველგან ხალხია და მასა ყველგან მასაა. აბა, თქვით ხმამაღლა უიმე ეს საზიზღარი ფრანგები, უფ, თქვენი ქვეყანა, ან ინგლისელები როგორც ერი... ციხეში თუ არა ამოყოფთ თავს უამრავ შეკითხვაზე მაინც მოგიწევთ პასუხის გაცემა და საეჭვო პირად გამოცხადდებით. შესაძლოა პოლიციამ დაგიწყოთ თვალთვალი.

თუ გვინდა ცივილური სახელმწიფო ავაშენოთ, გაათავისუფლეთ ხალხი ზედმეტი პასუხისმგებლობებისაგან. მიეცით მას შესაბამისი ასპარეზი და მიხვდებით, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ერს. მთავრობას უნდა გაახსენდეს, რომ ხელისუფლებაშია. ნებისმიერ ნაბიჯზე ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ცოტა ხანში მივიღებთ დეგრადირებულ და უუნარო ქვეყანას. ნებისმიერი წვრილმანი პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია და მე მას ვაკისრებ პასუხისმგებლობას. მკაცრად უნდა გაიწეროს რა ტიპის ქვეყანა გვინდა.

თუ არ დაგღალეთ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

ავიღოთ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. ნებისმიერ უბრალო ოფისშიც კი მომსახურების წესი მკაცრად გაწერილია. ეს იმ კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი და მისი დაცვა ნებისნიერ მენეჯერს თუ მწარმოებელს მოეთხოვება. დამსაქმებელი გაცნობს შენ როგორ უნდა გეცვას და როგორ - არა. როგორი ქცევის, ქმედების, საუბრის უფლება გაქვს და როგორის - არა. როგორ უნდა მოექცე კლიენტებს. თუ კლიენტმა გიჩივლა უხეში პასუხების გამო, სამსახურს დაკარგავ. მეორეს კი ვერ იშოვი იმიტომ რომ წინა სამსახურის რეკომენდაციის გარეშე ახალ სამსახურს არავინ გაძლევს. უცხოეთში ბევრჯერ ვიგრძენი, რომ ვიღაც გადაღლილია და ნერვები არ ყოფნის, შესაძლოა პირადი პრობლემებიც აქვს. რომ ხშირად "მადლობა" და "უკაცრავად" ძალიან ფორმალურია და ზოგჯერ გამაღიზიანებელიც, მაგრამ მათი ქცევის წესებს იქ დადგენილი ნორმა განსაზღვრავს და არა კონკრეტული ადამიანის კულტურა ან ნება რა ხასიათზე გაიღვიძებს. თანაც, როცა ასე იქცევი გინდა თუ არა მერე, ეს ყველაფერი ჩვევისა და ქცევის წესშიც გადაგდის.

ვიცხოვრე უცხო ქვეყნებში, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში და თავს დაცულად ვგრძნობდი. იმიტომ რომ პოლიცია მუშაობს. იმიტომ, რომ ნებისმიერ უბანში უფასო იურიდიული დახმარების ოფისებია გახსნილი. ბევრჯერ დაირღვა ჩემი უფლება, მაგრამ მივმართე შესაბამის სამსახურს და მე ის მოვიგე.

დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და აბსოლუტურად დაუცველად ვიგრძენი თავი. პოლიცია არ მუშაობს. არც შესაბამისი სამსახურებია ნებისმიერი დარღვევებისთვის. როცა მთავრობა თავისუფალ სასამართლოზე საუბრობს არ ვიცი მართალია ეს თუ არა, რადგან სასამართლომდე არაერთი ინსტანცია უნდა მუშაობდეს, რომელიც ჩვენთან არ არსებობს და როგორ გავიგოთ სამართალი არის თუ არა ქვეყანაში? ავტობუსში, მაღაზიაში, აეროპორტში დაირღვა ჩემი უფლებები და არ ვიცი, ვის მივმართო. (ეგრევე სასამართლოში უბრალოდ ვერ გაიქცევი)

ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში ისეთი სახეებით გხვდებიან და გიყურებენ, ისეთი ფრაზებით გესაუბრებიან, რომ შეურაცხყოფილად გრძნობ თავს. მერე "კეთილისმსურველები" მთელს ერს ლანძღავენ. არადა, ეს ყველაფერი მთავრობის ვალდებულებაა.

ჩვენ ევროპელებზე ნაკლები კულტურა და ქვეყანა არ გვაქვს, არც არაფერი გვაქვს სახვეწარი, მაგრამ მხოლოდ ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრება, საქმეს არ შველის. ჩვენ გვაქვს კარგი ქვეყანა, რომელსაც სწორი მიგდომა და მართვა სჭირდება.

მავანმა ამას წინათ ისიც დაწერა რომ: "სამწუხაროდ ჩვენს მენტალიტეტში ცვლილება არ მომხდარაო" ძალიან სასაცილოა! ჩვენ ველოდებით 5 მილიონი ერთ აზრზე როდის დადგება. როდის გაიღვიძებს ყველა კარგ ხასიათზე. როდის შეიცვლება ე.წ." ეროვნული მენტალიტეტი". იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ქვეყნის მართვა დაიწყოს! მე ვითხოვ ჩემი ადამიანური უფლებების დაცვას. უნდა მქონდეს ჩემი უფლებების დაცვის უფლება. ყველა რაიონში, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში, უნდა იყოს უფასო იურიდიული კონსულტაცია. სასამართლომდე უნდა მუშაობდეს არაერთი შესაბამისი ინსტანცია და თუ არ იცით რა ნიშნავს ეს, გადახედეთ ცივილურ ქვეყნებს. ადამიანები უნდა მოერგონ კანონებს და წესებს, მკაცრად უნდა იყოს მათი ქცევის ნორმებიც კი გაწერილი და არა თავად ჩხუბით აგვარებდნენ ყველაფერს, ისე, როგორც მათ საქმეს წაადგება.

ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას.

გამოსავალი ერთობ სიმარტივეშია. თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას. ყველა ადამიანის წესებში მოქცევას და ამასთანავე, თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვას და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს!

ნინო ცხვარაშვილი

ჟურნალისტი