"არასამთავრობოებო", რამდენი გადაგიხადოთ, რომ სიმართლეს ემსახუროთ?! - კვირის პალიტრა

"არასამთავრობოებო", რამდენი გადაგიხადოთ, რომ სიმართლეს ემსახუროთ?!

"ევროპული გამოცდილების ცრუ მქადაგებლობა";

"დემაგოგიური დისკუსია ქვეყნის მთავარ პრობლემებზე";

"საკუთარი ერის მუდმივი შეურაცხყოფა..." - კიდევ რამდენი დამახასიათებელი ნიშანი ჩამოვთავლო, რომ დღევანდელი "არასამთავრობოების" რეალური სახე წარმოვაჩინო?

როდესაც სიტყვა "არასამთავრობო" მესმის, სამწუხაროდ, პირველი, რასაც ვფიქრობ არის: "ნეტავ რამდენს უხდიან, რომ აღნიშნულ პრობლემაზე ასე ცალსახად ლაპარაკობენ-მეთქი".

და კიდევ მახსენდება, როგორ მითხრა ამასწინათ ნაცნობმა: "არასამთავრობოებში სერიოზულ თანხას მაინც იხდიან, ძალიან მინდა ვცადო". ის ოცნებობს მოხვდეს მსგავს ორგანიზაციაში, რომ კარგად იცხოვროს. დამავიწყდა მეკითხა, სავარაუდო თანხა დაესახელებინა რა იცოდა ამის შესახებ... მასთან საუბრისას პირველმა, რაც თავში გამიელვა ესაა: - მირჩევნია ვიყო ღარიბი, ვიდრე თუნდაც მილიონის ფასად ვილაპარაკო ის, რისიც თვითონ არ მჯერა; ან მხოლოდ დამიკვეთონ და ბრმად შევასრულო; ან ვხედავდე, რომ სიმართლესთან შესაბამისობაში არ არის, მაგრამ ფულისთვის მიღირდეს.

მოკლედ, კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომელიც თავად "არასამთავრობოებმა" შექმნეს, რომ დღეს ისინი არიან პროდასავლურები და დანარჩენი, მთელი ერი "პრორუსული" და ამასთანავე გაუნათლებელი. "არასამთავრობოები" ხშირად აპელირებენ ევროპული ქვეყნის გამოცდილებით, მაგრამ სინამდვილეში ეს არარეალურია.

ჩემი თვალთახედვით დღეს აქტიური "არასამთავრობო ორგანიზაციები" (გამოკვეთილად რამდენიმე მაინც) ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს საბოლოოდ შეაძულონ დასავლური ცივილიზაცია. ამასთანავე, დააკნინონ და გაათახსირონ ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოს წინაშე.

ერთ-ერთი მაგალითი ასეთია: თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ლგბტ პირსა და ჰეტეროსექსუალს შორის ჩხუბი მოხდა. ლგბტ პირმა ჰეტეროსექსუალი ჯერ გააღიზიანა და შემდეგ დაჭრა. პოლიციამ კი ჰეტეროსექსუალი დააკავა, რადგან რეალურად ვინც იყო დამნაშავე, ანუ ლგბტ პირი, რომ დაეკავებინა "ჩასაფრებული არასამთავრობოები" ერთ ამბავს ატეხდნენ: ეს "ბნელეთის მოციქული" ქართველი ერი რამდენს ბედავსო. მთელი მსოფლიოს თვალწინ კი, კიდევ ერთხელ დაგვამცირებდნენ (ჩანს პოლიციას შეეშინდა).

ისინი ხშირად წარმოაჩენენ პრობლემას თითქოს დასავლური ღირებულებები ცალმხრივად და უპირობოდ ლგბტ პირების დაცვაა, რაც ასე არ არის. ჩვენთან, ბევრ სეგმენტში ძველი სისტემა მუშაობს, რომლის კრიტიკაც არ ხდება და ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რას ნიშნავს არასაბჭოური სისტემით მოწყობილი ქვეყანა. არ იცის, რას ნიშნავს, როცა შენი ღირსება და უფლება დაცულია ყველგან და ყოველთვის.

არასამთავრობოებს ვეკითხები, რომელ ევროპულ ქვეყანაში ეძებენ მიზეზს საკუთარი ერის დასაკნინებლად? სად იცავენ მხოლოდ ლგბტ პირებს და არა ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლებებს? სად მალავენ მთელ რიგ უსამართლობებს?

განვითარებულ ქვეყნებშიც აქვთ პრობლემები (თქვენ ეს იცით), მაგრამ იქ კანონი მუშაობს ყველა დონეზე. კანონის სიმკაცრით ვერავინ გაბედავს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება.

კანონი, რომელიც მე, როგორც უცხოელს, ლგბტ პირს, ქუჩაში მჯდომ ხელგამოწვდილ კაცს და მთავრობის ნებისმიერ წევრს თანაბარ პოზიციაში გვაყენებს. თქვენ კი ამას ხალხს არ ეუბნებით, რადგან ამისთვის ფულს არ გიხდიან. მაშ, სადღაა თქვენი სიმართლე?

ჩვენ დღეს გვჭირდება რეალურად ქვეყნის პრობლემებზე მომუშავე, ეროვნული არასამთავრობოები, რომ სათანადო ოპონირება გაუწიონ უოპოზიციოდ დარჩენილ ხელისუფლებას და არა ფულზე გაყიდული.

ჩვენს ქვეყანაში, როცა ადამიანი დილით სახლიდან გამოდის და ფიქრობს, კიდევ ერთი დღე როგორ გადაიტანოს, ადამიანი, რომლის უფლება ყველგან ირღვევა, ყველანაირ პასუხისმგებლობას კიდევ მას ვაკისრებთ და ამასთანავე, ხან გაუნათლებელია, ხან ანტიევროპული, ხანაც პრორუსული. ეს უბრალოდ ცრუ-ევროპული პროპაგანდაა, რაც ერის გამოფიტვას იწვევს.

და ვიდრე ერიც და ბერიც ფეხზე გკიდიათ, კვლავაც ვიმეორებ იმ ფრაზას, რისთვისაც ტკივილით ვწერ ხოლმე ჩემს ბლოგებს: ევროპული ღირებულებები უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა "პრორუსულ თუ ანტიევროპულ ერზე", სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს