პოლიტიკოსები პოლიტიკური უკულტურობის ზენიტში - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსები პოლიტიკური უკულტურობის ზენიტში

თუკი, საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს არავინ გთხოვს, იტყვი იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. თუკი, ქვეყანა საერთოდ არ გადარდებს და პარლამენტში იმიტომ შედიხარ, რომ თავი ქუდში გქონდეს, რა თქმა უნდა, გააკეთებ იმას, რაც გინდა და როგორც გინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრული უპასუხისმგებლობა სუფევს. და ეს, მხოლოდ დღეს კი არა, წლებია ასე ხდება.

არავითარი პატივისცემა ამომრჩევლების მიმართ, არავითარი გრძელვადიანი პროგრამები, არავითარი აზრიანი წინადადება პოლიტიკოსების მხრიდან, მით უფრო არჩევნების წინ. დროს შეგნებულად ვკარგავთ და უკვე, 25 წელია საქართველოში ცხოვრება ვერ შედგა.

გაგიგიათ არჩევნები, სადაც ხალხი არ ფიგურირებს?! აი, ასეთი ელფერი აქვს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებს. და რაც, შოკისმომგვრელია, ეს სულაც არ ადარდებთ პოლიტიკოსებს. საუბრობენ, სულ სხვა საკითხებზე, მაგალითად, წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე და ასე შემდეგ. საოცარი ის არის, რომ ხალხი ამ პროცესებში ჩართვას არ აპირებს და ვინ მოახდენს დესტაბილიზაციას? ალბათ "ზებუნებრივი ძალები". ისევე, როგორც აბსტრაქტულ "ძალებს" ეოპოზიციონერებათ.

მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში ვხვდებით ქართველი პოლიტიკოსების მიერ ტელეეთერში გამართული მუშტი-კრივებით და გვიხარია.

დღე არ გავა ფარული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერები არ მოგვასმენინონ და გვიმტკიცონ, რომ რაღაც საშინელებას გეგმავენ ერთნი, მეორენი მის აღსაკვეთად ემზადებიან.

თუ მართლაც ვინმე გეგმავს ქვეყანაში რევოლუციას, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე რომ ამ გზით ებრძვის ამას, ეს უკვე სასაცილო მგონია...

მე კიდევ მგონია, რომ ერთმანეთს "დაჭამთ" (ეს პროცესი უკვე დაწყებულია), მერე მოვა ეგ თქვენი, მღებრიშვილი და გაგაშველებთ. მერე კი, "ბრძოლისველგამოვლილ-დაქანცულები" შეხვალთ პარლამენტში, როგორც "გმირები", ბოლოს კი იქეიფებთ. სულ ეგ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ პროვოკატორებს ერთმანეთის რიგებში ხედავთ. უფრო კი, ეს ყველაფერი დადგმულ სცენარს ჰგავს. ეს ალბათ, ხალხის თვალის ასახვევად, რადგან კონკრეტულ ფაქტებზე არ არის საუბარი, თუ რაში გამოიხატება დესტაბილიზაცია.

პოლიტიკოსებო, თქვენ გავიწყდებათ, რომ ხალხის მოკავშირეები უნდა იყოთ და არა მტრები. ხალხს, რომ კრიჭაში უდგახართ, იმიტომ ვიმკით იმ შედეგებს, რასაც ვიმკით. წინასაარჩევნოდ აღარ არის ყველაზე დიდი ტყუილი, სარფიანად გაყიდვადი. არც ეს, ლოზუნგი დაპირებები აღარავის სჭირდება. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ, ვინაიდან ამ საქმეებს რეკლამა არ მოჰყვა, უმადური ხალხი ვერაფერს ვერ ხედავს.

ასეთ პოლიტიკოსებს, თუ მომავალ პოლიტიკოსებს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებს, გულწრფელად გეტყვით: ტრიბუნით ირბენთ ყოველი ბუჩქის ძირას, თუ რეკლამის გარეშე გააკეთებთ რაიმეს, თუნდაც მცირეოდენს, ნებისმიერი მოქალაქე საკუთარ ტყავზე, მყისიერად გრძნობს. ჩვენ, ხომ ცოცხალი ადამიანები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და თქვენს ტყუილს, გადაცდომას, არაკეთილსინდისიერებას, თუ მცირე კარგ საქმესაც კი, ჩვენსავე ტყავზე განვიცდით.

ამიტომ, გახდით რეალურები. გთხოვთ, შეხედეთ ქვეყანას რას ჰგავს. შეხედეთ ხალხს, როგორ ცხოვრობს. ეს, არ არის მორალის კითხვა. ეს არის, ჩემი მსგავსი მოქალაქეების უდიდესი სურვილი. ზუსტად ვიცი, რომ ვეღარ გამოიყენებთ მოსახლეობის გულწრფელობას სათავეში მოსასვლელად. იქნებ დასხდეთ და ხალხს შესთავაზოთ, როგორ შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ, სიტყვით კი არა, პრაქტიკულად. რადგან, თუ ასე გაგრძელდა, ოთხი წელი თქვენ კი არა, ქვეყანა ვეღარ გაძლებს. ნუ მიიყვანთ ხალხს, ისევ რევოლუციამდე!

თუ მართლა გსურთ, ხალხი შემოაბრუნოთ, ამის ერთი მარტივი გზა არსებობს: ზურგი აქციეთ არაკეთილსინდისიერებას და ყალბ პოზიორობას ხალხის წინაშე. ერთი მართალი სიტყვა მაინც უთხარით ამომრჩეველს. ვიდრე ეს თქვენი არჩევნები, თქვენსავე შექმნილ ყალბ ცხოვრებას, თავზე ჩამოექცევა.