ვინ იყო ქართველი მეფე, რომელმაც შაჰ-აბასის გვერდით დასაფლავება მოისურვა? - კვირის პალიტრა

ვინ იყო ქართველი მეფე, რომელმაც შაჰ-აბასის გვერდით დასაფლავება მოისურვა?

რედაქციაში წერილი მივიღეთ, მკითხველი გვწერდა: სამშობლოს ისტორიის კარგი და ცუდი მხარეებიც ყველამ უნდა ვიცოდეთ. ამიტომაც ძალიან დამაინტერესა, როცა ამას წინათ ახსენეს, ერთმა ქართველმა მეფემ შაჰ-აბასის გვერდით დასაფლავება მოისურვა და დაასაფლავეს კიდეცო. ვინ არის ეს მეფე?

რამაზ თვალაბეიშვილი

სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი, პროფესორი:

- ეს გახლდათ როსტომ-ხანი (1633-1658), პირველი გამაჰმადიანებული ქართველი მეფე. მან ყველაფერი გააკეთა ირანის ინტერესების შესაბამისად. ის გამაჰმადიანებული დაუთ-ხანისა და წავკისელი გლეხის ქალის უკანონო შვილი იყო. სპარსეთში დაიბადა და სპარსულადვე აღიზარდა, თუმცა ქართული ენა კარგად იცოდა. მან აღზარდა შაჰ-აბას II და ტახტზე ასვლაშიც დაეხმარა. აღზრდილმა დაუფასა ამაგი, ჯერ ირანის ტარუღად დანიშნა, მერე, 67 წლის როსტომად სახელდებულ ხოსრო-მირზას ქართლის მეფობა უბოძა...

პოლიტიკური კავშირის განსამტკიცებლად როსტომმა ცოლად სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის და, გურიის მთავრის ნაცოლარი მარიამი შეირთო.

ქართველთა თვალის ასახვევად როსტომმა ხელი არ შეუშალა დედოფალ მარიამს ქართული საქმეების აღსრულებაში. როსტომ-ხანმა აღადგინა დანგრეული ეკლესიები, დაიწყო სამონასტრო ყმების გათარხნება, შესაწირავის გაღება, განაახლა ციხეები, კეთილმოაწყო გზები, ააშენა ხიდები, ქარვასლები, ახალი ქალაქები, მაგრამ პარალელურად შენდებოდა მეჩეთები და ძლიერდებოდა მაჰმადიანობა.

სასახლის კარი სპარსულ ყაიდაზე გარდაიქმნა, სახელმწიფო მოხელეთა ქართული სახელწოდებები სპარსულით შეიცვალა, მკვიდრდებოდა ცხოვრების ყიზილბაშური წესი. როსტომმა დაახრჩობინა ევდემოს კათოლიკოსი, რადგან იგი მის ანტიქართულ პოლიტიკას ამხელდა.

XVII საუკუნეში თბილისში სტუმრად მყოფი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა, ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა სომხების ხელშია გადასულიო (სპარსელები დიდად მფარველობდნენ ვაჭრობაში დახელოვნებულ სომხებს, რადგან ირანს აღებმიცემობის განვითარება სჭირდებოდა). როდესაც როსტომი გარდაიცვალა, ანდერძისამებრ, წაასვენეს და დაკრძალეს ყუმში, თავისი სათაყვანებელი აღზრდილის, შაჰ-აბას II-ის გვერდით.