საქართველო წარმართული ქვეყანაა, ყალბი ფიქრებით - კვირის პალიტრა

საქართველო წარმართული ქვეყანაა, ყალბი ფიქრებით

ერთი შუახნის ქალბატონი სიონის საკათედრო ტაძარში შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ერთდროულად, დაახლოებით 20 სანთელი დაანთო. რაღაც იბუტბუტა და ასევე სწრაფი ნაბიჯით ტაძრის დატოვება გადაწყვიტა. ზუსტად 10 წამში ამ ყველა სანთლის თავი შეერთდა (ეტყობა ტაძარში არსებული სიცხის გამო, ან კარგად არ იყო დამაგრებული) და პატარა კოცონი დაინთო. ნაღვენთი ქვემოთ ხალიჩას ეწვეთებოდა და ხატის მინასაც მურავდა. ქალი კართან გააჩერეს, "ცეცხლი რად წაგვიკიდეო" და ხმამაღლა უპასუხა, შეთქმული მქონდა ღვთისმშობლისთვის 20 სანთელი დამენთოო...

ეს უკვე არამართებული საქციელია, მაგრამ საოცარი ის იყო, - დაახლოებით ერთ საათში, იქვე ლესელიძეზე, სრულიად შემთხვევით ვიცანი იგივე ქალბატონი, ერთ-ერთ გამყიდველს როგორ ეკითხებოდა, ჰოროსკოპოს მიხედვით რომელი "ცხოველი" უნდა ვიყიდო წელს ან რა არ უნდა დავდო საახალწლო სუფრაზეო?

ამ ფაქტმა გამახსენა მეთქვა ის, რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა. წინასაახალწლო პერიოდი საუკეთესო დროა დაინახო, რამდენად ყალბები არიან ადამიანები. დაიწყო აქტიური სამზადისი, როგორ და რა საშუალებით მოიგონ ვირტუალური ცხოველების გული, რომ ახალ წელს, ვითომ იღბლიანები თუ წარმატებულები იყვნენ. მერე, თითქმის ჩვენი ერის უმეტესობა იტყვის, რომ ქრისტიანია. კარგა ხანია საქართველო გადაიქცა წარმართულ ქვეყნად, ყალბი ზრახვებით.

ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, რომ უკეთესად გაიგოთ რაზე ვლაპარაკობ. სახარებაში ქრისტე ამბობს: თუ კაცს ქალთან არ უმრუშია, მაგრამ გულისთქმით შეხედა, მან მაინც იმრუშა. ეს ერთობ მნიშვნელოვანი ფრაზაა, რომლის მიმართაც თვალის გასწორება მაინცდამაინც ბევრს არ სურს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რაიმეს მართლა, რომ დაემორჩილო, მას მთელი თქვენი გრძნობებით უნდა ემორჩილებოდეთ და არა უბრალოდ, გარეგნულად ან თვალთმაქცურად.

ეს ნიშნავს, რომ უფლისთვის იდეალი არის არა ის, ვინც აკეთებს ერთს და განიზრახავს მეორეს, არამედ ის, ვიცი სურვილებიც გულშივე იცვლება. გახსოვთ, მაჰათმა განდის სიტყვები: აკონტროლე შენი ზრახვები, რადგან ეს ზრახვები ადრე თუ გვიან შენს ქმედებად იქცევა, შენი ქმედება კი შენს ბედისწერას განსაზღვრავს.

მე არ მოგიწოდებთ, ყველა ქრისტეს მიმდევარი იყოთ, მით უფრო თუ არ გესმით მისი. პირიქით, მოკრძალებულად გირჩევთ იყოთ ის, რაც ხართ, რასაც თქვენი გული გეუბნებათ და გწამთ. ამ გზით თქვენ ნამდვილ ადამიანებად გადაიქცევით. აღარ იქნებით ყალბები. ამით პირველ რიგში, საკუთარ თავებს დაეხმარებით, შემდეგ კი სამყაროს. თვალთმაქცობაა, ათობით სანთელი ეკლესიაში დაანთოთ და ჰოროსკოპის მიხედვით შეხვდეთ ახალ წელს. ბლოგის დასაწყისში მოყვანილი მაგალითი, მხოლოდ ერთი შემთხვევა ხომ არ არის, მასიურად ასეთი სიყალბეა ყველგან.

