თბილისის ქუჩები ძაღლის ფუნით ყარს, ანუ როცა მორალის კითხვა ვერ შველის დანაგვიანებულ ქალაქს - კვირის პალიტრა

თბილისის ქუჩები ძაღლის ფუნით ყარს, ანუ როცა მორალის კითხვა ვერ შველის დანაგვიანებულ ქალაქს

შეუძლებელია გაიაროთ ჭავჭავაძის გამზირზე და წვალებით არ აარიდოთ ფეხი ძაღლის ფუნას. თბილისში ზოგიერთი ქუჩა ყარს. ვაკის პარკში ბავშვს ვერ გაასეირნებ. ცენტრალურ ქუჩებზე წააწყდებით სიბინძურით და და ნაგვით სავსე ურნებს.

"მორალის მქადაგებლები" კი მზად არიან "გიქადაგონ", რომ ნაგავი ურნაში უნდა ჩაყარო თურმე და არა ურნასთან ახლოს დადო. გუშინ მსგავსი სიტუაცია დამხვდა ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით კი თაბუკაშვილის ქუჩაზე.

როგორ მივეჩვიოთ, არ დავანაგვიანოთ ჩვენი ქალაქი? როგორ შევქმნათ სუფთა გარემო? ვიცი, თქვენი პასუხები: "საზოგადოება უნდა გავზარდოთ", " მთელს ერს დისციპლინა და სისუფთავე ვასწავლოთ", "ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს" და ასე შემდეგ. მე, ყველაფერ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ის, რაც არ მოგწონთ ჩემს ბლოგებში არის ის, რომ თავდაყირა ვაყენებ იმ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ფესვი გაიდგეს ჩვენს აზროვნებაში. თქვა ერთმა და დანარჩენებიც ბრმად იმეორებენ.

ერის აღზრდა აქ არაფერ შუაშია. სწორედ ასეთი მიდგომა ანგრევს ჩვენს ქვეყანას. სწორედ, ასეთი მიდგომა აგვიანებს ქვეყნის განვითარებას მინიმუმ 15 წლით, რასაც ახალ-ახალი ხელისუფლებები ბოროტად იყენებენ.

ხშირად მესმის თქვენგან: "ხელისუფლება ყველაფერს ვერ მოაგვარებს"!- ეს მცდარი აზრია. გთხოვთ, გაითავისოთ, რომ მცდარი აზრია! ოდესმე ხელისუფლება როგორმე ჩაერთოს აქტუალური პრობლემების მოგვარებაში. ეს მისი ვალდებულებაა!

რადგან ვერასოდეს ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, რამდენიმე თვის წინ, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მცირე აქცია. მიწისქვეშა გადასასვლელებში და ჭავჭავაძის გამზირის ზოგიერთ ადგილას, ჩვენივე ხელით შექმნილი განმარტებები გამოვაკარით: "აქ კამერებია". "არ დაანაგვიანოთ თქვენი ქალაქი", ჯარიმა 500 ლარი" და ა.ს.

ვიღაც თანამდებობის პირები დაგვადგნენ, ვფიქრობ, ადგილობრივი მმართველობიდან და გვითხრეს (სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ): "კარგით რაა, ვერ ხვდებით, რომ აქ საქართველოა. ჩვენ ვერ ვამკაცრებთ სიტუაციას, რადგან ყველა ყველას იცნობს. არანაირი ჯარიმა არ იმუშავებს. ხალხი აგრესიას გამოამჟღავნებს. ადამიანები თავად უნდა მიეჩვიონ, რომ არ დაანაგვიანონ".

გაოცების უნარიც დავკარგე! მაშ, დაველოდოთ მთელი ერის აღზრდას? - ვკითხე. რა თქმა უნდა, პასუხი ვერ მიიღე.

გავიგე, სკოლებში სპეციალური საგნის შეტანას აპირებენ, თუ უკვე შეიტანეს არ ვიცი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ. ეს ცუდი არ არის, მაგრამ თაობების აღზრდას უნდა დაველოდოთ თუ კანონი ავამოქმედოთ?! სისტემა შევქმნათ?! გვინდა თუ არა ჩვენს ქვეყანას ნორმალური სახელმწიფო ერქვას?! ჩვენი აზროვნება იმდენად დამახინჯებულია, კანონიც, რომ ამოქმედდეს, ვგრძნობ ჯარიმები ნაცნობობით იქნება.

მე, არასოდეს მისწავლია მსგავსი საგანი, მაგრამ არ მახსენდება ერთი ფაქტიც კი, როდესაც მე და ჩემს მეგობრებს, თუნდაც ტყეში რაიმე სახის ნარჩენი დაგვეტოვებინოს. ბავშვობიდან მოყოლებული, თუკი ურნას ვერ ვნახავდი ქუჩაში, მუჭით, ან ჩანთით სახლამდე მიმქონდა ნაგავი. არავის დაუვალებია, ეს ჩემი შინაგანი პასუხისმგებლობა იყო.

ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც მას სურს. თუნდაც დაყაროს ქუჩაში ნაგავი, მაგრამ წესებს და სტანდარტებს სახელმწიფო უნდა ადგენდეს.

მე ვერ დაველოდები, როდის იქნებიან მომავალი თაობები "მორალურად აღზრდილები". ასეთი რამ არ არსებობს. მინდა, ვგრძნობდე, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობ...

ამასწინათ, ჩემი მეგობარი აღშფოთებული დამხვდა. კორპუსის წინ გვიდგას ნაგვის ურნა და მეზობელმა ფანჯრიდან ისროლა ნაგავიო. გაწიწმატებული კართან იდგა. აპირებდა წასულიყო და გაელანძღა თავისი მეზობელი. მე შევთავაზე, დავრეკოთ მერიაში ან სადმე, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია, გავიგოთ ამგვარ ადამიანს, როგორ შეიძლება პასუხი ვაგებინოთ - მეთქი. სასაცილოდ არ ეყო. მე, მაინც დავრეკე და დღის განმავლობაში ვერ ვიპოვე პასუხისმგებელი პირი, ვინც ჩვენს უფლებებს და ნერვებს დაიცავდა. იმ მეზობელს კი პასუხს მოსთხოვდა.

ამასწინათ, ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ, სპეციალური გადაცემები მიუძღვნა იმას, თუ როგორი უკულტურო ერი ვართ. მახსოვს, ერთი ჩანაწერი ასეთი იყო, გოგონა შეყვარებულთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. გვერდით, გამვლელმა ხაჭაპურის ნარჩენი ნაგვით სავსე ურნასთან მიაგდო. გადაცემაში, ჯერ ლანძღეს ეს უცნობი გოგონა, რატომ არ გაჩერდა და მორალი არ წაუკითხა იმ ბიჭს, ვინც ნაგავი ურნასთან დააგდო. მერე, ამ ბიჭსაც უკულტურო ეძახეს.

ამ ე.წ "ჟურნალისტურ ნაღვაწში" არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები, რატომ იყო შუაგულ რუსთაველზე ნაგვის ურნები გადავსებული? იმ ბიჭს ნარჩენი ქუჩაში კი არ დაუგდია, ურნასთან დააგდო, რადგან შიგ ჩასაგდები ადგილი ვერ ნახა. არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული უბნის დასუფთავებაზე და რაც, ჩემთვის მთავარია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს დაიცვან თავისი უფლებები.

მე, რომ იმ გოგონას ადგილზე ვყოფილიყავი აუცილებლად ვუჩივლებდი ასეთი გადაცემის ავტორებს, რადგან არც ერთ, ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის უცნობი გამვლელი ვალდებული, ვიღაცას მორალი უკითხოს.

ასეთი მახინჯი აზროვნება კლავს ჩვენს ქვეყანას.

განვითარებულ ქვეყანებში, შენი სანერვიულო საერთოდ არ არის, ვინმე ნაგავს დაყრის, კანონს დაარღვევს თუ სხვა. პირველ რიგში, უმეტეს ადგილებში კამერებია დამონტაჟებული. მერე, სადაც დიდი, დასასვენებელი პარკებია, შესაბამისი სამსახურის ერთი პირი მაინც, მეთვალყურეობს დღის განმავლობაში. ამასთანვე, მკაცრი სისტემა და კანონი მოქმედებს. უამრავი თანხა იხარჯება დასუფთავებისთვის. ღამის საათებშიც კი ნახავთ მეეზოვეებს ნებისმიერ უბანში. სადაც ძაღლით სიარული არ შეიძლება, იქ არაერთი გამაფრთხილებელი ნიშანია.

თუ მაინც რაიმე მოხდა, გაქვს უფლება შესაბამის სამსახურს დაურეკო, რადგან სრულ პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება იღებს და ამისთვის, არავინ სრულიად ერს არ ლანძღავს.

ჩვენთან კი ვერ გაიგებ, რა პოლიტიკა გვაქვს ამ მიმართულებით? რამდენს ხარჯავს ხელისუფლება თითოეული უბნის დასუფთავებისთვის? რატომ გვაყენებს ის ერთმანეთის პირისპირ ადამიანებს? ჩხუბით და მუშტიკრივით ვაგვაროთ პრობლემები 21-ე საუკუნეში? რატომ არ იცავს ერთს, როგორც კანონის დამცველს და არ სჯის იმას ვინც არღვევს მას? ან, რა შემთხვევაში იღებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას?

გთხოვთ, "გაიტანოთ" ნაგავი და "ნაგავნარევი" მიდგომები და დამოკიდებულებები ჩემი ქალაქიდან!

უბრალოდ, ეს არ არის ცივილური მიდგომები და ქვეყანა წინ ვერ მიდის. ამასობაში კი თბილისის ქუჩები ძაღლის ფუნით ყარს.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი