ტრაგიკულია, როცა საკუთარ ქვეყანაში თავს სტუმრად გრძნობ - კვირის პალიტრა

ტრაგიკულია, როცა საკუთარ ქვეყანაში თავს სტუმრად გრძნობ

30 ივნისი ქართველი ემიგრანტების საერთაშორისო დღეა.

წვიმამ გადაიღო თუ არა ლონდონის ცენტრში, ოქსფორდ სტრიტზე გავედი. ნელ-ნელა მივუყვებოდი ქუჩას და მაღაზიებს ვათვალიერებდი.

უცებ ზურგიდან ქართული ლაპარაკი მესმის: "ეგ უვარგისი იქნება, ბიჭო". უკან მოვიხედე. ორი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა რაღაცას არჩევდა. ინსტინქტურად უკან გავყევი. ერთ-ერთ კუთხეში შეუხვიეს და კუთხის კიდეზე მდგარ ჩანთას ორი ბოთლი დაამატეს. რატომღაც გავიფიქრე, ალბათ ძალიან უჭირთ, რაღაცეებს აგროვებენ. ამ დროს ერთ-ერთმა ჩანთის თავს ხელები მოკიდა და აქეთ-იქით შეანჯღრია... მერე ხურდების თვლა დაიწყეს.

გული ოდნავ ამიჩქარდა. გავიფიქრე, მივიდე თუ უხერხულია?! მივიდე თუ უხერხულია?! მივედი. ერთ-ერთ მათგანს ძალიან გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა..

- ბიჭებო, როგორ ხართ? - ვეკითხები. უხალისოდ შემომხედეს. - მაპატიეთ, ქართველებით აქ ვერავის გააკვირვებ. ბევრნი ვართ. მაგრამ, ქართული ლაპარაკი მომენატრა და ხმა, რომ გავიგე შემოგეხმიანეთ. ხომ არაფერი გიჭირთ?

- არა, ვჯახირობთ ჩვენთვის და ვართ! - მიპასუხა ერთ-ერთმა პაუზის შემდეგ. მეც ჭირვეულად დავიწყე: - დედას გაფიცებთ, ცუდად არ მიიღოთ, როგორც ჩემს ძმებს ისე გეუბნებით, მცირედი თანხა მაქვს გადადებული ყოველი შემთხვევისთვის. თუ გინდათ, მოგცემთ და სახლში დაბრუნდით. თუ გამიჭირდება, ჩემს მეგობრებს დავურეკავ და დამეხმარებიან..

- ასე ხელცარიელებს არ გვსურს სახლში დაბრუნება. მაწყვეტინებს მეორე.

- ხომ, მაგრამ, ალბათ სახლში ყოფნა ჯობს. ოჯახი გაგიგებთ. ჩავილაპარაკე ჩემთვის. პირველის მობილური რეკავს. როგორც მივხვდი დედა ურეკავს, -კარგად დე, შენ როგორ ხარ?

- არა მიშავს, შვილო (ტელეფონიდან ხმა კარგად მესმის). აქ რაღაც სიტუაცია აირია, გამოსვლებია, ყველაფერი გაძვირდა, ცხოვრება უკან-უკან მიდის. მანდ ჯობია შვილო!

გულში რაღაც ჩამწყდა.

ბიჭებს აღარ დაველოდე. გაოგნებული შემოვბრუნდი და დაუმშვიდობებლად გზა განვაგრძე. ნაწვიმარია და ოდნავ გრილა. წვიმის შემდეგ, ლონდონის ქუჩები სავსეა დამტვრეული და აქა-იქ მიყრილ-მოყრილი ქოლგებით.

ეს ამბავი წლები წინ იყო. მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია ამ ბიჭებზე. ნეტავ, გაუმართლათ კი?! თუმცა, კი არ ვიცოდი მათი მიზანი. ვერც იმ დედის მესმოდა, უცხოეთში, რომ ჰგონიათ კარგი ცხოვრება თავისით მოდის და წუთითაც არ უფიქრია რა მდგომარეობაშია მისი შვილი. ან, პირიქით არ მესმის შვილის, რომელიც დედის შრომით მოპოვებულ ფულს არამიზნობრივად ხარჯავს.

