თუ არ ხარ თანამედროვე ქართული საზოგადოების სნობური ელიტიდან, პროვინციელთა ბომონდიდან და ლიბერალთა წრიდან, საერთოდ ვინ ხარ? - კვირის პალიტრა

თუ არ ხარ თანამედროვე ქართული საზოგადოების სნობური ელიტიდან, პროვინციელთა ბომონდიდან და ლიბერალთა წრიდან, საერთოდ ვინ ხარ?

მოვდიოდი და გზაში ვფიქრობდი, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა... რომ ჩვენ, ადამიანები ძალიან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ყველაფერი შევცვალოთ ამ ქვეყანაზე. მაგრამ, ალბათ საჭიროა გჯეროდეს, რომ პატარა ქვის გადაადგილება შენც შეგიძლია და ამით შეიძლება სხვას ბედნიერება მოუტანო. ალბათ, შენი ბედნიერების იმედიც უნდა გქონდეს ადამიანს...

სად არის ეს ბედნიერება? - ვეკითხები ჩემს თავს. სად არის ხალასი ცხოვრება?

მესმის, ეს კითხვები ძალიან პირობითია, ერთობ ლამაზად ჟღერს და ალბათ, ფიქრობთ, რომ "რომანტიკული" ბლოგი უნდა დავწერო, მაგრამ არა...

მეგობარს მთელი გულისტკივილით შევჩივლე: "მინდა, რომ რაღაც კარგი ვაკეთო, მაგრამ ამ ქვეყანაში კარგის კეთებაც შეუძლებელი გახდა-მეთქი". მან, ვითომ, დამამშვიდა: "ჩემო კარგო, თუ არ ხარ თანამედროვე ქართული საზოგადოების სნობური ელიტიდან, პროვინციელთა ბომონდიდან და ე.წ ლიბერალთა წრიდან, შენი დრო არ არის, ან საერთოდ ვინ ხარო".

ირონიის დრო არ მაქვს - ვფიქრობ. მთელი ტკივილით განვიცდი ყველაფერს. სად არის ჩემი ქალაქი? სად არის ადამიანური ურთიერთობები? რატომ არის მასიური სულის სიმშრალე? ისე, პროვინციელთა ბომონდი მართლა თვალში საცემია. მეღიმება. მინდა თავი ავარიდო და არ გამომდის.

ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს შეგნებულად თუ შეუგნებლად. რა თქმა უნდა, შეუცდომელი არც მე ვარ, მაგრამ შეცდომის აღიარება არ მიჭირს.

როგორც კი ვაღიარებ, სუსტად მთვლიან, ქილიკობენ, გრძელდება "ზემოდან ყურება", 100 წლის მერეც იგივეს გახსენება, აღარ სრულდება...

თუ ვინმე მიზანმიმართულ ბოროტებას მიკეთებს, მინდა, რომ გული მოვულბო, ნაწილობრივ პასუხისმგებლობას მეც ვიღებ, იქნებ, მეც გიბიძგე შეცდომისკენ - ვამბობ, მაშინ კი სრულ იდიოტად გთვლიან. ეს არც ქალაქური და არც ქრისტიანული ურთიერთობებია.

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, როგორ შეიძლება ქრისტიანული ქვეყანა გვერქვას და ამდენი ბოღმა, ეგოიზმი, გაუტანლობა, მოუთმენლობა გვახასიათებდეს. როგორ შეიძლება 10-ით სანთელს ვანთებდეთ და ყველაფერი კარგი გვეზარებოდეს, მათ შორის სითბოც და ღიმილიც.

არაერთხელ მინახავს ადამიანები, როგორ დაჟინებით სთხოვენ ფულს მღვდელს და როგორც კი თავისას გაინაღდებენ, ეგრევე ზურგს იბრუნებენ, მადლობის გარეშე გარბიან. ადამიანები გადაიქცნენ ზომბებად თუ რაიმე კარგს უკეთებ, ვალდებულად გთვლიან, რომ ეს ასე უნდა იყოს.

როგორ შეიძლება ეკლესიები სავსე იყოს მრევლით და ყოველდღე მხვდებოდეს ამდენი უსალმო, უმადლო, უღიმილო ადამიანი. შეუძლებელია ადამიანები გაფასებდნენ მხოლოდ იმ კრიტერიუმებით, თუ რა დოზით და რამდენად შეუძლიათ გამოგიყენონ და სხვა არაფრად ღირდე.

მე დღეს კიდევ ერთხელ დავმარცხდი. ის ჯგუფი, რომელიც ყველგან არის და მასიურად ცუდად გექცევიან ისე, რომ მიზეზიც არ იცით, რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ მათ დავემსგავსე. მათ აღარ ვიმჩნევ. გულში ქრისტეს სიტყვებს ვიხსენებ: "ნუ დაუყრით მარგალიტს ღორებს... რათა არ გათელონ და მობრუნდნენ და გაგთელონ თქვენც".

მინდა ძლიერი ვიყო. ასეთმა სუსტებმა არ გადამიბირონ, მაგრამ ჩემი შინაგანი მე მეუბნება: ცოტა ხანში მოთმინება, თანაგრძნობა და სიყვარული რუდიმენტად იქცევა. ჩვენთან კი არა ყველგან, რადგან მადლი ტოვებს ჩვენს სამყაროს. უნებურად ვეთანხმები საკუთარ თავს და მეღიმება.

სითბო მინდა და ამ ქვეყანაში სითბოს გაცემაც გაძნელდა. სიკეთე მინდა და ამ ქვეყანაში სიკეთის კეთებაც შეუძლებელია.

მოკლედ, მართლა გულით მინდოდა რაღაც კარგი მეთქვა დღეს თქვენთვის. ისედაც, ხომ მიეჩვიეთ ორლესული ნიჩაბივით ვწერო ყველაფერზე რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. დათმობა და ყველა სიტუაციაზე მორგება კი იმათ შეუძლიათ ვისზეც ზემოთ ვწერდი. ქვეყანა კი, რომელიც მუდამ დანის პირზე დადის და მუდამ გადამწყვეტი სიტუაცია უდგას, მშვიდად ვერ ვიქნები. ყველაფერს ტკივილით აღვიქვამ.

მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ სიყვარულისთვის სიცოცხლე ძალიან მოკლეა, მაგრამ მთავარია გჯეროდეს, რომ შენ რაღაცას შეცვლი. რაღაც ხალასი მინდოდა დღეს მეთქვა თქვენთვის და არ გამომივიდა. მაპატიეთ.

"პროვინციელთა ბომონდი" ჩვენს ქვეყანაში და მით უფრო ჩემს ქალაქში, მართლა აუტანელი და თვალში საცემია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს