ვიდრე 2017 მოვა, ანუ როცა ნაძვის ხის წიწვებში დამალული ფერიები ცოცხლდებიან - კვირის პალიტრა

ვიდრე 2017 მოვა, ანუ როცა ნაძვის ხის წიწვებში დამალული ფერიები ცოცხლდებიან

ფრთხილად ვახელ თვალებს და მისაღები ოთახის შეთვალიერებას ვცდილობ. ჩემი საძინებლიდან კარგად ჩანს მისაღები ოთახი, სადაც ღამით, ჩემს მშობლებს ზღაპრული ნაძვის ხე მოურთავთ. 6-7 წლის ვარ და გული სიხარულით მევსება. ლოგინიდან ვხტები და ყვირილს ვიწყებ: "ზეიმი იწყება".

ყოველთვის ასე ხდებოდა, ვიდრე პატარები ვიყავით, ნაძვის ხეს ჩემი მშობლები რთავდნენ, რომელიც საოცრად მიყვარდა. მეგონა, რომ მის ფუმფულა წიწვებს შიგნით ფერიები ცხოვრობდნენ. ისეთი მაღალი იყო, ღმერთს ვთხოვდი, ნეტავ იმხელა გავიზარდო, ერთ დღეს ამ ნაძვის ხის წვერს ჩემი ხელით მივწვდე-მეთქი.

ახალი წლის დღეებში თუკი მოთოვდა (რაც ჩემს ბავშვობაში გაცილებით ხშირად ხდებოდა) დილით, ვიდრე ვინმე ფანჯარაში გაიხედავდა, ნამძინარევი ხმით ვკითხულობდი: "ალბათ გათოვდა, თოვლის სურნელი ტრიალებს სახლში". დედა უცნაურად შემომხედავდა და წაიბუტბუტებდა," რას ლაპარაკობ"? - მერე ფარდას გადასწევდა და ღიმილიანი სახით იტყოდა: "ბავშვებო, ბარდნის".

მახსოვს, როცა მამას საციგაოდ მივყავდით, ჩემს ხელთათმანიან ხელს, თავის ხელთათმანიან ხელში მალავდა, რომ უფრო გაეთბო.

კეთილი ზღაპრების მჯეროდა და მჯერა დღესაც, მაგრამ არასოდეს ველოდი "თოვლის ბაბუას". სულერთი იყო ნამდვილად არსებობდა თუ არა ის. არც კი ვფიქრობდი მასზე, არ მაინტერესებდა რა საჩუქარს მომიტანდა, ტკბილეული სახლშიც ხომ გვქონდა, ზუსტად ისეთივე, უბრალოდ, საოცრად მაკვირვებდა მოხუცი, კეთილი სახით, რომელსაც იმდენი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული, რომ ირმებით ცაში ფრენა შეეძლო.

ერთხელ, ჩვენი უბნის თანატოლი გოგონა მძიმედ დასნეულდა. მე, ჩემმა დედმამიშვილებმა და მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც შეგვეძლო ვყოფილიყავით "თოვლის ბაბუები". "მოდი ვცადოთ", - ვთქვით და გოგონას, რომელიც ავადმყოფობდა, ორფურცლიანი წერილი მივწერეთ, ჩვენი კეთილი სურვილებითა და ლოცვებით სავსე. თვალცრემლიანმა დედამისმა გამოგვართვა…

და როცა, წლების შემდეგ, ეს ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი სკოლის შესასვლელთან შეგვხვდა, თვალებში სიყვარულით ვუცქეროდით და ხმას ვერ ვიღებდით. მახსოვს, ვფიქრობდი, "არ არსებობს რაიმე ამაზე მეტი..." ის ლეიკემიას გადაურჩა (მაშინ პირველად გავიგე ამ დაავადების სახელი). ის ცოცხალი იყო და მე ვირწმუნე სასწაულის.

