"არასოდეს აღაზევოთ პოლიტიკოსები! მხოლოდ ზეწოლა!" - მოკლეს თუ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ობრონ ვო?! - კვირის პალიტრა

"არასოდეს აღაზევოთ პოლიტიკოსები! მხოლოდ ზეწოლა!" - მოკლეს თუ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ობრონ ვო?!

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისტორიას ერთეულები ქმნიან. ამჯერად ჩემს პროფესიაზე - ჟურნალისტიკაზე ვლაპარაკობ. ამ სფეროში, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც მეტად ხმაურობენ და არ "იბრძვიან". რომელებიც უფრო ჩანან, ან "მიიწერენ" სიტყვის თავისუფლებას და ფულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან,  რომლებსაც, პოლიტიკოსებთან მეგობრობა ყველაფერს ურჩევნიათ.

ერთხელ დავწერე, რომ მედია არა ჭეშმარიტებას, არამედ თავისთავს გამოხატავს-მეთქი და რატომღაც ბევრმა მხოლოდ ერთი ტელევიზია იგულისხმა. არადა, ზოგადად მედიას პასუხისმგებლობები აკლია. ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბოლომდე ერთგულები, მხოლოდ ერთეულები რჩებიან.

მედიის კრიტიკას დღეს არ ვაპირებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთები ჩემთვის "მაგალითები" არასოდეს იქნებიან. პროფესიონალები კი ყველა დროში იყვნენ და არიან, ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლის "მსხვერპლნი".

დღეს, თქვენთან ერთად გავიხსენებ პროფესიონალ ჟურნალისტს, რომელსაც არასოდეს შეეძლო დამეგობრებოდა პოლიტიკოსებს. თუნდაც შიმშილის შიშით აღარ ეთქვა კრიტიკული (და არა უცენზურო) სიტყვა. ეს ადამიანი ობრონ ვო გახლდათ.

ობრონ ვო "დეილი ტელეგრაფის" შეუცვლელი მიმომხილველი იყო. მის სტატიებს ასევე ხშირად ბეჭდავდა: "სპექტეიტორი" და "ივნინგ სტანდარტი". წლების განმავლობაში ბრიტანელი მკითხველი დილაობით ჩაის სმას ობრონ ვოს კომენტარით იწყებდა. წლების განმავლობაში ყოველ დილას ბრიტანელ პოლიტიკოსებს "დეილი ტელეგრაფის" გადაშლა მეხის გავარდნასავით ეშინოდათ.

მისი ნაწერები გემრიელი იუმორით, დახვეწილი ინგლისური ენითა და დაწყობილი ლოგიკით გამოირჩეოდა... ობრონ ვოს სტატიები ისეთი მსუბუქი და ღიმილისმომგვრელი იყო, რომ ერთი შეხედვით თითქოს ბავშვურად გულუბრყვილოც კი ჩანდა, მაგრამ მსუბუქი ხუმრობის მიღმა გონივრული ანალიზი იკითხებოდა. ეს იყო შეუვალი კომბინაცია პოლიტიკოსების გასამასხარავებლად.

ვერ იტანდა პოლიტიკოსებს. იმ ადამიანებს, რომლებიც მიგვითითებენ, რა უნდა ვაკეთოთ. სძულდა პოლიტიკა და მთავრობა.

რასაკვირველია, მტერიც ბევრი ჰყავდა. ის სრულყოფილად ფლობდა ყველაზე გამანადგურებელ ხერხს - სიცილს, როგორც მომაკვდინებელ იარაღს. წარმოიდგინეთ უამრავი ადამიანი იცინის შენზე და შენ პასუხის გაცემაც არ შეგიძლია.

ობრონ ვო ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტია და რადგან დღეს მას ვიხსენებ, მისი ჩანაწერებიდან რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: ჟურნალისტთა დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ობრონ ვო კიდევ ერთი თავისებურებით გამოირჩეოდა. ის არასოდეს მანიპულირებდა თავისი პროფესიით. მას, არასოდეს ჰქონია მეოთხე ხელისფულების ამბიცია და არც არასოდეს მიუჩნევია, რომ მედია ის ძალაა, რომელიც ქმნის მოვლენებს და რომელსაც მსოფლიოს გადატრიალება ძალუძს.

"თუ ჟურნალისტიკას რაიმე სტრუქტურული, ფუნქციური არსი აქვს, მაშინ ეს არსი სწორედ პოლიტიკოსთა გაცამტვერებაში მდგომარეობს", - ამბობდა ის.

"არასოდეს, არასოდეს აღაზევოთ პოლიტიკოსები, არასოდეს დაეხმაროთ პოლიტიკოსების აყვავების პროცესს! მხოლოდ ზეწოლა! მხოლოდ ამით მოახერხებთ, რომ ხელისუფლებამ თავის ძალაუფლებას არ გადაამეტოს", - ესეც მისი სიტყვებია. მას საშინლად აღიზიანებდა ის კოლეგები, რომლებმაც ვითომდა, რაღაც მორალური ტვირთი იკისრეს სამყაროს გაკეთილშობილების მიზნით, სინამდვილეში კი ისინი პოლიტიკოსებთან მეგობრობდნენ.

ჩემთვის საკმაოდ ძნელია არ დავეთანხმო მას.

2001 წელს "დეილი ტელეგრაფმა" მესამე მსოფლიო ომის დაწყებასავით ამცნო მისი გარდაცვალება საკუთარ მკითხველს. სხვათა შორის, ორბონ ვო საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მთელ ბრიტანულ მედიაში ერთადერთმა ჟურნალისტმა სახელად ჯეიმსმა გამოთქვა სურვილი, იქნებ მისი სიკვდილის ამბავი გამოძიებულიყო, მაგრამ ეს საქმე ჩაფარცხეს.

დღესაც კი, როდესაც მისი გარდაცვალების თარიღია, მას დიდი პომპეზურობით არავინ იხსენებს. მკითხველი ვინც მის წერილებს იცნობდა, შინაურულ წრეში თუ იტყვის: "ნეტავ მოკლეს თუ ბუნებრივად გარდაიცვალა ობრონ ვო?".

მისი ფასდაუდებელი იუმორნარევი წერილები კი შემორჩა ნამდვილ ჟურნალისტიკას.