რა საჭირო იყო უაზრო "საკომპენსაციო მარათონი"?
27-02-2012
ვინმემ იფიქრა, შეეძლოთ კი საქართველოს უკიდურეს კუთხე-კუნჭულიდან მოხუცებს ჩამოსვლა თბილისში, რათა თავად შეეგროვებინათ იმ ყბადაღებული სასამართლოს საბუთები?

ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილი რეპრესირებულთა კომპენსაციის შესახებ - რამდენიმე ასეულმა კაცმა დაგვირეკა: თუ ამ ხანდაზმულობის ჟამს ვინმე წაგვეშველება, დიდი შვებაა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანხა მივიღოთო. ჩვენც იმას ვეუბნებოდით, რაც ისედაც გვეწერა, - მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიაკითხოს, ხოლო სასამართლოში წარსადგენი რეპრესირებულობის დამადასტურებელი საბუთები სახელმწიფო არქივში უნდა მოიძიოსო.
რასაკვირველია, ვიცოდით, რომ ხანდაზმულთათვის აქეთ-იქით სირბილი იოლი არ იყო, მაგრამ გვეიმედებოდა, - რომ კომპენსაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა და გარჯა ამად ღირდა, მაგრამ რაც გამოვიდა, ამ წერილით შეიტყობთ.

კომპენსაციის საბუთების შესაგროვებლად თბილისის ცენტრალურ არქივში მისულს უამრავი აძიგძიგებულ-აკანკალებული მოხუცი დამხვდა. 162-ე ვიყავი. დღის ბოლოს ორასზე მეტი გავხდით. მეორე დღეს, დილის 7 საათზე მისულს, ისევ ორასზე მეტი კაცი დამხვდა რიგში - ღამენათევნი. გამწარებულმა მოხუცებმა კინაღამ დაჭამეს ერთმანეთი პირველობისთვის. 10 საათზე გაიღო არქივი და იქაც გაგრძელდა დავა. არქივის ხელმძღვანელს  მთელი საათი დასჭირდა მათ დასაშოშმინებლად. ერთი მოთქვამდა - სასამართლომ საბუთებში ხარვეზის გასწორება მთხოვა - თუ ორ დღეში არ გავასწორებ, კომპენსაცია მეკარგებაო. როგორც იქნა, საბუთები ასე წვალებით შევაგროვეთ და სასამართლომდე მივედით. საქმის განხილვამდე კი ზოგიერთმა ჩვენგანმა ვერც მიაღწია...
შინ დაბრუნებულმა ქუთაისელმა იუზა ნაცვლიშვილმა ოჯახს ახარა, - სასამართლომ საბუთები მიიღო, ახლა გვეშველებაო, იქვე, სახლის წინ ჩაიკეცა და გარდაიცვალა...
დალი გველესიანმა ჩააბარა საბუთები სასამართლოში. უკან დაუბრუნეს - ჩამოთვალე დედმამიშვილებიო. ჩემი დაბადებიდან მოკლე დროში წაუყვანიათ მამაჩემი, დედმამიშვილები საიდან მეყოლებაო, - გვითხრა გაოგნებულმა.

მარგალიტა ჯღარკავასაც დაუბრუნეს საბუთები - მთელი საგვარეულოს საბუთები მოსთხოვეს. ამდენი სირბილი სად შემიძლია, პენსია ავანსად ავიღე და ზევით-ქვევით სიარულში დავხარჯე. აღარ მინდა ასეთი კომპენსაცია, თუ დაიკარგება, დაიკარგოსო.
ამ საბუთების შეგროვების პერიოდში გარდაიცვალნენ მედეა გვალია და თემურ დრონკინი.
ვინ იცის, უკანასკნელი გროშები კიდევ რამდენმა დაახარჯა ადვოკატებს, რომ საბუთები შეეგროვებინათ. მე სოფელში ვცხოვრობ, მყავს ძროხაც, ხარიც, მაქვს სათბურიც, მაგრამ შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავს და ორი თვის პენსია ავიღე ავანსად, რომ საკომპენსაციო საბუთებისთვის მიმეხედა. ამასობაში, ჩვენმა პრეზიდენტმა ტელევიზიით გამოაცხადა, - რეპრესირებულები  კომპენსაციად  უახლოეს ხანში 300-300 ლარს უდავიდარაბოდ მიიღებენო.

მაშ, რაღა საჭირო იყო ეს უაზრო "საკომპენსაციო მარათონი"? გეკითხებით თქვენ, ვინც სათავეში ხართ: საერთაშორისო სამართალმცოდნეებო, თუ ისედაც გვეკუთვნოდა კომპენსაცია, რა საჭირო იყო მთელი საქართველოს რეპრესირებულ მოხუცთა და ამდენი ორგანიზაციის მუშაკთა აწრიალება? ტონობით ქაღალდის ზევით-ქვევით ფრიალი, გაგეცათ განკარგულება და მივიღებდით უხმაუროდ.
ეს არ იცოდნენ კუბლაშვილის, ურუშაძის და სხვათა უწყებებში "მოღვაწე გვამებმა"? ვინმემ იფიქრა, შეეძლოთ კი საქართველოს უკიდურეს კუთხე-კუნჭულიდან მოხუცებს ჩამოსვლა თბილისში, რათა პირადად შეეგროვებინათ ამ ყბადაღებული სასამართლოს საბუთები?
ჩვენ იმ 300 ლარის ნახევარი დახარჯული გვაქვს ქუჩა-ქუჩა წანწალში და 150 ლარისთვის ნერვების გლეჯა ღირს კი?

ვინ იცის, წამების რამდენი ხერხი არსებობს, მაგრამ რეპრესირებულთა ხელახალი
რეპრესია ნამეტანი "კარგი" გამოგონებაა.
ალბათ, მეტყვით, ვაშენებთო. დიახ, სათავეში იმიტომ ხართ, უნდა აშენოთ და ამშვენოთ ქვეყანა, კეთილდღეობაში ამყოფოთ საკუთარი ხალხი და არ დაგვამადლოთ დღეში ხუთჯერ მაინც - ეს წინა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, მე გავაკეთეო - თქვენს ღვაწლზე ხალხმა უნდა ილაპარაკოს და არა თქვენ. ხალხმა უნდა თქვას - "ის ურჩევნია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა"-ო.
ჩვენ, ქუთაისის "მემორიალის" წევრები, ხშირად დავდივართ მშობელთა სიმბოლურ ძვალშესალაგზე. ეს ადგილი დღეს შემოუკავებელია (არსებობს პროექტი, არ არის ფული!) და დაბურგალობენ ღორები, ძოვს პირუტყვი.

ამ სიბერეში, ორი წლის წინ, ოცი წლის წინ აშენებულ სამზარეულოს წლების განმავლობაში დაგროვილი მასალებით დავაშენე საცხოვრებელი სახლი. მას არც კარ-ფანჯარა, არც იატაკი და ჭერი აქვს, კედლები და სახურავია მარტო. დამრჩა შვიდი ათასი ლარი ვალი. სხვის ხელებში შემყურე არასდროს ვყოფილვარ. ვაწარმოებდი და ვაწარმოებ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. აქედან გარკვეულ თანხას ვინახავდი ანაბრის სახით ჩემი და ჩემი შვილების Nანგარიშებზე. ამ გაჭირვების ჟამს იქნებ დამიბრუნოთ ჩვენი ანაბრების თანხა დღევანდელი ეკვივალენტით, რომ დავასრულო სახლის მშენებლობა.
ამასაც სტრასბურგი სჭირდება?

რეზო ლალიაშვილი, ქუთაისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
15 წლის მარიკო სასიყვარულო სამკუთხედში პირველად აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
"ჩემი სახლის წინ მოედანია. აივანზე არ გავდივარ, რომ არ დავინახო, მეზობლები ფეხბურთს როგორ თამაშობენ. სულ მძინავს ან ფილმებს ვუყურებ. ხანდახან ვფიქრობ, არ დავემორჩილები ექიმს, გავრისკავ და ჩემს გუნდში დავბრუნდები-მეთქი..."
დაწვრილებით...
"მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განიკითხავენ - დამპყ­რობს ემსახურებოდითო."
დაწვრილებით...
"ჩემი იდეაა, წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო წრიულ კონსტრუქციაზე, რამდენიმე ენაზე ოქროსფერი ასოებით ამოვკვეთოთ სიტყვა "თავისუფლება"
დაწვრილებით...
ოთარ იმნაიშვილი: "თემქაზე, "ინჟმშენის" მე-5 სამმართველოს ბაზაზე შპს "მშენებელი-5" შევქმენით, სწორედ ამ ობიექტის დაბრუნებისთვის 12 წელია ვიბრძვით"
დაწვრილებით...
"იმ დღეს რა დამავიწყებს, - ჩვენს ეზოში ტრაქტორს მამაჩემი და ბიძაჩემი დაუწვნენ. მძღოლი არც შეჩერებულა, ორივე ტრაქტორის ციცხვით აიყვანა და განზე გადაყარა... "
დაწვრილებით...
მშობლებისთვის სიმართლის გამხელის მეშინია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...
დაწვრილებით...
"თუ რეაგირება არ მოხდება, ჩვენი სკვერის დასაცავად ქუჩაში გამოვალთ"
დაწვრილებით...
"ძვირფასო იტა, 50 წელი ცოტა აღმოჩნდა­ იმისთვის, რომ მეგობრებს ერთმანეთი გვეპოვა და კვლავ ერთად გვემღერა "თბილისო" და "ზლატა პრაღა"
დაწვრილებით...
"სიმართლე გითხრათ, მამის ნახვა არ გამხარებია. ის კი პირფერად ჩამეხუტა და მითხრა, შენი უმცროსი დაიკო გაიცანიო."
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად! ახალაშენებულში სასტუმროს ტიპის
იყიდება 3-ოთახიანი, 82 კვ.მ. ფართის
იყიდება ფართი მ აღმაშენებლის ხეივანში,
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ჩარგლის ქუჩაზე
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები