არალეგალი ქართველების ევროპიდან "გამოხიზვნის" შემთხვევაში, რას სთავაზობს მათ სამშობლო? - ვიზალიბერალიზაციის სიკეთე თუ არასრულფასოვნების კომპლექსი?! - კვირის პალიტრა

არალეგალი ქართველების ევროპიდან "გამოხიზვნის" შემთხვევაში, რას სთავაზობს მათ სამშობლო? - ვიზალიბერალიზაციის სიკეთე თუ არასრულფასოვნების კომპლექსი?!

ევროპამ, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემს, "შეჩერების მექანიზმი" მიიღო და ჩვენ ვზეიმობთ, თან ვზეიმობთ ისე, რომ არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. ისიც არ ვიცით ჯერ საბოლოოდ მივიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ. მთავრობა დუმს.

განმარტებები არ არსებობს. პერიოდულად მხოლოდ დადებით მხარეზეა ლაპარაკი. დაჟინებით გვახსენებენ, რომ ჩვენ დაუნახავებმა უნდა დავინახოთ, თუ რას მიაღწია ხელისუფლებამ.

არაფერზე საუბრობენ პოლიტოლოგებიც. ინტერვიუს ინტერვიუზე ვკითხულობ გაურკვეველი ვარაუდებით. ყველას დასკვნა კი ერთია, თუ როგორ არ უნდა დაარღვიონ საქართველოს მოქალაქეებმა "ვიზალიბერალიზაციით" გათვალისწინებული ვადები. სულ ეს არის! აი, ის ფრაზა, რომელიც მაღიზიანებს: "ქართველებმა უნდა შეიგნონ..." კი, მაგრამ თქვენ არ უნდა შეიგნოთ პოლიტიკოსებო, რომ ქვეყანას მართავთ და მთელი რიგი პასუხისმგებლობები თქვენზე მოდის? ამგვარი დამოკიდებულება მაფიქრებინებს, რომ უარყოფითი შედეგების გამოწვევის შემთხვევაში, მთელ თქვენს უნიათობას ხალხს გადააბრალებთ.

ვიდრე ჩემს მთავარ სათქმელს დავწერდე, ჩვეული გულწრფელობით უნდა გითხრათ: ვინც გასაქცევი იყო ამ ქვეყნიდან, უკვე გაიქცა, ვინც დევნილად წავიდა, უკვე გადადგა ეს ნაბიჯი, ვინც საზღვარგარეთ "აიწყო" ცხოვრება, უკვე დამკვიდრდა იქ და ვინც, ჩემსავით იდიოტი იყო და დაბრუნდა სამშობლოში, უკვე აქ არის. დღესაც კი, სავიზო რეჟიმის ამ პირობებში, თუ ვინმეს სურს გასვლა ქვეყნიდან, ოფიციალურად გადიან, თუ არალეგალად სურთ, ამასაც კარგად ახერხებენ. მაინტერესებს, რომელ მასიურ გადინების ვარაუდსა და დარღვევებზეა ლაპარაკი? რისი გეშინიათ? ის ხუთი, მშიერი კაცი, რომელიც ქვეყანაში უიმედოდ დაგრჩათ არ მოიფიქროს და უცებ, ევროპა არ ნახოს?

ფულიანო პოლიტიკოსებო, თქვენ ხომ უპრობლემოდ დაფრინავთ ევროკავშირის ქვეყნებში? ამიტომ, მხოლოდ ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯად კი ნუ ასაღებთ აღნიშნულ შეთანხმებას, სულ ცოტა სრულყოფილი ინფორმაცია მაინც ჩამოიტანეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რას გულისხმობს შეჩერების მექანიზმი? ან რატომ გახდა პრინციპული მისი მიღება?

ერთ-ერთმა დეპუტატმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), მხიარული სახით მხოლოდ ის გვაუწყა, - ჩვენმა პარტნიორებმა გვითხრეს, თქვენც ევროპელები ხართო და ვაშა, რა კარგია, " გამოცხვა" ინტერვიუ. მაპატიეთ, ცოტა არასრულფასოვნების კომპლექსი ხომ არ გვაწუხებს?! თქვენ იმ ხელისუფლების წევრები არ ხართ "ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება" სიმბოლურ საგნად, რომ აქციეთ?

მოეშვით არასერიოზულობას. საკითხი გაცილებით პრობლემურია. მაქვს გრძნობა, რომ მიგრაციის კრიზისის ფონზე ევროპას უფრო სჭირდება ჩვენნაირი, მესამე ტიპის ქვეყნები, დევნილთა შესაკავებლად, ვიდრე დღეს ჩვენ ვიზალიბერალიზაცია.

რომელი უფრო მთავარი შეკითხვაა დღეს: როდის გაფრინდება საქართველოს პირველი მოქალაქე უვიზოდ(?!) ევროპაში თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება დაკისრებულ ვალდებულებებს? იმას, რომ კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილები შესაძლოა ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდნენ? ილაპარაკეთ იმაზე, რომ თავის დროზე ჩემი ქვეყანა სამი ყველაზე საშიში ჯიჰადისტური ორგანიზაციის: "თალიბანის", " ალქაიდას" და "ისლამური სახალიფოს" პირდაპირი დაინტერესების საგანი იყო. ხომ არ არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი ქვეყანაც აღმოჩნდეს ტერორიზმის პირისპირ? ან იქნებ, საქართველოს გავლით მოახერხოს ტერორისტმა ევროპაში გასვლა, ამ შემთხვევაში ისევ ქართველი ხალხის ლანძღვას მოჰყვებით თუ შესაბამის ზომებს მიიღებთ? ანაც, რა პასუხისმგებლობას აკისრებთ ევროკავშირს?

გულწრფელად მაინტერესებს არსებობს თუ არა ხელისუფლების გეგმა, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს? ესაუბრეთ ხალხს იმაზე, "რეადმისიის" ამოქმედების შემდეგ, თუ რა თანხებით აპირებთ არალეგალი ქართველების ევროპიდან "გამოხიზვნას" და რას სთავაზობს მათ სამშობლო? საკითხი ძალიან ვრცელი და მწვავეა. და, არც ისე იოლად სამხიარულო.

ყველაზე მეტად, რაც გულს მტკენს და ამ ყველაფერზე ღიად მალაპარაკებს არის ის, რომ არასოდეს ვგრძნობ ჩვენი ხელისუფლების პოზიციებში: - ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პირობები შევთავაზოთ ნებისმიერ სხვას და არა პირდაღებულები შევცქეროდეთ, ვინ საით "მოგვიგრიხავს კისერს".

და თუკი, ამ ყველაფრის შემდეგ თქვენთვის მხოლოდ "შეჩერების მექანიზმია" მთავარი, ისიც განმარტებების გარეშე, მიჩნდება ეჭვი, რომ საზღვრებთან ადგილი ექნება ჩვენი მოქალაქეების მასიურ შეურაცხყოფასა და დეპორტაციას, რაც ორმაგ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

სანამ ჩვენს მოქალაქეებს გაურკვევლობაში ამყოფებთ, ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ 5 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აქედან ორში ვიცხოვრე და გადასახადებს ვიხდიდი, არასოდეს გამიფუჭებია პასპორტი და ეხლა, ამ პროცესების შემდეგ გამიჩნდა შიში, რომ ჩემს პორტუგალიელ, ფრანგ და ინგლისელ მეგობრებს დიდი ხნით ვეღარ ვნახავ.

ნინო ცხვარაშვილი. ჟურნალისტი