ალან უოტსი, რომელიც 50-იან წლებში ამერიკაში მღვდელი იყო, საკუთარ მრევლს ეუბნებოდა, არ მისულიყვნენ ეკლესიაში, თუ ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მხოლოდ მოვალეობა იყო. "ასე იმიტომ კი არ უნდა იქცეოდე, რომ სხვას კეთილი ეგონო, არამედ რეალურად გრძნობდე ღვთის სიყვარულს", - ამბობდა უოტსი. მისი თქმით, მორალის ჭეშმარიტი საფუძველი პატიოსნებაა. პატიოსნება კი პირველ რიგში ნიშნავს, არ მოიტყუო თავი, ანუ გრძნობები. თუ ასე არ იქცევით, საფრთხეში იგდებთ თავს. სიყვარულის აბუჩად ასაგდებად ენერგია არ გეყოფათ. საგულისხმოა, რომ თქვენი ქცევები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ურთიერთობაშიც ყალბია. მისი თქმით, რაც დღეს მსოფლიოს აკლია, ეს "უბრალო ადამიანია", ანუ იყოთ ის რაც ხართ, რასაც განიზრახავთ.

კარგად მესმის ასტროლოგიის დატვირთვა. ვიცი, როგორ იყენებდა მას "ძველი" ხალხი და თუ დრო მექნება, ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე სხვა დროს დავწერ, მაგრამ დღევანდელი ასტროლოგია, აბსოლუტურად დამახინჯებული ჰოროსკოპებით, რელიგიის დონეზე აყვანილი, უბრალოდ ამაზრზენია. მით უფრო ამაზრზენია, რომ მას მასიური "მიმდევარი" ჰყავს და თან ეშინიათ ამის გამჟღავნების.

თვალთმაქცობაა წლის დასაწყისში ძროხას, მაჩვს და მაიმუნს ავედრებდე შენს ოჯახს, ყველაფერს აკეთებდე ვირტუალური ცხოველის გულის მოსაგებად და თუკი, წლის განმავლობაში ფეხი დაგიცდება ან ცუდი შეგემთხვევა, ქრისტეს ყვედრიდე, შენს უგუნურებას პირდაპირ ეკლესიასა და ღმერთს აბრალებდე.

წლის დასაწყისში, ლამის ჩოქზე უდგებოდე ვირტუალურ ცხოველს, რომ როგორმე "მოიზიდო" შენს ოჯახში და შობას კი (7 იანვარს), ფანჯარასთან სანთელს უნთებდე ქრისტეს. თვალთმაქცობაა, თავჩაქინდრული უდგებოდე წინ მღვდელს, ვითომ ისეთი მოკრძალებული ადამიანი იყო, რომ თვალს ვერ უსწორებდე მოძღვარს და ეკლესიიდან გამოსული ხელს არავის აშველებდე. ამაზრზენია, "მარშუტკიდან" დანახულ ყოველი ეკლესიის ფასადზე პირჯვარს იწერდე და სავსე გქონდეს გული ბრაზით, სხვისი განკითხვითა და უმადურობით...

ადამიანებო, გთხოვთ იყავით ის რაც ხართ. ნუ იქნებით ყალბები, მოუსმინეთ თქვენს გულებს და თუკი რაიმე არ მოგწონთ, ეცადეთ გულშივე შეცვალოთ ან იცხოვროთ ისე, რასაც განიზრახავთ.

პ.ს ვაპირებ, ყურადღებით მოვუსმინო დიიიად ასტროლოგს. გავიგო რა ფერია აკრძალული და ზუსტად იმ ფერის ტანისამოსი ჩავიცვა, ის საჭმელი მოვამზადო, რასაც ჰოროსკოპი კრძალავს, გავიგო რა არ უნდა ვთქვა ან გავაკეთო ახალ წელს, რომ საწინააღმდეგოდ მოვიქცე, ისე, როგორც შარშან. 12- საათზე დავანთო სანთელი, ღმერთს შევავედრო ჩემი ოჯახი, მეგობრები და ქვეყანა და შევხვდე ახალ წელს. მაინტერესებს ცოცხალი დავრჩები 2017 წელს თუ აგური დამეცემა თავში?!