მე ახლა ვზივარ და ჩუმად შენს ნაოჭებს ვითვლი... - კვირის პალიტრა

მე ახლა ვზივარ და ჩუმად შენს ნაოჭებს ვითვლი...

ახლა ვზივარ და შენს თითებს ვეფერები. ვაცქერდები შენს დიდრონ თვალებს, რომელშიც მთელი სამყარო ეტევა და ვფიქრობ, ღმერთო, რამდენი წელი გავიდა, როგორ დაქალდი, რამდენს გაუძელი და არ შეიცვალე. ზუსტად ისე იღიმები და გტკივა, როგორც მაშინ, წლების წინ, ჩვენ რომ პირველი ამბავი გავუზიარეთ ერთმანეთს.

სულ ახალგაზრდა მახსოვხარ... დედა. სულ რაღაც 27 წლის. ამ ასაკს კარგა ხანია გადავაბიჯე და ეხლა, შენზე დიდი მგონია თავი. ზუსტად ისე მინდა გივლიდე და გეფერებოდე, როგორც შენ ჩემს ბავშვობაში. ამასწინათ, კიდევ ერთხელ მითხარი: "არ დანებდე!" და შენ თვითონ არ თმობდი: მოთმინებას, ღიმილს, სიცოცხლის სიყვარულს. მე, როცა ვბრაზობდი, შენ იღიმოდი; მე ვღელავდი, შენ მამშვიდებდი...

აი, მაშინ, შორს რომ ვიყავი, ვინატრე, ნეტავ გარეთ თოვდეს, სიცხე მქონდეს და დედა ჩემთან იყოს-მეთქი. გავიღვიძე და გარეთ ბარდნიდა, სიცხეც მქონდა, მაგრამ შენ არ იყავი. ძალიან მეტკინა. ვიფიქრე, ნეტავ როგორია ახლა ის, როგორ დადის, როგორ ბუზღუნებს, როგორ იღიმის და უცებ, შენი მოულოდნელი ზარი: "ხომ არაფერი გიჭირს, რატომღაც გავიფიქრე, რომ ცუდად ხარ..."

ბოლო რამდენიმე წელია, შენს დაბადების დღეზე ჩემს ტელეფონს ვრთავ, აღარავის ვპასუხობ, ისე მაშინებს შენი წლები, ისე მაშინებს შენი ცუდად ყოფნა. მახსოვს, პირველი ნაოჭი, რომ შეგამჩნიე სახეზე, მთელი ღამე ვტიროდი.

როგორ შეიძლება ყველა დედა იყოს საუკეთესო ექიმი, მრჩეველი, სიხარულის გამზიარებელი და მადლიანი. ჰო, მესმის შეიძლება ყველა უკლებლივ არა, მაგრამ ქალი, რომელიც გადაწყვეტს, რომ იყოს დედა, ასეთი ხდება, ყველა კარგ თვისებას ერთიანად იძენს. ალბათ, მაშინ სასწაული ხდება.

ახლა ვზივარ და ჩუმად შენს ნაოჭებს ვითვლი, ვფიქრობ: როგორი გაგხადა წლებმა დედა? როგორც კი იწყებ: - ეჰ... არ განებებ, ახლა მე გეუბნები: გთხოვ, იბრძოლე, არ მოდუნდე, არ დანებდე ჩემი გულისთვის, სიცოცხლის გულისთვის, შენი გულისთვის, შენი უღირსი შვილის გულისთვის!

3 მარტი დედის დღეა. შესაძლოა ჩემი ბლოგი ძალიან ლირიკული ჩანდეს, მაგრამ ეს ჩემი სულის ემოციაა, ძალიან ბუნებრივი, რაც უცებ ვიგრძენი ამ გაღიზიანებულ და ცივ სამყაროში. მინდა, რომ დედებს მოვეფერო, ყველას გაზაფხულის მოსვლა მივულოცო.

ეს ბლოგი ეძღვნება ყველა დედას, ვინც შვილისთვის ღამეებს ათენებს; ვინც დღედაღამ გარეთ დგას სიცივესა და სიცხეში; ვისაც შრომისაგან დაკოჟრილი ხელები აქვს; ვინც შვილებს სწორ რჩევას აძლევს; დღენიადაგ მასზე დარდობს და იცის კარგი შვილის ფასი. ვისაც სიყვარულისთვის ყოველთვის სცალია. ყველა დედას, ვინც ახლა შვილის საფლავთან ზის, მასზე ფიქრობს და თავის დედობას იხსენებს.