იმ უცნობ ქალზეც ხშირად მიფიქრია, ორი შვილით, რომ ლტოლვილად ჩაბარდა. დაპირების მიუხედავად არაფრით სახელი არ გამიმხილა. ერთი კი გულწრფელად მითხრა: "მე ერთხელ, უკვე დავბრუნდი სამშობლოში. ზამთარში ბავშვებს ლენინის ტომებს ვუწვავდი, რომ არ გაყინულიყვნენ. სულს ძლივს ვითქვამდით. იცით, მე პირადად, საკუთარ ქვეყანაში უფრო გავხდი ტრეფიკინგის მსხვერპლი, ვიდრე უცხოეთში", - ეს სიტყვები სულ მახსოვდა, სულ მტანჯავდა და განვიცდიდი...

ისტორიები სხვადასხვაა და ყველას ერთ ტაფაში ვერ ჩაყრი. მთელ მსოფლიოში მილიონობით ემიგრანტია. ამაზე უსასრულოდ შეიძლება წერო. მათ შორის ე.წ. "დალაგებული" ქვეყნებიდანაც. ვის როგორ უნდა ისე ცხოვრობს, ან ცხოვრება საითაც წაიყვანს...

მე, რომ დავბრუნდი, ყველა, ნაცნობ-უცნობი მეკითხებოდა: "რატომ დაბრუნდი?!" არავის აინტერესებს როგორ ვიცხოვრე, რა გადამხდა, როგორი გამოცდილება მივიღე, როგორ ვიმგზავრე. ბოლოს, ერთ-ერთმა პოლიციელმაც კი მითხრა, - თქვენ ეტყობა გიჟი ხართ. აქ არაფერი ხდება, თქვენ კი ჩამოხვედით.

მე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და ამას აუცილებლად დავწერ - მეთქი, ძალიან შეძრწუნდა...

მოვდიოდი თბილისის ქუჩებში და მილან კუნდერა გამახსენდა: "არ იმჩნევენ განვლილ წლებს. ჩვენს შორის უფსკრულია, რაც წლებმა და ტერიტორიულმა სიშორემ ადამიანებს შორის გააჩინა. როდესაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებიდან გადიან, დაბრუნება ძნელია".

მე მხოლოდ ვიცი, რომ მტკივა! მტკივა, მაგრამ ვბედავ, რომ გითხრათ: ემიგრანტებო, თქვენ ქვეყნებს შორის გახიდული ხალხი აღმოჩნდით. მესმის თქვენი. ტრაგიკულია სამშობლოდან შორს ყოფნა, მაგრამ უფრო ტრაგიკულია, როცა შენს სამშობლოში სტუმრად გრძნობ თავს. გრძნობ, რომ არავის ჭირდები. გრძნობ, რომ ის გამოცდილება, რაც აქამდე მიგიღია და დაგიგროვებია, ნაგავში უნდა ჩაყარო და ნულიდან დაიწყო ისევ ყველაფერი. ტრაგიკულია, როცა შენი ქვეყანა ბოლომდე გწირავს.

თამამად დავწერე ის, რაც ვიგრძენი, მაგრამ, ქვეყანას თავს ნუ ამადლიო, ეგრევე მითხრეს. ზემოთ ნახსენები პრობლემა კი არ გაანალიზეს. ის პრობლემა, რისთვისაც ჩემი ბლოგები იწერება. ე.წ. "პატრიოტები" ჩვენს ქვეყანაში საკუთარი შემოსავლებით სჯიან ბევრ რამეს და სხვაც ასეთი ჰგონიათ. არადა, აქ სოლიდური სამსახურიც, რომ გქონდეს, განვითარების შანსი ნულის ტოლია. მიდგომები, კი მცდარი.

ტრაგიკულია, როცა გრძნობ, ის სიცარიელე, რაც სამშობლოს დატოვების შემდეგ გაგიჩნდა, დღესაც გრძელდება, როცა აქ ხარ, შენს მიწაზე, მშვიდობით დაბრუნებული.

მოკლედ, იმ მტკივნეულ ფრაზას: "ემიგრანტებო, არ დაბრუნდეთ შინ", კვლავ ვიმეორებ და ვამატებ ერთს, კარგად დაფიქრდით, ვიდრე გადაწყვეტთ. გიღირთ კი?! ვიდრე ქვეყანაზე მოფიქრალი მთავრობა არ მოვა სათავეში. ვიდრე 30 წლის წინანდელი სისტემით იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა.

ვიდრე აქ სრული სიცარიელეა.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი