უკლებლივ ყველა მამას - კვირის პალიტრა

უკლებლივ ყველა მამას

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ აი, ახლა, როცა ძალიან შორს ხარ, როცა წლების წინ დატოვე სამყარო, დავჯდებოდი და შენზე დავწერდი.

შენ რომ არა... მართლა არ ვიცი, სათქმელი ფიქრებში უკეთესად გამომდის.

ამასწინათ, ახალგაზრდა პოეტის აი, ამ ლექსს წავაწყდი და მივხვდი, რომ ის სიცარიელე შენ, რომ წახვედი ისევ გულში მაქვს:

"ღამეა, სხვათა შორის, განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი, ძალიან არაფერი, უბრალოდ მეწერება და ახლა, მამასავით მაკლია მამაჩემი..."

ვჩერდები, მერე ისევ თავიდან ვიწყებ... ვიგრძენი, რომ ამ ლექსს უშენოდ ვერ დავასრულებ. შუადღეს რედაქციაში უნდა ვიყო, იქნებ მაინც მოვასწრო, ვფიქრობ. ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ ხანდახან ხომ გვჭირდება ეს სიგიჟე. ვდგები ფურცლებს ვიღებ და შენს საფლავთან მოვრბივარ. ცხოვრებაში პირველად გიკითხავ ლექსს.

რა სულელია, არა, ადამიანი? აი, მაგალითად, მე. ყველაფერზე ვნერვიულობ, წვრილმანებს ჩავკირკიტებ, რაღაცას განვიცდი და მავიწყდება ადამიანები გავიხსენო, ლექსები წავიკითხო, ცას ავხედო, ცოტა ხანს შევჩერდე. სად გარბის ჩვენი ცხოვრება ნეტავ?

ნაწერს ვაკვირდები და ვგრძნობ, რომ ძალიან ბავშვური გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ თვალზე ცრემლი მადგას..

მოდი, სხვა მამებზე დავწერ. ჩემს გარშემო იმდენი კარგი მამაა. სულ ტყუილია, რომ ამბობენ მამები ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებენო.

ჩემი მეგობარი გოგი, როცა ლაშქორბაზე ქალაქგარეთ ვიმყოფებით, დღის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ რეკავს სახლში და კითხულობს: ბავშვები მოვიდნენ? ჭამეს? რამე ხომ არ უჭირთ?

ჩემი მეგობარი ერეკლე კი, ისე უვლის თავის პაწაწინა გოგოს, როგორც დედა მოუვლიდა. ერეკლე ალბათ მეტყოდა, კარგი მამა კი არა ნინი, "კაი ყმა", რადგან თუ კაცი "კაი ყმაა" ის კარგი მამაც იქნებაო.

კარგად მახსოვს, როცა ბარდნიდა და მამას სკოლიდან მოვყავდი ჩემს ხელთათმანიან ხელს მის ხელში მალავდა. როცა დედა საავადმყოფოში იწვა, საჭმელს მამა გვიკეთებდა. დღემდე დავეძებ ჩემი ბავშვობის სურნელს, რა გემრიელი იყო ღმერთო?

"ბავშვობას უმარილო კადრებად ვალაგებ და მშორდება იშვიათად რაღაცა ირონია, სხვას თავი დავანებოთ არც მეტი არც ნაკლები საბრალო მამაჩემი, აი ეს სტრიქონია..."

ამ სტრიქონმა ნეტავ თქვენშიც ისეთივე სევდა და ემოცია გამოიწვია, როგორც ახლა ჩემში, თუ ტყუილად ვაზიარებ?

როგორ მინდოდა ბევრი სითბო ჩაგღვროდათ გულებში, ძვირფასო მამებო. მაპატიეთ, თუ ისეთი არ გამომივიდა ჩემი ნაწერი, როგორიც ჩემს გულში ნაფიქრია.

იყავით უფრო თბილები და ყურადღებიანები. სიცოცხლე, ხომ ასე მოკლეა.

ეხლაც კი, როცა ვაკვირდები თქვენი თმის ფერისა და წამწამის ფორმას, ვხვდები, რომ ფორმა და ფერი სიცოცხლის საზრისია. ყოველივე არსებობს იმისათვის, რომ უბრალოდ იარსებოს. სიცოცხლის აზრი თავად სიცოცხლეა და არ სჭირდება კირკიტი.

დღეს, როცა მამა აღარ არის ამ ქვეყანაზე და დედა ავადაა, ისეთი იოლია ამის გაგება, მაგრამ ადამიანები მაინც პანიკაში არიან და ჩქარობენ. ნეტავ, გამაგებინა რის მიღწევას ჩქარობთ? საით გარბიხართ? ადამიანებო, შეჩერდით! იცით რა სასაცილოა ცდილობდეთ მიაღწიოთ იმას, რაც თქვენს მიღმაა? სიხარულის გარეშე, ხომ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ წინ. სიხარული კი, აი აქ არის, თქვენივე სხეულის შიგნით, თქვენს სულში.

აი, ქუჩაში ბერიკაცი მიაბიჯებდა და ალბათ, შვილზე ფიქრობდა. მინდოდა მეკითხა და ვერ გავუბედე.

დღეს ალბათ, შვილებიც მამებზე ფიქრობენ მხოლოდ...

"..და ასე უმეტესად ძალიან მეწერება და ასე იშვიათად, მეც მქვია მამაჩემი..."

ეძღვნება უკლებლივ ყველა მამას.

პ.ს და პოტენციურ მამებსაც.