დედა ყოველთვის გვეუბნებოდა, ბოროტი ძალები ებრძვიან ერთმანეთს, თორემ სიკეთე თავისით იმკვიდრებს ადგილს. ამ სიტყვებს მაშინაც იმეორებდა, ბავშვები ჟრიამულით, რომ მივესეოდით ჩვენთვის განკუთვნილ ტკბილეულს. მაშინ დედა მაგიდასთან შორიახლოს დადგებოდა და მშვიდად, ჩვენს გასაგონად იტყოდა: "ათი შოკოლადი თითოს ბავშვს, არადა, შესაძლოა ზოგს ერთიც არ ჰქონდეს. იქნებ, დაფიქრდეთ, თუ შეძლებდით ვინმესთვის გაგეყოთ?". აბსოლუტური სიჩუმისა და ბავშვური დაბნეულობის შემდეგ, ჩვენ მეზობელის ბავშვთან მივარბენინებდით კანფეტებს, რომელსაც მამა არ ჰყავდა და შემდეგ, ჩვენც უფრო გემრიელად შევექცეოდით ტკბილეულს.

აი, ახლაც, როცა ნაძვის ხეს ვაწყობ, საოცარი ბავშვური გრძნობები გამიღვივდა სულში.

რა მიწისფერია გარეთ ყველაფერი... - ვფიქრობ ჩემთვის, როგორ მინდა მოთოვოს, რომ გაქათქათდეს ირგვლივ ყველაფერი, რომ ვიგიჟოთ თოვლში, ვიყვიროთ, რომ "ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ" და ის პატარა კვლავაც ცოცხლობს ჩვენში! როგორ მინდა წელს, ჩვენ, ყველა "თოვლის ბაბუებად" გადავიქცეთ. დავწეროთ ლოცვები და კეთილი სურვილები ერთმანეთის მიმართ და ის ახდება, აუცილებლად ახდება. მივხვდეთ, რომ სიცოცხლე უბრალოდ სიცოცხლეა და არ "დავაფრთხოთ" იგი.

ახლა ზუსტად ისე მიხარია 2017 წლის მოსვლა, როგორც ჩემი ბავშვობის დროინდელი ახალი წლები, სკამზე თავჩამოდებულს, რომ მეძინებოდა 12 საათის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე.

რამდენი რამ შეიცვალა იმ დღიდან, ღმერთო? რასაც ვერ "ვუმკურნალე", ეს ჩემს სულში ჩაბუდებული ბავშვობაა. ახლაც კი, როცა ვაკვირდები თქვენი თმის ფერისა და წამწამის ფორმას, ვხვდები, რომ ფორმა და ფერი სიცოცხლის საზრისია. ყოველივე არსებობს იმისათვის, რომ უბრალოდ იარსებოს. სიცოცხლის აზრი თავად სიცოცხლეა და არ სჭირდება კირკიტი.

დღეს, როცა მამა აღარ არის ამ ქვეყანად და დედა ავადაა, ისეთი იოლია ამის გაგება, მაგრამ ადამიანები მაინც პანიკაში არიან და ჩქარობენ. ნეტავ, გამაგებინა რის მიღწევას ჩქარობთ? საით გარბიხართ? რატომ ეჯიბრებით ერთმანეთს, ვითომ სხვაზე მეტი იყოთ. იცით რა სასაცილოა ცდილობდე მიაღწიო იმას, რაც თქვენს მიღმაა? სიხარულის გარეშე, ხომ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ წინ. სიხარული კი აქ არის, თქვენივე სხეულის შიგნით, თქვენს სულში.

დგება 2017 წელი და როგორც ყოველთვის, ძველი წლის დასასრულს და ახალი წლის დასაწყისში ერთი შეკითხვა ამეკვიატება ხოლმე: როგორ შევხვდებით უკვე მომავალ წელს მე, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ჩემი ქვეყანა? და უცებ, ჩემი ბავშვობის ნაძვის ხის წიწვებში დამალული ფერიები ცოცხლდებიან. მთავარია ირწმუნო და სასწაული ხდება. მოდით რა, რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ!

2017 წელი ყოფილიყოს ულევი ბედნიერების, სიყვარულის, სიხარულისა და ბევრი ღიმილის წელი თქვენთვის, ყველასთვის. მრავალჟამიერ, მეგობრებო!