"მანდ, სამშობლოში, თავისუფლად სუნთქავ..." - კვირის პალიტრა

"მანდ, სამშობლოში, თავისუფლად სუნთქავ..."

"ფეისბუკში" ნანა გერაძის და მისი შვილიშვილის წერილებს წავაწყდი. მიმოწერიდან შევიტყვე, რომ ამდენი წლის შემდეგ ქალბატონი ნანას შვილი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებულა

გარშემო იმდენი ავი რამ ხდება, კარგი გვიკვირსო, - წუხს ბევრი, მაგრამ შეუძლებელია, მხოლოდ ცუდი არსებობდეს! ოღონდ ეგ არის - ცუდი უკეთ ჩანს, ვიდრე კარგი. ამიტომ ყველაფერში კარგი უნდა ვეძიოთ.

ერთ ქალბატონს ვიცნობ, ნანა გერაძეს. ოჯახის სარჩენად, სხვა ჩვენი ქალებივით, ისიც უცხოეთშია გადახვეწილი. წლების განმავლობაში განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანზე სტატია არ დამიწერია, საბერძნეთიდან დახმარების ხელი რომ არ გამოეწოდებინა. მერე დიდი უბედურება დაატყდა თავს - უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ამას ბევრი ვერ უძლებს. მეგონა, რომ ისიც დაეცემოდა, მაგრამ მორიგი სტატიის გამოქვეყნებისთანავე დამირეკა, - რაც გამაჩნდა, შენი რესპონდენტის ანგარიშზე გადმოვრიცხეო. მერე მითხრა, - აქ ჩემი მეორე ვაჟი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილები, მირიანი და ცოტნე, ბერძნულ სკოლაში სწავლობენ. იმედი მაქვს, დადგება დრო და ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდება - ორი ქართველი ვაჟკაცი რატომ უნდა დააკლდეს საქართველოსო!

ამის შემდეგ აღარ შემხმიანებია. ამას წინათ კი "ფეისბუკში" ბარათების ფოტოები აღმოვაჩინე - ქალბატონი ნანას და მისი შვილიშვილის წერილები აღმოჩნდა. მოკლედ, როგორც შევიტყვე, ქალბატონი ნანას შვილი ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნებულა... ახლა მინდა, ეს წერილები თქვენც წაიკითხოთ - სანამ ჩვენში ბებიასა და შვილიშვილებს ერთმანეთის ასეთი სიყვარული შეუძლიათ, სანამ ბებიები შვილიშვილებისთვის ძალ-ღონეს არ ზოგავენ და სამშობლოსაკენ უთითებენ, სანამ ასეთი ფესვები ცოცხლობს, ჩვენი ჯილაგიც იცოცხლებს.

საყვარელ ბებიას მირიანისგან:

"გამარჯობა, ნანა ბებო. როგორ ხარ? ძალიან მომენატრე, ძალიან მიყვარხარ. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოხვალ და როდის გნახავ. მე სწავლა არ მიჭირს, სულ კარგ ნიშნებს ვიღებ. მომიკითხე ნათია დეიდა, ირმა, მასწავლებლები, მეგობრები, გიორგი და იოანა, პანაიოტი.

გკოცნი ბევრს".

ნანა ბებოს წერილი შვილიშვილებს:

"მირიან, მივიღე შენი წერილი, რომელმაც ძალიან გამახარა. დიდხანს ვიყავი მასში თავჩარგული და ვეძებდი იმ პატარა ხელების სითბოს, ბებიას წერილი რომ მოსწერეს. ვეძებდი იმ პატარა გულს, რომელსაც ბებია ენატრება. მინდოდა მენახეთ შენ და ცოტნე, გულში ჩამეკრა ორი პატარა კაცი, რომელსაც ბებია ენატრება. მიხარია, რომ კარგად სწავლობთ და, რაც მთავარია, თქვენს, ჩვენს სამშობლოში სუნთქავთ და ცოცხლობთ...

დაიხსომეთ, სადაც უნდა იყოთ და როგორც უნდა იყოთ, სამშობლოს ფასი მაინც არაფერია... მანდ, სამშობლოში, ყველაფრის მიუხედავად, თავისუფლად სუნთქავ...

ძალიან მიყვარხართ, მენატრებით, მაშინაც კი მენატრებოდით, როცა ჩემ გვერდით იყავით და ახლა მით უფრო, როცა ჩემგან შორს ხართ. იმედი მაქვს, როცა გაიზრდებით, სამშობლოსაც გამოადგებით და დედ-მამასაც. ბებიასაც ხომ მიხედავთ სიბერეში?

და თუ ასეთი კარგები იქნებით, აღარ შემაწუხებს წნევა და აღარ დამჭირდება წამალი. თქვენ, ჩემი შვილიშვილები, ხართ ჩემი ნავსაყუდელი და თქვენზეა დამოკიდებული ჩემი დარჩენილი სიცოცხლე, რომელსაც მხოლოდ თქვენთვის გავლევ.

გკოცნით ბევრს, თქვენი ბებია ნანა".