სიტყვის, გამოხატვის, გამოხტომისა და მეტიჩრობის თავისუფლების ხარისხი საქართველოში - კვირის პალიტრა

სიტყვის, გამოხატვის, გამოხტომისა და მეტიჩრობის თავისუფლების ხარისხი საქართველოში

არ მესმის, რატომ ასოცირდება მედია ჭეშმარიტებასთან? შესაძლოა ის სიმართლეს უნდა "ღაღადებდეს", მაგრამ დღეს ეს პარალელები მეტისმეტია. ვერაფრით გამიგია, რატომ ასოცირდება რომელიმე და მით უფრო, მხოლოდ, ერთი ტელევიზია სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიასთან? ესეც იმდენად გადაჭარბებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს კოლეგებზე, თვით ქვეყნის დემოკრატიასაც შეურაცხყოფს და აზიანებს.

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოხტომისა და მეტიჩრობის თავისუფლების ხარისხი დღევანდელ საქართველოში ძალზედ მაღალია. დაფიქრებულხართ ოდესმე, როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობთ, მოიზარებთ თუ არა ობიექტურობასაც? ობიექტურობისა და კანონის გარეშე, თავისუფალი სიტყვა ნებაზე მიშვებული სიტყვაა, რომელიც ბოროტებას "აპრავებს" და ამას დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დღეს, როგორც ყოველთვის, პასუხისმგებლობები გვაკლია, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც. დღეს ერთი ტელევიზიაა "მსხვერპლი", ადრე სხვა იყო, მაგრამ ჩემთვის მტკივნეულია ის, რომ კვლავ დღის წესრიგში დგას შეკითხვა: მეტად დამთმობი თუ მაამებლური? ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების მაამებლური იქნებით თუ ე.წ ოპოზიციის, ანუ "ნაცების"? ("ფული ბაბაია, ფული!" - აი, ეს არის თქვენთვის მთავარი).

ხან ერთი ტელევიზია ქმნის ბელადებს და კერძო სამართალს, ხან - მეორე. სამწუხაროდ, დღესაც დემოკრატიას ჩემს ქვეყანაში ლამაზ ფასადად იყენებენ, "სიტყვის თავისუფლებას" კი - ლოზუნგად.

დღეს მედია ჭეშმარიტებას არ გამოხატავს. ის, უბრალოდ თავის თავს გამოხატავს და ამაში ცუდი ისაა, რომ საკუთარი თავის აღვირახსნილ სიყვარულს აქცევს კულტად და შემდეგ, მას მთელს საზოგადოებას ახვევს თავს (ჩვენს გარეშე ქვეყანას მომავალი არ ექნებაო). გთხოვთ, ამ გაწამებულ ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში.

ან ეს დემოკრატია რა გგონიათ? უბრალო მაგალითს მოვიყვან: წარმომიდგენია, როგორ მისცემდა დისკვალიფიკაციას BBC-ის რომელიმე პროდიუსერი ჟურნალისტს, რომ დაენახა, ის, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მსგავსად, პირდაპირი ჩართვის დასაწყისში, როგორ "ეჭიდავება" პოლიციელს, რომელიც ცდილობს ინციდენტის გამო შეღობილი ტერიტორიის შიგნით მოხვდეს. ასეთი, თითქოს უწყინარი, ზოგჯერ კი მნიშვნელოვანი დეტალები (რასაც ახლა არ ჩამოვთვლი) მრავლად არის და მას არანაირი კავშირი არა აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან.

წარმომიდგენია, რა პროცედურები შეიძლება გაეტარებინა ევროპის რომელიმე ქვეყნის მთავრობას, თუკი, რომელიმე ტელევიზია თავის არაობიექტურობასა და ზოგჯერ უზრდელობას, შიდა პრობლემების ფარგლებს გარეთ გატანით და საკუთარ ქვეყნისა და ხელისუფლების დაცინვით გაამართლებდა.

დაასახელეთ, რომელ განვითარებულ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ "სიტყვის თავისუფლება" არის: ვისაც რა უნდა, როგორც უნდა და სადაც უნდა ისე ამბობდეს, იქცეოდეს, აზიანებდეს და მერე, როგორც კი მიუთითებ, რომ შენი უფლებაც გაიხსენოს, ეგრევე თავისუფლების შეზღუდვაზე აპელირებდეს?

ბატონებო, განვითარებულ ქვეყნებშიც აქვთ პრობლემები, მაგრამ იქ კანონი მუშაობს ყველა დონეზე. კანონის სიმკაცრით ვერავინ გაბედავს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება. კანონი, რომელიც მე, როგორც უცხოელს, ქუჩაში მჯდომ ხელგამოწვდილ კაცს და მთავრობის ნებისმიერ წევრს თანაბარ პოზიციაში გვაყენებს. კანონი, რომელიც მედიის "უზნეობას" არ დაუშვებს.

ოთარ ჭილაძე გამახსენდა. ის 2006 წელს წერდა: " მედიამ აუცილებლად კი არ უნდა თქვას რაღაც ან აუცილებლად კი არ უნდა თქვას ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ მიუხედავად დაბრკოლებისა, ის უნდა თქვას, რისი თქმაც აუცილებელია ჩვენს დღეში მყოფი ხალხისთვის, რის გაგონებასაც ათასობით ჩემსავით დაბნეული ადამიანი ელოდება".

დღეს მედიას აქვს უდიდესი ბერკეტი წარმოაჩინოს რეალური პრობლემები. სინამდვილეში კი დაწყებულ ქაოსს აღრმავებს, ვითომ საქმეს აკეთებს. ხელისუფლება კი ამ ყველაფერს "იწყნარებს", რადგან, არც მას აწყობს "უფლებამოსილი" მოსახლეობა.

ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ თავზე დაგვემხობა, შეგახსენებთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "რუსთავი2-ის" მსგავს ტელევიზიებსა და მედიას, სადაც მხოლოდ ცინიზმისათვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.