"ჩვენი სინდისი უნდა დაეწიოს ჩვენსავე გონებას, სხვა შემთხვევაში დავიღუპებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სინდისი უნდა დაეწიოს ჩვენსავე გონებას, სხვა შემთხვევაში დავიღუპებით"

2011 წლის 19 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი შევიკრიბეთ. მაშინ აღმოსავლეთ ინგლისში ვცხოვრობდი. წრიულად დავანთეთ სანთლები და შუაში ჩავწერეთ - "ჰაველი". წინა დღეს 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ვიდექით ჩუმად, თავდახრილები. ყველას, ალბათ ათასი აზრი გვიტრიალებდა გონებაში. ჩვენმა, ერთმა ყველაზე პატარა მეგობარმა დაარღვია სიჩუმე და თითქოსდა, სასხვათაშორისოდ იკითხა: "ვერ გამიგია, რატომ არ შეუძლიათ პოლიტიკოსებს სიკეთის კეთება? რატომ არ უნდათ ხალხი უსაფრთხოდ და ბედნიერად იყოს"?!

პაუზის შემდეგ, მეორე მეგობარი, შეკითხვის პასუხად ამბობს: "ხალხი, იმ მიზეზით ეძალება პოლიტიკურ ძალაუფლებას და იმიტომ უჭირს მასთან განშორება, რომ სურს დატკბეს საამო პრივილეგიებით, რომლებიც პოლიტიკური ძალაუფლების თანამდევნი არიან". ვაცლავ ჰაველის სიტყვები ვიცანი. იმ ღამეს მალე დავიშალეთ. ამ პოლიტიკოსის შესახებ კი, არაერთგზის მოგვიწია აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

ვაცლავ ჰაველი, ხომ დასცინოდა ყველა იმ პრივილეგიებს, რომელსაც ძალაუფლება ხელისუფალთ სთავაზობს და მერე თავს აკარგვინებს.

ვერ ვივიწყებ იმ განცდებს, რამაც წლების წინ ჰაველის მიერ კოპენჰაგენის უნივერსიტეტში წარმოთქმულმა სიტყვამ შემიქმნა და რის გამოც მის ნაწერებს ისევ და ისევ ვუბრუნდები.

ის ამბობდა: "ძალაუფლებაში მყოფ ადამიანს თვითშეგნებისა და კრიტიკული დისტანცირების უნარი სჭირდება. მე, განუწყვეტლივ და ხშირად ვაწარმოებ ომს ამ პრივილეგიებთან. მაგალითები ასეთია: ალბათ, აბსოლუტური უაზრობა იქნებოდა, რომელიმე მინისტრს გაეცდინა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა იმ კანონ-პროექტს, ათასწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს მდგომარეობაზე, რომ იქონიებდა გავლენას, მხოლოდ იმიტომ, რომ მას კბილი სტკიოდა და სტომატოლოგთან რიგში იდგა. ამგვარად, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ზრუნავს სპეციალურად თავისთვის ჰყავდეს სტომატოლოგი, ვისთანაც რიგში დგომა არ მოუწევს.

ასეთივე სისულელე იქნებოდა, ქვეყნის მმართველს გაეცდინა მნიშვნელოვანი სახელმწიფო შეხვედრა უცხოელ პარტნიორთან, მხოლოდ იმიტომ, რომ მას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ჩვეული დავიდარაბის გამოვლა მოუხდა. ამიტომაც მას სამთავრობო მანქანა და მძღოლი ემსახურება.

არც იმას ექნებოდა არავითარი აზრი, რომ პოლიტიკოსს საკუთარი ძვირფასი დრო გაზქურასთან გაოფლიანებულს ეფლანგა, რათა უცხოელი კოლეგისთვის ოფიციალური სადილი მოემზადებინა. ამიტომაც მას პირადი მზარეული ჰყავს.

ასეთივე სისულელე იქნებოდა ისიც, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იძულებული გამხდარიყვნენ, ტელეფონის წიგნში ეძებნათ საჭირო ნომრები და იქამდე ერეკათ,  ვიდრე საჭირო ადამიანს არ იპოვიდნენ ან ხაზი დაკავებული არ იქნებოდა, ამიტომ საკმაოდ ლოგიკურია, რომ ამგვარ სამსახურს დამხმარე ასრულებს.

ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. ახლა შევაჯამოთ: ეს ყველაფერი გეძლევათ იმისთვის, რომ ქვეყანა მართოთ. სხვაგვარად, რომ ვთქვა, მე აღმოვჩნდი VIP-ის სამყაროში, სადაც ადამიანი კარგავს ცოდნას რა ღირს ავტობუსის ბილეთი, როგორ მოადუღოს ყავა, როგორ ეურთიერთობოს ადამიანებს და ა. შ. შენ გავიწყდება, რომ თანდათან კარგავ საკუთარი თავის იდენტობას და ხდები ტყვე საკუთარი თანამდებობისა, საკუთარი პრივილეგიებისა და საკუთარი ოფისისა. გამოდის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გაძლევს იმის შანსს, რომ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი არსებობა ამტკიცო.

აქ მთავარი ის არის, შეძლო და ერთხელ მაინც დაუსვა შეკითხვა საკუთარ თავს: სად წყდება ქვეყნის ინტერესები და საიდან იწყება პრივილეგიების ხიბლის უფსკრული? შენ ეს ყველაფერი, ხომ იმისთვის მოგეცა, რომ ქვეყანა სწორად მართო? პასუხი მარტივია, - ესაა პასუხისმგებლობის გრძნობის რადიკალური გამძაფრება. ჩვენი სინდისი უნდა დაეწიოს ჩვენსავე გონებას, სხვა შემთხვევაში დავიღუპებით.

ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ყოველი ჩვენგანის წინაშე ცრუობენ. პოლიტიკა არის საქმიანობა, რომელსაც განსაკუთრებულად სპეტაკი ადამიანები ესაჭიროება, რადგან იქ ძალიან ადვილია მორალური დალაქავება. ეს არის საქმიანობა თავმდაბალ ადამიანთათვის, ანუ მათთვის, ვისი ცდუნებაც შეუძლებელია".

ეს პატარა ამონარიდი მისი წერილიდან, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვაცლავ ჰაველი ერთგვარ მორალურ კომპასად შეიძლება გამოადგეს იმ პოლიტიკოსებს, ვინც უკვე ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, მათ ვინც ახლა აპირებს ამ საქმიანობისთვის ხელის მოკიდებას.

წელს, 18 დეკემბერს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან ზუსტად 5 წელი სრულდება. როცა ასეთი პიროვნება არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, უფრო სწორად მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვეღარ ვიჯერებ, რომ პოლიტიკა ამორალური ან ბინძურია. ანდა, ქვეყნის მართვა სამართლიანი გზით არ შეიძლება. შეუძლებელია დაიჯერო, რომ ყოფითი პრობლემების მოხსნის საფუძველზე ივიწყებდე, რომ შენ ქვეყნის მმართველი ხარ და შენივე თანამდებობას განცხრომის საფუძვლად აქცევდე.

ზუსტად 5 წელია ვაცლავ ჰაველი ცოცხალთა შორის აღარ არის, მაგრამ მჯერა, რომ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ჯერ კიდევ შესწევს ძალა, თქვას შთამბეჭდავი სიტყვა მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუკი მას მოვუსმენთ!