ვაი, სასამართლო, უი, მოსამართლეები - კვირის პალიტრა

ვაი, სასამართლო, უი, მოსამართლეები

როგორ ფიქრობთ, "ვაი" და "უი" ღირსების შემლახველი შორისდებულებია? ისეთი რაღაცეები ხდება ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ ამოვიოხრე და იმედია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ დამაკისრებენ.

ვინც ჯერ არ იცით, პრეზიდენტის, პარლამენტარის, ჩინოვნიკის, ლგბტ პირებისა და ნარკომანების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე მოსამართლის ღირსებასაც დაცვა სჭირდება?

ხალხი, სადღაა ხალხი? ჩვენს ღირსებას და უფლებას არ სჭირდება დაცვა?

კარგი, პრეზიდენტი ვერ ხვდებოდა, მერე პარლამენტი ვერ მიხვდა და ეხლა მოსამართლეებიც ვერ ხვდებიან, რომ თუ არ გვეყოლება ღირსეული მოქალაქეები და კანონი ყველასთვის არ იკანონებს, ვერასოდეს ჩამოვყალიბდებით ცივილურ და განვითარებულ ქვეყნად.

თუ "ნაციონალი" უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს "ჩიჩილაკს" ეს კრიტიკაა და ასატანი უნდა იყოს; თუ მერი ეტყვის ოპოზიციას "მაიმუნო ვირიშვილოს" ეს მთავრობისთვის "თავდაცვას" ნიშნავს; თუკი მოსამართლეს უწოდებენ "გაყიდულს" (რადგან, ვერც ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას ვერ ვიხსენებ), მაშინ მას თურმე პრესტიჟი ელახება.

არც ერთი მათგანი არ არის გამოხატვის თავისუფლება, როგორც ბევრს ჰგონია. ეს არის უზრდელობისა და ძალადობის თავისუფლება, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამას თითქოს ვხვდებით, თითქოს ვერა. "ბრძოლა" კი ცალ-ცალკე დაიწყო და "კასტებად" და "პრივილეგირებულ" ჯგუფებად დავიწყეთ ჩამოყალიბება.

უკვე წლებია დაუსრულებლად ვწერ, რომ ჩემთვის განვითარებული ქვეყანა არის დაცულობა და ღირებულებები, სადაც უპირველესი ფასეულობა ადამიანია, მაგრამ მე ვარ შეურაცხყოფილი ყოველდღე და თავს ვერ ვიცავ.

შეუძლებელია მოსამართლის ღირსება დაცული იყოს და ხალხის უფლებები მასიურად, ყოველ დღე ირღვეოდეს. შეუძლებელია მოსამართლის შეურაცხყოფა აიკრძალოს, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყოველ დღე შეურაცხყოფილია.

ბევრ ქვეყანაში ცილისწამება ან თუნდაც პირადი შეურაცხყოფა კანონით ისჯება, მაგრამ მოსამართლეების ახალი ინიციატივა იმ შემთხვევაში იქნებოდა მისაღები, თუკი ისინი ეთიკის ნორმების რეგულირებას ყველა ეტაპზე მოითხოვდნენ. ან, იქნებ, პირველ რიგში საკუთარი მარწუხებისა და მოძველებული სისტემის შესახებ დაეწყოთ ჩივილი.

დღეს, როცა მოსამართლეობის შესაფერისი კანდიდატის შერჩევისა და დანიშვნის არც კულტურა, არც გამოცდილება და რაც ყველაზე გულდასწაყვეტია, არც პოლიტიკური ნება არ არსებობს, ისინი წუხან მხოლოდ იმისთვის, რომ მათ "გაყიდული" არავინ უწოდოს.

იმ დროს, როცა მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტია დღეს ნულის ტოლია, სისტემაში მოხვედრა ადვილია, დისციპლინა არ არსებობს და თვითცენზურა თვალშისაცემია, მხოლოდ სწუხან არავინ უწოდოს " მიკერძოებული" ან გაბრაზებულ გულზე "მონები".

როგორც ერთმა ცნობილმა მოსამართლემ ერთ-ერთ ლექციაზე გვითხრა: "მურუსიძე აქ არაფერ შუაშია. მამაღმერთი, რომ ჩამოიყვანონ ზეციდან და დასვან მურუსიძის ადგილზე, იგივე დაემართება, რადგან სისტემაა ამის საფუძველიო", თუმცა მას სისტემის კრიტიკა საჯაროდ ეშინია და აბა, როგორ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას?!

მოსამართლე, რომელიც ვერ ხვდება, რომ ლანძღვა-გინება ყველა სფეროში, ყველა ურთიერთობაში უნდა აიკრძალოს და მეტი პასუხისმგებლობა მან უნდა იტვირთოს, ის სამართლიან გადაწყვეტილებას ვერასოდეს მიიღებს.

მოსამართლე, რომელიც ვერ ხვდება, რომ ცილისწამებისა და უფლებების დარღვევისგან პირველ რიგში მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულნი და ის არაფრით არის აღმატებული საკუთარ ხალხზე, ვერასოდეს მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

ჩემს ქვეყანაში მე და ჩემი თანამოქალაქეები ვართ დაუცველნი,

ცილისწამების მსხვერპლნი,

პირობების გარეშე დასაქმებულები,

ყველა სეგმენტში უუფლებოები,

მშივრები,

სისტემისა და ცენზურის მსხვერპლნი,

შეურაცხყოფილნი, რადგან ხალხს, როგორც უნდათ ისე გვიხსენიებენ და თავს ვერ ვიცავთ,

ადამიანური ღირსების გარეშე დარჩენილები და ეს ჩვენი მოსამართლეებისა და ხელისუფლებისთვის არაფრად ღირს.

ან კი, საერთოდ, ვისთვის და რისთვის ვდარდობ? ჩვენს ქვეყანაში ხალხი მეათეხარისხოვანია, ქვეყანას პატრონი არა ჰყავს, სამართალი კი მკვდარია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს