"უკაცრავად, უკანალი ხომ არ გაგისივდათ უსაქმოდ ჯდომით, ბატონებო?!" - კვირის პალიტრა

"უკაცრავად, უკანალი ხომ არ გაგისივდათ უსაქმოდ ჯდომით, ბატონებო?!"

"პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე, მათ ვირუსებად აღვიქვამ. ისინი, ვირუსებივით ანადგურებენ ყველაფერს და ვიდრე ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ", - ამბობდა მუსიკოსი რიჩარდ ბონა, რომელიც ერთ-ერთ თავყრილობაზე ინგლისის დედოფალს, ელისაბედ მეორეს, შემთხვევით გადაეყარა და ინსტიქტურად, პირდაპირ ჰკითხა: "უკაცრავად, უკანალი ხომ არ გაგისივდათ უსაქმოდ ჯდომით, ან გული ხომ არ გერევათ, ხალხის ფულების ჭამით"? მართალია, ბატონმა ბონამ ზუსტად 2 წამში სახეზე ალმური იგრძნო, როცა დედოფალმა თვალი თვალში გაუყარა და უხერხულად გაუღიმა, მაგრამ ეს ფრაზა, რიჩარდ ბონას ბიოგრაფიაში სამუდამოდ ჩაიწერა.

ვფიქრობდი, ვინმე ყოფილი ან ახალბედა პოლიტიკოს-პარლამენტარი, რომ შემხვედროდა, რას ვეტყოდი და მაშინ ამომიტივტივდა თავში, ცნობილი მუსიკოსის ეს ამბავი. საქმე ის არის, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უკვე გადაჭამეს, მაგრამ არ ჩერდებიან... (ალბათ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, ამით განვსხვავდებით!?). ჭამის პროცესში არ სცალიათ, თორემ რაიმეს მაინც ხომ გვეტყოდნენ, რა გველის უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ის, ზოგადი ფრაზები, რასაც წინასაარჩევნოდ წამოისროდნენ, რომ არა დამაკმაყოფილებელია, იმ "ურწმუნო" მოსახლეობის ნახევარიდანაც ჩანს, ვინც არჩევნებზე არ მივიდა. ამ დროს გაახსენდა ხელისუფლებას ევროპა და განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში აქტივობა ყოველთვის დაბალია და ეს საგანგაშო არ არისო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება და პოლიტიკოსები, საკუთარ მოსახლეობას ძალიან ცუდად იცნობენ. და, თუკი არ იცი, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, როგორღა გამოასწორებ რაიმეს.

შეიძლება ვცდები, მაგრამ რა საგანგაშო საკითხია, დავა კონსტიტუციურ უმრავლესობაზე?! უკვე განვვლეთ კოჰაბიტირებული 4 წელი და რა მივიღეთ? ახლა, იგივე იქნება, ცალ-ცალკე, თუ თითო-თითო, რას მოგვცემს, თუკი არ ვიცით რა ტიპის ქვეყნად გვინდა ჩამოვყალიბდეთ? თუკი, არავინ ლაპარაკობს იმ სისტემის დანგრევაზე, რომელიც ქვეყანას ანგრევს. თუკი, არავინ ფიქრობს იმ ბარიერების მოშლაზე, რაც ცივილურ სამყაროს გვაშორებს.

გული მწყდება, რომ ვხედავ უამრავ პოლიტიკოსს, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიგოს არჩევნები. რაც ყველას აკლია არის ნება, რომ ეს ყველაფერი გაწირონ იდეისათვის. რაც ყველას აკლია, ეს არის სურვილი, მოუსმინოს საკუთარ მოსახლეობას. შეცვალოს ხალხთან დამოკიდებულება. რაც ყველას აკლია, ეს არის კომპეტენცია, საკუთარ თავზე აიღოს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა.

რის გამოც გული მწყდება, ეს არის, რომ არ არსებობს პოლიტიკური კულტურა. რომ, არჩევნებით არ ისაზღვრება ქვეყნის სწორი სტრატეგია. ადამიანები არჩევნებზე, კვლავ, ვიღაცის ზიზღის წინააღმდეგ აძლევენ ხმას და 21-ე საუკუნეშიც კი, არ გვეძლევა შანსი, გავაკეთოთ რეალურად სრულფასოვანი არჩევანი.

ჩემს ქვეყანაში, ყველგან და ყველაფერში, კონკურენტუუნარო გარემოა და მოთხოვნა ხარისხზე საერთოდ არ არის... არასწორი ხალხი არასწორ ადგილზე და ქვეყანა წინ ვერ მიდის. მთელი პრობლემები, იმაზეა დაყვანილი "ქოცი" ხარ თუ "ნაცი" ....

საერთოდ ვფიქრობ, რომ დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ნაციონალიზმსა და გლობალიზაციაზე, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ყოფით დონეზე ყალიბდება ყველა ის ჩვევა, რომელიც ხელს უშლის ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრებას, ადამიანების რეალურ თავისუფლებას, დემოკრატიას. და, მოგვწონს ეს თუ არა, ამით არაფერი იცვლება.

რაიმე არსებითად, რომ შეიცვალოს, ქვეყანას რეალური ლიდერები სჭირდება. ჩვენ კი, კვლავ ინერციით ვცხოვრობთ. არაერთი ადამიანი ვიცი, რომლის გამომეტყველება, განწყობა და დამოკიდებულებები, საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით იცვლება. და, მსგავსი ადამიანები პარლამენტში ხვდებიან, ქვეყნის ბედს იბარებენ.

თქვენ ალბათ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: ძლიერი სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა, ყველა თავისი მოქალაქისთვის სამართლიანი სახელმწიფოა. ზნეობა კი, მართალია ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ის, ასევე აუცილებელია სახელმწიფოსთვისაც. უღირსი და უზნეო სახელმწიფო, ვერ გახდება, ვერც სამართლიანი და ვერც ძლიერი.